საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონიას განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლა ხდება სრულიად უფასო და ეს შეეხება როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურის დონეებს 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ დღეს, 9 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, სადაც ახალი რეფორმის შესაბამისად, სპორტისა და განათლების კომიტეტებზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.
„პირველი პაკეტი ეხება მმართველი გუნდის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და პირველი ცვლილება ეხება სწორედ ამ ნაწილს. არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში და ანუ სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შევა “განათლების ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონში. “კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტის და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ამოღება კანონიდან”, – წერია საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ თანმდევ კანონპროექტში.




