სწავლა აუდიტორიაში, ძილი ქუჩაში! – თსუ-ში დასწრებული სწავლის აღდგენა დღესაც გააპროტესტეს

უნივერსიტეტების სიახლეები

„განათლების უფლება ყველას“, – ამ მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ სტუდენტების ის მცირე ნაწილი გამოვიდა, რომლებიც თსუ-ში დასწრებულ რეჟიმში განახლებას არ ეთანხმება.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის შენობაშიც შევიდნენ და ფანჯრებიდან, პროტესტის ნიშნად, ბანერი გადმოფინეს. 

როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ეკატერინე მაისურაძემ  STUDINFO.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მათ შეკითხვებს გაურბიან. მისივე ინფორმაციით, არ დაწყებულა არც რექტორის მიერ შეპირებული კამპანია, რომელიც რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების შეფარებას ეხებოდა.

„არანაირი პროექტი არ დაწყებულია, რექტორთან შეხვედრაზე ჩვენ ნომრებიც კი გამოგვართვეს და შეგპირდნენ, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა არავინ არ შეგვხმიანებია და არავის არანაირი პროექტი არ დაუწყია, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი არ ხდება“, – ამბობს ეკატერინე მაისურაძე.

სტუდენტების პრობლემაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ნატა ნუქარაშვილი. მისი სიტყვებით, შუა სემესტრიდან სასწავლო პროცესის აუდიტორიულ რეჟიმში აღდგენა და საერთოდ ახალ რეალობაში აღმოჩენა ძალიან რთულია სტუდენტებისთვის.

„სააუდიტორიო მეცადინეობას არ ვეწინააღმდეგები, რადგან ოდესღაც ჩვენი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვსულიყავით. თუმცა, შუა სემესტრიდან სააუდიტორიო რეჟიმის აღდგენა და ამ ქაოსურ, სრულიად ახალ რეალობაში მოხვედრა საკმაოდ რთულია. ეს პირადად ჩემთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა“, – თქვა ნატამ STUDINFO.GE-სთან საუბრისას.

უკმაყოფილო სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გადატანასთან დაკავშირებით, უკვე ერთი თვეა აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ სტუდენტების ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა რეგიონებიდან ლექციებისთვის ჩამოვიდნენ, მათი პრობლემის მოსაგვარებლად კი უნივერსიტეტს სწავლის ჰიბრიდული ფორმის დანერგვას სთხოვენ, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების ნაწილს სურვილის შემთხვევაში ლექციაზე დასწრება შეეძლებათ, ნაწილი კი განათლებას დისტანციურად მიიღებს.

ცნობისთვის, სასწავლო პროცესი აუდიტორულ რეჟიმში დღეს, 2 მაისს განახლდა.  

ასევე იხილეთ:

„ველი ახალ თავგადასავლებს და სულ სხვანაირ სტუდენტურ ცხოვრებას“ – თსუ-ში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა

„არა 2 მაისს“ – თსუ-ის სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას აპროტესტებს 

რას პასუხობს თსუ სტუდენტებს, რომლებიც 2 მაისიდან სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას აპროტესტებენ – დეტალები | Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები