„მოხუცი ბუკინისტის სახლი“ – ადგილი, სადაც ძველ და იშვიათ გამოცემათა წიგნებს შეხვდებით

განათლება

STUDINFO.GE „მოხუცი ბუკინისტის სახლს“ ეწვია, სადაც  ფილოლოგ თენგიზ თაქთაქიშვილთან ერთად ისაუბრა ენის კულტურასა და წიგნის მნიშვნელობაზე. აღნიშნული ადგილი მდიდარი ინფორმაციის მატარებელია, რომელიც გვიგროვებს ძველ, იშვიათ გამოცემათა წიგნებს. სწორედ ამ ძველი და იშვიათი გამოცემების სპეციალისტია მოხუცი ბუკინისტი თენგიზ თაქთაქიშვილი, რომელიც ოთხი წიგნის ავტორია: „ვვარგივართ თუ არა ქართველები“, „მოძღვრება სამყაროზე“, „ბოროტების მწვერვალები“, „ღმერთი და სატანა“. თითოეული წიგნი ფუნდამენტალური ნაშრომია, თუმცა ავტორს უსახსრობის გამო წიგნების დაბეჭდვა უჭირს.

სანამ პროფესიონალი ბუკინისტი გახდებოდა, მანამდე რუსულ სკოლაში მუშაობდა. კომუნისტური იმპერიის დაშლის შემდეგ  უმუშევარი დარჩა. ამ პერიოდში,  წიგნზე მუშაობა (ღმერთი და სატანა) დამთავრებული ჰქონდა, რომელიც უმუშევრობის დროს საკუთარი ხარჯებით გამოსცა „ეს ის დრო იყო, როდესაც წიგნი უკვე სულს ღაფავდა“.  თავის რჩენის მიზნით მარჯანიშვილის მოედანზე პატარა მაგიდა დადგა და საკუთარი  წიგნები დააწყო გასაყიდად. ერთხელ უცნობმა მამაკაცმა შესთავაზა წიგნები ჩაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოცდილება არ ჰქონდა, მაინც შეიძინა ამ კაცისგან წიგნები, რომელთა რაოდენობა დროდადრო იმატებდა. სწორედ ეს გახდა მოტივატორი იმისა, რომ თენგიზ თაქთაქიშვილი დაუფლებოდა ბუკინისტის პროფესიას.

– ბატონო თენგიზ, საქართველოში, როგორ ვითარდებოდა წიგნის ფონდი ? 

– XIX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე არსებობდა პატარა ბუკინისტური წიგნების მაღაზია. მაშინ,  იშვიათი წიგნებით ვაჭრობდნენ სოსიკო მერკვილაძე და ავთანდილ სილაგაძე. დრო რომ გავიდა წიგნის ფონდი განვითარდა და შესაბამისად ბუკინისტური მაღაზიებიც გამრავლდა, თუმცა დღემდე საჭიროებს წიგნის ფონდი გამდიდრებას, რადგან სათანადოდ მკითხველს ვერ აკმაყოფილებს.

– თქვენი აზრით, რა დამახასიათებელი თვისება უნდა ჰქონდეს პროფესიონალ ბუკინისტს?

– პირველ რიგში, მკითხველი არ უნდა მოატყუო, ის ტყუილს გრძნობს და ამის შემდეგ აღარ  გენდობა. უნდა იყო ზრდილობიანი, ზნეობრივი, არ უნდა იყო წამგლეჯი. მკითხველი რომ მოდის ფეხზე უნდა წამოუდგე, შემდეგ წიგნი სწორად უნდა შეურჩიო და დაუკლო, რადგან ცხოვრება ისედაც დამძიმებულია.

– როგორ ფიქრობთ, რას აძლევს ახალგაზრდას წიგნთან ურთიერთობა ?

– წიგნი გეხმარება სიბნელიდან გამოსვლაში. ახალგაზრდებმა დღეში 2 საათი უნდა იკითხონ რომანები, ისტორიული წიგნები. რომანი უდიდეს ცოდნას აძლევს მკითხველს, პიროვნებას მხატვრულ გემოვნებასა და წარმოსახვის უნარს უყალიბებს. გიგანტები, როგორებიც არიან: კ.გამსახურდია, ლ.გოთუა, მ.ჯავახიშვილი, ო.ბალზაკი,  ვ. ჰიუგო, ლ.ტოლსტოი, ფ.დოსტოევსკი, პოეტები თავისთავად და ა.შ, სულიერად ზრდიან პიროვნებას. სამწუხაროდ,  წიგნის მკითხველთა  90% გოგონები არიან. მათ, რომ დაელაპარაკები აზრს მშვენივრად გადმოსცემენ. ბიჭების უმეტესობა წიგნს, არც კი კითხულობს. თქვენ თუ დაუკვირდებით  მათ უჭირთ აზრის გადმოცემა, რადგან წიგნის კითხვის დეფიციტს განიცდიან.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართული ენის მიმართ?

– ქართული ენა დედამიწის ზურგზე ყველაზე მდიდარი ენაა. ნიკო მარი თავისი დროის დაწინაურებული ენათმეცნიერი იყო. მას აქვს ასეთი თეორია: „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა“.

„მოხუცი ბუკინისტის სახლი“ მდებარეობს თბილისში, აღმაშენებლის 95-ში და თქვენთან შესახვედრად სრულ მზადყოფნაშია.

ავტორი: სოფია ნადიბაიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები