ოპრა უინფრი დეკადის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალი ადამიანის ინსპირაციის წყაროა. ის არის პირველი ფერადკანიანი მილიარდელი ქალი, რომელმაც საკუთარი კარიერისა და ოცნებისთვის ბევრი იბრძოლა. ქალი, რომელსაც არ სჯერა მარცხის, სხვებსაც ასწავლის სირთულეებთან გამკლავების გზებს. „ცხოვრებაში მიიღებთ იმას, რისი მოთხოვნის სიმამაცეც გაქვთ“ ამბობს ოპრა და თან ამატებს „ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების“.
ამ ერთი შეხედვით მარტივი წარმატების ფორმულის უკან კი იმალება მრავალი ტკივილი, დარდი,ტრაგედია, რასიზმისა და სექსუალობის ნიადაგზე ძალადობა, რომლებმაც ის შექმნეს და აქციეს ისეთ ძლიერ ქალად, როგორიც დღესაა.
ოპრას ისტორია იწყება მისისიპის ერთი ღარიბი ოჯახიდან, სადაც ის მშობლების გარეშე, ბებიასთან ერთად 6 წლამდე იზრდებოდა.მისი ერთადერთი გასართობი თოჯინებისათვის ინტერვიუების ჩამორთმევა იყო. დადიოდა სკოლაშიც, თუმცა ხშირად ტანსაცმელი არ ჰქონდა და კარტოფილის ტომრებს იცვამდა. ბებიამ კითხვა 3 წლისას ასწავლა. ის ოპრას ლიტერატურას აკითხებდა, თუმცა, ხშირად გოგონა წიგნს გვერდზე გადადებდა და მეზობლის ტელევიზორში ახალი ამბების ყურებას იწყებდა.
6 წლიდან გოგონა დედასთან ერთად იწყებს ცხოვრებას, თუმცა არც აქ უმართლებს და ოჯახურ არეულობას ემატება ისიც, რომ მას დამლაგებლად უწევს მუშაობა. 14 წლის ასაკში, მამასთან ჩასულს საკუთარი ნათესავი გააუპატიურებს, ის დაურსულდება, ხოლო ბავშვი მშობიარობის დროს იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ ოპრას ბევრი მიზეზი ჰქონდა, ცხოვრებაზე ხელი ჩაექნია, უინფრი არასოდეს დანებებულა. ოპრას, მთელი ბავშვობა იმდენად სურდა, განათლება მიეღო და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა, საშუალება მიეცა თუ არა, მთელი ენერგია გამოიყენა და ტენესიში ანუ მამის ქალაქში სამაგალითო სტუდენტი გახდა. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა შეჯიბრებაში. 16 წლისამ საპატიო ორატორის ჯილდო მოიგო. გამარჯვების შემდეგ, Tenessee State University-მ ოპრა სრულად დააფინანსა და სწავლა კომუნიკაციების მიმართულებით განაგრძო. საკუთარი გამოსვლებით ყველაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. იცოდა, როგორ მიეპყრო საზოგადოების ყურადღება. საბოლოოდ, ოპრა, როგორც უდიდესი ნიჭის პატრონი, ლოკალურმა რადიომ, სახელად „WVOL“ შეამჩნია და სამუშაოდ მიიწვია, სადაც 3 წლის განმავლობაში ახალ ამბებს ამზადებდა და გადმოსცემდა. ამას მამამისის მკაცრი დიციპლინა და მის მიერ განათლების მნიშვნელობის შთაგონებაც უწყობდა ხელს.
მალევე ოპრა ნეშვილის ადგილობრივმა რადიოსადგურმა შუადღის ახალი ამბების წამყვანადაც მიიწვია, სადაც ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდა ამისა, სწავლის პარალელურად ოპრამ ორჯერ მიიღო შემოთავაზება კოლუმბიის მაუწყებლობისგან(CBS). გადაცემა WTVF-TV-ს ეთერში ყოველ საღამოს გადიოდა. ის პირველი აფროამერიკელი ქალი წამყვანი გახდა. ოპრა ამ დროს სულ რაღაც ცხრამეტი წლის იყო.
უინფრი 1984 წლის იანვარში ჩიკაგოში, ილინოისის შტატში გადავიდა საცხოვრებლად და დილის თოქ-შოუს A.M. Chicago-ს წამყვანად დაინიშნა, რომელიც რეიტინგში მუდმივად ბოლო იყო. 1986 წელს “A.M Chicago“ შეიცვალა და “The Oprah Winfrey Show“ ეწოდა, რომელსაც თავიდანვე განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. გადაცემაში საუბრობდნენ უამრავ თემაზე: მედიტაციითა და სულიერი საკითხებით დაწყებული, პოლიტიკითა და ქველმოქმედებით დამთავრებული. ოპრა საზოგადოების ყურადღებას იუმორითა და რესპონდენტების მიმართ თანაგრძნობით იზიდავდა. ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ ის მოახერხებდა, გაძღოლოდა ამგვარ თოქ-შოუს მაშინ, როდესაც სხვა მსგავსი გადაცემები თეთრკანიან მამაკაცებს მიჰყავდათ. ის ხომ ქალი იყო, თანაც შავკანიანი.
ამერიკული ტელევიზიის „მის მთავარი თერაპევტი” – ასე შეარქვეს მას ჟურნალისტებმა. აღსანიშნავია, რომ უინფრის შოუ რამდენჯერმე გახდა „ემის“ პრემიის გამარჯვებული.
1996 წელს მან „წიგნის კლუბი“ ჩამოყალიბა. აუდიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირჩევდა წიგნს, რომლის განხილვის მოსმენაც მათ სურდათ. მიღებული შედეგის მიხედვით კი ოპრა გადაცემაში ავტორს იწვევდა და იმართებოდა დისკუსიები. თითოეული წიგნი გადაცემის შემდეგ პოპულარული ხდებოდა. ასე ჩამოყალიბდა ტერმინი „ოპრას ეფექტი“, რომელიც გაყიდვების მომატებას გულისხმობდა. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მის გადაცემაში ხვდებოდა, პროგრამის დასრულების შემდეგ საოცრად პოპულარული ხდებოდა.
შოუს წარმატების შემდგომ, ოპრამ გარკვეული კაპიტალი დააგროვა და გადაწყვიტა, სატელევიზიო პროგრამა „ABC“-ში ახალი პროექტი განეხორციელებინა, დააარსა “Harpo Productions“ და “The Oprah Winfrey Show“ მის ფარგლებში მოაქცია. Harpo Productions“-მა დაიწყო სხვადასხვა მინისერიის გამოშვება. ოპრას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული „დინსეისთანაც“. კომპანია ყიდულობდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს და შემდგომ ფილმებს იღებდა. ამ ეკრანიზაციების მთავარი პროდიუსერი ოპრა იყო და ხანდახან, მთავარ როლსაც ასრულებდა. მისი ფილმი, სახელად „Selma“, რომელიც მარტინ ლუთერ კინგს ეხებოდა, ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო ფილმი.
1998 წელს ოპრა მედია გასართობი პროგრამის “Oxygen Media“-ს თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც ქალებისთვის შეიქმნა. შემდეგ კი “Oprah Winfrey Network“ – „OWN“ დააარსა. 2009 წელს ვინფრიმ განაცხადა, რომ მისი გადაცემა 2011 წლის შემდეგ აღარ გავიდოდა. მართლაც, 2011 წლის 25 მაისს ლეგენდარული შოუ დასრულდა. 2017 წელს ის გახდა კომპანია CBS-ის ახალი ამბების გადაცემის, სახელად “60 Minutes“-ის სპეციალური კორესპონდენტი.
დღეს უინფრი აქტიურადაა ჩართული ფილანტროპიულ საქმიანობაში. 1998 წელს მან შექმნა საქველმოქმედო კომპანია “Oprah’s Angel Networks“, რომელიც ორიენტირებულია ბავშვთა განათლებასა და პოტენციალის ამაღლებაზე, დაუცველი ქალების დახმარებაზე. გარდა ამისა, ოპრა ხშირად უერთდება სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს და აძლევს გრანტებს არაკომერციულ ორგანიზაციებს. 2007 წელს მან გახსნა 40 მილიონი დოლარის ღირებულების სკოლა დაუცველი გოგონებისთვის სამხრეთ აფრიკაში. 2013 წელს უინფრიმ თავისუფლების დარგში პრეზიდენტის მედალი მიიღო.
მან მსოფლიოს დაანახა, რომ, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობები, რეალურად შეიძლება არც იყოს გამოუვალი. „აქციე შენი ჭრილობები შენსავე სიბრძნედ!“ – ამბობს ოპრა, ადამიანი, რომელმაც მართლა მოახერხა უამრავი სასტიკი გამოცდილებიდან ესწავლა, გაზრდილიყო და მსოფლიო გაეხადა უკეთესი.
„მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, მუდმივად ვცდილობდი, ტელევიზიითა თუ ფილმებით, ადამიანებისთვის ამეხსნა, როგორ იქცევიან სინამდვილეში კაცები და ქალები: როგორ განიცდიან სირცხვილს, სიყვარულს, ბრაზს. როგორ ეცემიან, იხევენ უკან, მერე კი ფეხზე დგებიან და ბრძოლას აგრძელებენ.“ – განაცხადა ოქროს გლობუსის 75-ე დაჯილდოებაზე ოპრამ.
ავტორი: ნინო მამაცაშვილი