განათლების სამინისტროს დაევალა, „სტუდფესტი 2026“-ის ღონისძიებებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყოს

სტუდZona

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ახალგაზრდობის სააგენტოს დაევალა, „სტუდფესტი 2026“-ის სრულფასოვნად ჩატარების მიზნით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის 662 108.00 (ექვსას სამოცდაორი ათას ას რვა) ლარის ოდენობით დაფინანსება უზრუნველყოს.

განკარგულებას, რომელიც 29 აპრილით თარიღდება, ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

„სტუდფესტი 2026“-ის გახსნის ღონისძიება 1-ელ მაისს რუსთავში გაიმართა, საფესტივალო დღის პირველი ნაწილი კი რუსთავის სპორტის სასახლეში მოწყობილ სპორტულ ასპარეზობებს მიეძღვნა.

ფესტივალის ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებები რუსთავის გარდა, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება.

წელს, ახალგაზრდულ ღონისძიებაში 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას კი ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ფესტივალი 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება და საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის ათასობით სტუდენტს აერთიანებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები