ბათუმში გიორგი ხმალაძის მიერ 2013 წელს დაპროექტებულმა მაკდონალდსისა და ბენზინგასამართი სადგურის კომბინირებულმა შენობამ ახლახან გაიმარჯვა არქიტექტურული ვებ-გვერდის ArchDaily-ს კონკურსში – „წლის საუკეთესო შენობა“.
პროექტი განთავსებულია ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ ახლად ურბანიზებულ ნაწილში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს. იგი მოიცავს ბენზინგასამართ სადგურს, მაკდონალდსს, რეკრეაციულ ზონასა და აუზს.
ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე, სასურველი იყო, რაც შეიძლება დიდი ადგილი დათმობოდა სარეკრეაციო ზონას, ამასთანავე, არ შეფერხებულიყო სატრანსპორტო მოძრაობაც. საბოლოოდ, შედეგად მივიღეთ რამდენიმე ფართი მოქცეული ერთ სივრცეში.
ფართი ისეა განაწილებული, რომ ორი მთავარი შემადგენელი ნაწილი – სატრანსპორტო მომსახურება და სასადილო ერთმანეთისაგან იზოლირებულია როგორც ფიზიკურად, ისე ვიზუალურადაც. ასე რომ, საწვავით მომსახურების ყველა ოპერაცია აბსოლიტურად დაფარულია იმ ხედიდან, რომელსაც მაკდონალდსის მომხმარებლები გასცქერიან.
სასადილო ფართის ნაწილიდან იშლება ხედი გარეთ არსებული აუზისა, ხოლო ნაწილი კი უჭირავს ღია ცის ქვეშ არსებულ ეზოს, რომელიც შენობის ზედა დონეზეა განთავსებული და დახურულია ყველა მხრიდან, სიმშვიდისა და სიწყნარის შესანარჩუნებლად. მცენარეული საფარი, რომელიც გაშენებულია ბენზინგასამართი სადგურის უზარმაზარ სახურავზე, ბუნებრივ გარემოს ქმნის ტერასაზე.
www.archdaily.com
თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა