„არ გამოიყენოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში დამონტაჟებული დამტენები“, – გამოძიების ფედერალური ბიურო

შემეცნება

FBI ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ გამოიყენონ საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა და თავშეყრის ადგილებში განთავსებული ტელეფონის დამტენი დენცქვიტები, რადგან შესაძლებელია, რომ მათი მოწყობილობა პროგრამულად დაზიანდეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოძიების ფედერალური ბიურო Twitter-ზე წერს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებულ დამტენებს დანაშაულებრივი ჯგუფები ინფორმაციის მოსაპარად და ვირუსულ პროგრამების გასავრცელებლად იყენებენ.

„ატარეთ საკუთარი დამტენი და USB კაბელი“, – ვკითხულობთ სააგენტოს გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს მეტროებსა და ავტობუსებში მსგავსი ტიპის USB კაბელის შესაერთებელ დამტენებს ახალგაზრდები და სტუდენტები აქტიურად იყენებენ, მაგრამ არავინ იცის, თუ რამდენად შესაძლებელია მისი ბოროტად გამოყენება.

აშშ-ში საჯაროდ განთავსებული დამტენების საკითხი 2011 წლიდან აქტუალურობას არ კარგავს, რადგან იგი უსაფრთხოების ექსპერტების მხრიდან მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლს გადის.

„თქვენს ტელეფონში დამტენის შეერთებით თქვენი მოწყობილობა შესაძლოა ჩვეულებრივად დაინფიცირდეს, რაც ასევე გამოიწვევს თქვენი პირადი ინფორმაციის გაჟონვას“, – განაცხადა CNN-თან უსაფრთხოების ექსპერტმა, დრუ პაიკმა.

აღსანიშნავია, რომ კაბელი, რომელსაც ტელეფონის დასატენად იყენებთ, აგრეთვე გამოიყენება ინფორმაციის ერთი მოწყობილობიდან მეორეში გადასატანად. მაგალითად, როდესაც თქვენს ტელეფონს კომპიუტერთან აერთებთ, შესაძლებლობა გეძლევათ, რომ ფოტო, ვიდეო, აუდიო, თუ სხვა სახის პირადი მასალა ტელეფონიდან კომპიუტერში გადაიტანოთ.

რასაკვირველია, თანამედროვე ტელეფონებს აქვთ იმის ფუნქცია, რომ მსგავსი შემოჭრისგან თავი დაიცვან და უმეტეს შემთხვევებში USB კაბელი მხოლოდ დამუხტვის ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ თუ პორტი დაზიანებულია, ჰაკერებს ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები