„საუკეთესო მაკიაჟი ქალისთვის არის ვნება, მაგრამ კოსმეტიკის ყიდვა უფრო ადვილია“ – ივ სენ ლორენი.
როგორც წესი, მამაკაცებს არ უყვართ ზედმეტად გადაპრანჭული ქალები და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს სადა მაკიაჟის კეთება და ის, თუ როგორი „მეიქ აფი“ შეეფერება ამა თუ იმ წვეულებას, ან დღის მონაკვეთს.
სწირად გაკეთებული მაკიაჟი ხაზს უსვამს ქალის სილამაზეს და ფარავს მის ნაკლებს, გვიჩვენებს მის ხასიათს და ჰმატებს შარმსა და სექსუალურობას. თუ ყოველდღიური მაკიაჟი უნდა იყოს სადა და ნაზი, ახალ წელს ნებისმიერ ექსპერიმენტზე შეგვიძლია წასვლა. არ უნდა შეგვაშინოს არც მკვეთრმა ტუჩსაცხმა და არც თვალის ბრჭყვიალა ჩრდილებმა. მთავარი მხოლოდ ფერთა სწორი შეხამებაა.
ნებისმიერი მაკიაჟის წარმატების ფორმულა თანაბარი ფერის მბზინავი სახის კანია. იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ ტონალური საშუალება, ყიდვისას ნიკაპზე უნდა შეამოწმოთ მისი ფერი. ტონის თანაბრად გადანაწილებას გააადვილებს მისი მკვებავ კრემთან შერევა. მოყვითალო ფერის ტონალური საშუალება კარგად ფარავს სიწითლეებს სახეზე.
დაიმახსოვრეთ: ტონალური საშუალება აუცილებლად უნდა წაისვათ სახის ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით!
რაც შეეხება რუჯს, ატმისფერი და ვარდისფერი უხდება ღია ფერის კანს, ხოლო იასამნისფერი და მარჯნისფერი – მუქი ფერისას.
როგორც წესი, თეთრი ფერის კანს უხდება თბილი ფერების თვალის ჩრდილი (ოქროსფერი საახალწლოდ), ხოლო ხორბლისფერ კანს – ცივი (ვერცხლისფერი საახალწლოდ).
იდეალური „ისრების“ დასახატად რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალიწინოთ:
1) წაისვით თვალებზე ცოტაოდენი ტონალური საშუალება.
2) წაისვით ლაინერი თვალის შიდა წერტილიდან გარე წერტილის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდგომ „აპრიხეთ“ თქვენი „ისარი“ სასურველ სიმაღლემდე.
3) ყოველთვის გამოიყენეთ ჯერ ლაინერი და შემდეგ ტუში! წინააღმდეგ შემთხვევაში წამწამები შეგეწეპებათ.
იდეალური ტუჩების შესაქმნელად არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი:
1) ისევ და ისევ, პირველ რიგში, წაისვით ცოტაოდენი ტონალური საშუალება ტუჩებზე (ეს ფერს სიმდგრადეს მისცემს).
2) ტუჩის ფანქარი ტუჩსაცხზე უფრო ღია ფერის უნდა იყოს.
3) ქვედა ტუჩის ცენტრში წაისვით მბზინავი საცხი, ეს ვიზუალურად გაზრდის მათ.
4) ტუჩსაცხის წასმისას აუცილებლად გამოიყენეთ ფუნჯი.
და ბოლოს, დაიმახსოვრეთ: თუ აქცენტს აკეთებთ თვალებზე, ტუჩები ყოველთვის სადა უნდა იყოს და პირიქით!
მარიშა მინაზარიშვილი