1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზატორობით პროექტი „გაეროს მოდელირება 2013“ ჩატარდა. პროექტის წლევანდელი თემა პალესტინელი ხალხის უფლებები იყო.
პროექტში მონაწილეობდა წინასწარი გასაუბრებითა და შევსებული აპლიკაციით გამოვლენილი თსუ-ს 30 სტუდენტი; თითოეული მათგანი წარმოადგენდა კონკრეტული ქვეყნის პოზიციას, მათ შორის იყო საქართველოსა და ისრაელის პოზიციებიც. ღონისძიება გაიხსნა თსუს რექტორის მოადგილის, მერაბ ელიაშვილის მისასალმებელი სიტყვით. დელეგატის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში – თორნიკე ზურაბაშვილმა, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა – მამუკა ბერიაშვილმა და გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში – ნილს სკოტმა.
პროექტი „გაეროს მოდელირება 2013 “ რამდენიმე ნაწილად დაიყო: მისასალმებელი სიტყვა, შემდეგ თითოეული დელეგატის მიერ თავისი პოზიციის წარდგენა, დებატები, პროტოკოლის წარდგენა, დაჯილდოვების ცერემონია.
მოდელირების ფარგლებში გამოვლინდა ერთი საუკეთესო მონაწილე დებატისა – ნათია ბენდელიანი (ირანის პოზიციის წარმომადგენელი) და ერთი საუკეთესო დიპლომატი -მარიამ კუბლაშვილი (რუსეთის პოზიცია), გარდა ამისა, ჟიურის სიმპათია გახდა ბახვა კვირიკაშვილი, ხოლო ნომინაციაში „ყველაზე ნაციონალური მონაწილე“, გაიმარჯვა გიორგი ჩერქეზიამ (ეგვიპტე), თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის სიმპათია გახდა ირაკლი ლუხოშვილი-პოლონეთის წარმომადგენელი. გამარჯვებულებს გადაეცათ წიგნები, თსუ-ს სუვენირები, მოსაწვევები კინოთეატრში, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.
პროექტის პარტნიორები იყვნენ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს ასოციაცია საქართველოში.
სოფია ანთაური