„არა 2 მაისს“ – თსუ-ის სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას აპროტესტებს

უნივერსიტეტების სიახლეები

კორონავირუსის პანდემიის ნელ-ნელა შესუსტებას ქვეყანაში ცხოვრების ნორმალური ტემპის აღდგენაც მოჰყვა. მიუხედავად მცირე შეზღუდვებისა, სასწავლო დაწესებულებების დიდმა ნაწილმა სასწავლო პროცესის აუდიტორულ ან ჰიბრიდულ რეჟიმში დაწყება გადაწყვიტა.

მათ შორის არის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტმა სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. თებერვლის შუა რიცხვებში სტუდენტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 2 მაისიდან, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გაგრძელდებოდა.

ამ გადაწყვეტილებას სტუდენტების ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. მათ სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი შექმნეს „არა 2 მაისს“. 11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ პატარა საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც სტუდენტებმა სწავლის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ შუა სემესტრში სააუდიტორიო სწავლებაზე გადასვლა მათთვის უამრავ პრობლემას შექმნის, რადგან საკუთარი გრაფიკი უკვე მოარგეს ონლაინ ლექციების ცხრილს. დამატებითი პრობლემა ისაა, რომ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები ვერ შოულობენ ბინებს თბილისში, ვერ ტოვებენ სამსახურებს და ვერ ახერხებენ რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსვლას. უკმაყოფილო სტუდენტები უნივერსიტეტს, აუდიტორული სწავლების მაგივრად, ჰიბრიდული რეჟიმის შემოტანას თხოვენ, რაზეც უნივერსიტეტი მათ პასუხობს, რომ ამის რესურსი არ გააჩნია. სტუდენტების მეორე ნაწილი კი 2 მაისს სააუდიტორიო სწავლის დაწყებას ემხრობა და ამბობს, რომ უკმაყოფილო სტუდენტებს ლეგიტიმური მიზეზი არ აქვთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტის გადაწყვეტილება გააპროტესტონ.

პროტესტის ერთერთი მონაწილე, თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი დიტო ბელქანიაა, რომელიც STUDINFO.GE-ს სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზებზე ესაუბრა. როგორც დიტო ამბობს, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტმა აუდიტორულ სწავლებაზე გადასვლა დააანონსა, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა და სტუდენტებისთვის ახალ ფორმატთან ადაპტაცია ბევრად გართულდა.

„უნდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესის აუდიტორული ფორმით დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ თებერვლის შუა რიცხვებში გვეცნობა, რათა მომზადება მოგვესწრო, თუმცა, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უპირველს ყოვლისა ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, კატასტროფულად გაიზარდა საცხოვრებელი ფართების ფასები. რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს კი, მხოლოდ თვე-ნახევრის გამო მოუწევთ საცხოვრებელი სახლების დაქირავება და ათასობით ლარის გადახდა (თვე-ნახევარი გაგრძელდება დარჩენილი სემესტრი ავტ.). თან ამას ემატება ისიც, რომ ამ პერიოდში ბინის შოვნა ურთულესია“, – გვიყვება სტუდენტი.

მისივე თქმით, შუა სემესტრიდან სწავლის განახლება, ფსიქოლოგიურად რთული იქნება სტუდენტებისთვის და მხოლოდ არეულობას გამოიწვევს, რადგან არსებული ონლაინ ცხრილები მათ უკვე შეუთავსეს საკუთარ გრაფიკს. სტუდენტი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად თსუ-ის რექტორის ბრძანებისა, სტუდენტები არ ელოდნენ, რომ 2 მაისს სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდებოდა, რადგან, „უნივერსიტეტს მსგავსი განცხადებები წინა წლებშიც გაუკეთებია და არ შეუსრულებია“.

დიტომ უკმაყოფილო სტუდენტების მოთხოვნებიც განმარტა და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ არის: „ჩვენ უნივერსიტეტისგან ვითხოვთ მოგვცენ არჩევანის საშუალება, ანუ შემოიტანონ სწავლის ჰიბრიდული მოდელი და იმ სტუდენტებს, რომლებსაც პრობლემები გვაქვს, სემესტრის დახურვის შესაძლებლობა მოგვეცეს ონლაინ. ხოლო ვისაც სურვილი ექნება, ის ივლის უნივერსიტეტში. თუმცა, ჩვენს მოთხოვნაზე უნივერსიტეტისგან პასუხი არის ის, რომ მათ ჰიბრიდული რეჟიმისთვის რესურსები არ გააჩნიათ“, – ამბობს დიტო ბელქანია.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს არ ეთანხმება და აუდიტორულ რეჟიმზე გადასვლას ემხრობა, თსუ-ის კიდევ ერთი სტუდენტი და ჩვენი რესპონდენტი საბა შუბლაძე.

საბას თქმით, კორონავირუსის პანდემია ახლა ირელევანტურია, რადგან ქვეყანაში არსებული ყველა რეგულაციების უმეტესობა გაუქმებულია. გამომდინარე აქედან, ყველა დაწესებულება ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და შესაბამისად, უნივერსიტეტებიც მსგავსად უნდა მოიქცნენ.

„ონლაინ სწავლა იყო დროებითი და ხაზს ვუსვამ, ფორსმაჟორული გარემოება. შესაბამისად ფორსმაჟორული გარემოების, ანუ კოვიდპანდემიის დამთავრებასთან ერთად ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, აუდიტორული სწავლის განახლების ჩათვლით. მე მესმის ქვეყანაში გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის, მაგრამ, ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა და ყოველ წელს გვაქვს სახეზე ინფლაცია, ამიტომ, არ შეიძლება სწავლის განახლებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა“, – თქვა საბამ STUDINFO.GE-სთან საუბრისას.

ის თვლის, რომ რადგან სტუდენტებმა სამი თვით ადრე გაიგეს სწავლის ახალ ფორმატზე გადასვლის შესახებ, ეს სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, ყველა პრობლემა მოეგვარებინათ.

უნივერსიტეტის სტუდენტების აზრი ახლა ორად არის გაყოფილი. ნაწილი ემხრობა აუდიტორულ სწავლებას, ნაწილი კი ეწინააღმდეგება და სანაცვლოდ ჰიბრიდული რეჟიმის დანერგვას ითხოვს.

პრობლემის მოსაგვარებლად, უკმაყოფილო სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორსაც შეხვდნენ. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და მხარეებმა რეალურ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამასობაში პროტესტი კვლავ გრძელდება. უკმაყოფილო სტუდენტების თქმით, ისინი არ გაჩერდებიან სანამ უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კითხვებით მიმართა STUDINFO.GE-მაც, თუმცა პასუხები ჯერ არ მიგვიღია.

განახლებულია 15/04/2022 15:42
რას პასუხობს თსუ სტუდენტებს, რომლებიც 2 მაისიდან სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლებას აპროტესტებენ – დეტალები | Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები