ახალგაზრდა მწერალი ანრი გოზალიშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

ინტერვიუ

ანრი გოზალიშვილი, 21 წლის ახალგაზრდა მწერალია. იგი საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე სწავლობს, პარალელურად კი ახალგაზრდული ორგანიზაციის – „საქართველოს სტუდენტური ერთობის“ დამაარსებელი და დირექტორია.

ანრის შემოქმედება, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 წიგნს ითვლის, ესენია: „ანეტა“, „თავისუფალი“ და „21-ე განთიადი“. იგი არც სამომავლოდ აპირებს წერის შეწყვეტას, მანამდე კი საკუთარ გამოცდილებას STUDINFO.GE-ის მკითხველს უზიარებს.

ანრი, როდის დაიწყე წერა და რამ გიბიძგა ამისკენ?

– ლექსების წერა პატარაობაში დავიწყე, ხოლო „თავისუფალის“ დაწერის იდეა ცხრამეტი წლის ასაკში გამიჩნდა. მიზეზი მარტივია – ჩვენი დღევანდელი ყოფა. წიგნ „თავისუფლაში“ მსურდა სასიამოვნოდ საკითხავ სიუჟეტში მკითხველისთვის მეჩვენებინა ყველა ის დეფექტი, რაც ჩვენ საზოგადოებას გააჩნია სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ რაიმე სხვა ჭრილში.

– რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს დამწყები მწერალი დღეს?

– პირველ რიგში, სირთულეს ფინანსები წარმოადგენს. წიგნის გამოქვეყნებას სჭირდება თანხა რედაქტირებისთვის, გარდა ამისა, ილუსტრატორიც უნდა დაიქირავო, დაბეჭდვაც არც თუ ისე იაფია. ამას ემატება, წიგნის დარეკლამების თანხა სოციალურ ქსელში და მაღაზიაში შეტანის ერთჯერადი გადასახადი. რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, პირადად მე, წერის დროს არანაირი გამოწვევის წინაშე არ დავმდგარვარ, უფრო პრეზენტაციის პერიოდში შევეჩეხე დაბრკოლებას. როდესაც პირველი პრეზენტაციისთვის, სიმბოლურად დავბეჭდე „თავისუფალის“ 50 ეგზემპლარი, პრეზენტაციის ბოლოს ხელში 48 წიგნი შემომრჩა. მხოლოდ ორი გაიყიდა, სავსე აუდიტორიიდან მეტმა არავინ გამოთქვა შეძენის სურვილი. პირველ რიგში, დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობდი, იმ მომენტში რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ მთელი ის პერიოდი, რაც წიგნის დაწერას დავუთმე, უბრალოდ წყალში გადავყარე. 20 წიგნი პრეზენტაციიდან 1 საათის შემდეგ დავარიგე და დაახლოებით 28 წიგნით ვბრუნდებოდი სახლში, როდესაც უბრალოდ გავიფიქრე, რომ ეს წიგნები ნაგავში უნდა გადამეყარა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ შევძელი, ზუსტად იმიტომ, რომ ემოციებს არ ავყევი, დღეს „თავისუფალი“ არის ის, რაც არის და ამ წიგნმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

– ახლახანს გამოეცით წიგნი „ანეტა“, რა გზავნილის მატარებელია იგი და რისი თქმა გსურდა ამით?

– „ანეტაში“ ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა თავმოყრილი. მთავარ პრობლემას, ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს, მთელი სიუჟეტიც ამ ერთი ამბის გარშემოა აგებული. „ანეტაშიც“ და „თავისუფალშიც“, არის ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენები და ისტორიები, განსხვავებული კონტექსტით და სიუჟეტური ხაზით. მაგრამ, ყველა ეს პრობლემა, აღებულია ჩვენი სოციუმიდან, რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ანეტა ერთი დიდი სიყვარულის ისტორია, რომელიც იმდენად მტკიცეა, რომ კითხვისას დაგებადებათ კითხვა – განა, ასეთი სიყვარული არსებობს ისევ?! „თავისუფალში“ გიორგის და გვანცას სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ხიდი იყო სხვადასხვა ისტორიებს შორის, ხოლო ანეტაში ნიკოს და ანეტას სიყვარული არის მთავარი ხაზი და ყველა სხვა სიუჟეტი თუ მონაკვეთი, მათ ისტორიას მეორეხარისხოვნად ერთვის.

– თქვენი აზრით, რას გულისხმობს მთავარი ლიტერატურული წარმატება?

– მთავარი „ლიტერატურული წარმატება“ ჩემთვის – მკითხველია, რომელსაც ჩემი წიგნი მოეწონა და მისთვის რაიმეს შეცვლა მოახერხა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.

– როგორც ვიცით საკუთარ წიგნებს არ ყიდით, საინტერესოა რატომ და რა სირთულეებთანაა დაკავშირებული სპონსორების მოძიება?

– არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია სპონსორის მოძიება, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს არ ჰკვეთს. სპონსორს ფულადი სარგებელი აინტერესებს და მე „ანეტას“ და „თავისუფალის“ რელიზაციის წინააღმდეგი ვარ. წიგნის ელექტრონულ ვერსიას არ ვყიდი, ნებისმიერ მსურველს, სრულიად უფასოდ ვუგზავნი, ხოლო თუ დადგება დრო, როდესაც მათ დავბეჭდავ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ალბათ, საკუთარ ფასში დავარიგებ ხოლმე.

– ამჟამად რა წიგნზე მუშაობთ ?

– ამჟამად მეოთხე წიგნზე ვმუშაობ. სიუჟეტი ძველ დროში ვითარდება, როდესაც არსებობდა მეფეთა და დედოფალთა ეპოქა არკანდა – ეს იყო სახელმწიფო, რომლის წესებიც ბატონობდა, ყველა სხვა სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. წიგნი მოგვითხრობს, ნაომის ბავშვობის ისტორიას და იმას, თუ როგორ შეუყვარდა პრინცი და რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ მათ თავიანთი სიყვარულის გადასარჩენად. მაშინ, როდესაც ნაიომი გაიგებს, რომ არკანდის ტახტი ეკუთვნის, დაიწყება ბრძოლების სერია, რომლის მიზანსაც ბართლომეს დამარცხება და არკანდისთვის ძველი დიდების დაბრუნება წარმოადგენს.

– რჩევა, რომელიც დამწყები მწერლებისთვის გექნებათ.

– მხოლოდ ერთი რჩევა მექნება, წერის პროცესში შესაძლოა ვერავისგან ვერ იგრძნონ მხარდაჭერა. მეტიც, შეიძლება ახლო ადამიანებმა უთხრან, რომ მათი წიგნი არაფრად არ ვარგა და ყველანაირი მოტივაცია ჩაუხშონ, მაგრამ, თუ თავად გულით სჯერათ, იმ საქმის რასაც აკეთებენ, უბრალოდ განაგრძონ ამის კეთება და მცდელობა აუცილებლად მოიტანს შედეგს.

ავტორი: თეკლა ადამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები