5 წლიანი პაუზის გაგრძელება – თსუ-ის კალათბურთის გუნდი „თბილისი არენაზე“ დამარცხდა

სპორტი

გუშინ, 8 ნოემბერს, „თბილისი არენაზე“ თსუ კალათბურთის გუნდმა გერმანულ გოტინგენს ევროპის თასის მეოთხე ტურზე უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით 85-86 დამთავრდა.

თამაში საინტერესო და დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით დაძაბული იყო ბოლო წუთები, როდესაც თბილისური კლუბი ერთი ქულით იგებდა, თუმცა გოტინგენმა ანგარიშის შემობრუნება მოახერხა. გუნდში ახლადგადმოსულმა რატი ანდრონიკაშვილმა ბოლო მეოთხედში კარგი შედეგი აჩვენა. მან მატჩი 31 ქულით დაასრულა და მოთამაშეთა სტატისტიკის პირველ ადგილზეც მოხვდა.

„დასანანი მარცხი იყო, ფაქტობრივად ერთმა შეტევამ გადაწყვიტა თამაშის ბედი“ , -ამბობს თსუ-ის კალათბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი.

სუპერლიგის გამარჯვებულები, გერმანულ გუნდს, ფიბა ევროპის თასის პირველ ტურშიც შეხვდნენ. მაშინაც ღირსეულად იბრძოლეს და ბოლო წუთზე ლიდერები, საბოლოოდ დამარცხდნენ.

15 ნოემბერს, მომდევნო ტურში თსუ კერავნოსს სტუმრად შეხვდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ქართული გუნდი მესამე ადგილზეა.

ავტორი: მარიამ ბარამიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები