ვინ იცოდა, რომ „ჯვაროსნების“ წყალობით ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშებოდა. 18 ნოემბერს ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიელ თანატოლებს უმასპინძლა. 6 ფეხბურთელი იყო იმ გუნდიდან, რომელთანაც 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, 2012 წლის 13 მაისს დავმარცხდით.
ქართველებმა თამაშის დასაწყისშივე უპირატესობა მოიპოვეს. მე-11 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა 1:0. სანახაობრივი მატჩი გსმოვიდა. ტაიმის მიწურულს ჟივკოვიჩმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
ჯვაროსნებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. მოედნის ცენტრიდან გიორგი აბურჯანიამ ბურთი წაიღო 3 მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ეფექტური გოლი გაიტანა. (2:1) ქართველების ზუსტი თამაშისა და ჯვაროსანთა მეკარის ზუსტი მოგერიებით ჰოლანდიელებმა ვერაფერი შეცვალეს.
მატჩი მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა შეაფასეს:
ვიმ ვან ზვამ: „ჩვენ თამაში წავაგეთ, ხოლო უელსმა მოლდოვა 6:0 დაამარცხა და ელიტრაუნდის მიღმა დავრჩით. ბიჭები გულგატეხილები არიან. შეგვეძლო 2:2 გვეთამაშა და გადავრჩებოდით. ფეხბურთში გოლები მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჯერ კიდევ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან გვახსოვს, როდესაც 10 ფეხბურთელით 79-ე წუთამდე გვებრძოდა. ამ გუნდს ვიცნობდით და თვალს ვადევნებდით. მინდა აქცენტი მეორე გოლზე გავაკეთო. ქართველმა ფეხბურთელმა ნახევარი მოედანი ისე გაიარა, რომ ხელი ვერ შევუშალეთ. ეს ახალგაზრდული ფეხბურთია და საქართველო დღეს უფრო ძლიერი იყო.“
ვასილ მაისურაძე: „მადლობა ბიჭებს, ჩემ გვერდით მდგომ ადამიანებს, მერაბ კაციტაძესა და მთლიანად სტაფს. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგად ვითამაშებდით. დასახულმა მიზანმა ფრთები შეისხა. ჰოლანდია ევროპული ფეხბურთის ფლაგმანია და მისი დამარცხება იოლი არაა. ესაა მთელი საქართველოს წარმატება, ჩვენი ფეხბურთის წარმატება. შეიძლება ითქვას, შური ვიძიეთ შარშანდელისთვის და ჰოლანდია ჯგუფში ჩავტოვეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ტურნირის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიგვიღო და დაგვლოცა. ყველაფერი ადამიანის ნებით და ღვთის მადლით ხდება. ჯგუფში ორი გამარჯვების შემდეგ, ვიცოდი, რომ ჰოლანდიას მოვუგებდით.“
მათე ცინცაძე: „მადლობა ვასილ მაისურაძეს, მადლობა ბიჭებს. ამ გამარჯვებისვის ვემზადებოდით, მოედანზე 100 პროცენტით მობილიზებული გავედით და ჰოლანდია ჯგუფში ჩავტოვეთ.“
გიორგი აბურჯანია: „ბედნიერები ვართ გავიმარჯვეთ. ჰოლანდისათან რევანში ავიღეთ და ჯგუფში ჩავტოვეთ. დამსახურებულად მოვიპოვეთ ელიტრაუნდში თამაშის უფლება.“
დღესვე მე-11 ჯგუფის მეორე მატჩი „დინამო არენაზე“ უელსისა და მოლდოვას შორის გაიმართა. შეხვედრა უელსელთა გამარჯვებით 6:0 დასრულდა.
საქართველოსთან წაგებითა და უელსეთა გამარჯვებით ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ელიტ რაუნდის კენჭისყრა 28 ნოემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქეები ცნობილი გახდება.
მოამზადა ხატია ცარციძემ
ფოტოგრაფი ვახო ხეთაგური