მანჩო კაპანაძე 21 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, რომელიც ამჟამად ერასმუსის გაცვლითი პროგრამით დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (UCC- Univesity College Copenhagen) სწავლობს.
როგორც მანჩო ინტერვიუში აღნიშნავს, ეს მისთვის პირველი გაცვლითი პროგრამა არ ყოფილა, თუმცა მას თან ახლდა გარკვეული სახის სირთულეები.
თუ როგორია სტუდენტური ცხოვრება და განათლების სისტემა დანიაში მსოფლიო პანდემიის ფონზე, ამის თაობაზე მანჩო კაპანაძე STUDINFO.GE-ს უყვება.
– მანჩო, რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ გესწავლა და რამდენად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოში მიღებული განათლება იქ მოსახვედრად?
– ზუსტად იგივე კითხვა რამდენიმე დღის წინ აქ ადგილობრივმა დანიელმა სტუდენტებმა დამისვეს და ჩემი პასუხი იყო, რომ ძალიან მარტივი იყო აქ მოხვედრა, რომ უბრალოდ გჭირდებოდა აქ წამოსვლის სურვილი, კარგი აკადემიური მოსწრება და ინგლისურის კარგი დონე. თუმცა, შემდეგ რომ დავფიქრდი სწორედ ამ რაღაცების მიღწევა იყო დიდი შრომის შედეგი და შემდეგ ეს ყველაფერი საბუთებსა და გასაუბრებაზე სწორად წარმოვაჩინე.
რა თქმა უნდა, როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტის როლი დიდი იყო ამ ყველაფერში, პირველ რიგში იმ კუთხით, რომ ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, რომელიც დღეს ვარ და ასევე დიდი როლი ითამაშა ჩემმა გამოცდილებამ, როდესაც გაცვილითი პროგრამის სტუდენტი ვიყავი ამერიკაში.
– რა იყო საზღვარ გარეთ სწავლის გაგრძელების ყველაზე რთული მხარე?
– გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემთვის პირველი გაცვლითი პროგრამა არაა, უფრო მარტივად მიდიოდა პროცედურები და უკვე ვიცოდი რას მოველოდი ამ ყველაფრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახლავს სირთულეები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, იქნება ეს ოჯახთან, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან განშორება თუ საბუთების მოგვარება. რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდმა უფრო გაართულა ეს ყოველივე.
– 2020 წელი იყო ყველაზე უჩვეულო მთელი მსოფლიოსთვის, რა ცვლილებები მოიტანა ამ წელმა შენთვის, როგორც სტუდენტისთვის, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?
– რა თქმა უნდა ჩემი, ისევე როგორც სხვა სტუდენტების ცხოვრება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა, მე ბევრ დადებითს ვხედავ ამ ყველაფერში, მაგალითად იმას, რომ ძალიან ბევრი დრო მეზოგებოდა, არ მიწევდა ლექციებამდე და მის შემდეგ საცობებში დგომა, უნივერსიტეტმაც საკმაოდ ეფექტურად მოახდინა რეაგირება და განაგრძო სასწავლო პროცესი.
– რა განსხვავება დაინახე ქართულ და უცხოეთში მიღებულ განათლებას შორის? ჩვენი და მათი განათლების სისტემა რითი ჰგავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?
– პირველ რიგში, მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქ ორიენტირებულები არიან არა ფაქტობრივ ცოდნაზე, არამედ უფრო მეტად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე, ლექციები და სემინარები უფრო ინტერაქტიულია და დახუნძლულია ჯგუფური სამუშაოებით.
– როგორ ფიქრობ, რა განასხვავებს საქართველოსა და დანიის ,,სტუდენტურ ცხოვრებას” ?
პირველ რიგში, ფინანსური მხრიდან თუ შევხედავთ, დანიაში სტუდენტებს მარტივად რომ ვთქვათ, სწავლაში უხდიან და ამ პროგრამით საკმაოდ ეფექტურად ხდება განათლების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. მე ვფიქრობ, რომ მათი სტუდენტობა უფრო მრავალფეროვანია, რაც ისევ და ისევ ინტერაქტიული, ერთმანეთისგან განსხავებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგნებიდან გამომდინარეობს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო ინტერესები გვაქვს.
– კორონავირუსის პანდემიის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხები, ამ კუთხით რა განსაკუთრებული პრივილეგიები აქვთ დანიაში სტუდენტებს?
– რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ერისათვის მთავარი საკითხია, ყოველ შემთხვევაში პანდემიის შემდეგ მაინც, ზოგადად, დანიაში მოსახლეობა საკმაოდ კარგი ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს, რაც შესაბამისად განსაკუთრებით გამოსადეგია პანდემიის პერიოდში. აქაც აქვთ მსგავსი შეზღუდვები, რაც ჩვენთან, მაგალითად დისტანციური სწავლების მეთოდი. თუმცა, თავად ერი საკმაოდ აქტიურია, ბევრს ვარჯიშობენ, სულ ველოსიპედებით დადიან და დარბიან სუფთა ჰაერზე, რაც რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდშიც არ შეუწყვიტავთ.
– ზოგადად, როგორია სტუდენტების/ხალხის დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტის მიმართ?
– საკმაოდ დადებითად არიან განწყობილი უცხოელი სტუდენტების მიერ. თუმცა, ეს ძირითადად თავად გაცვლითი პროგრამის სტუდენტზე უფროა ხოლმე დამოკიდებული, თუ შენ თავად დადებითად მიუდგები, ისინიც იმავე დამოკიდებულებით გიპასუხებენ. ძალიან აინტერესებთ, ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ბევრს არც კი სმენიათ და ბოლოს საკმაოდ აღფრთოვანებულები გამოთქვამენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილს.
– იყო თუ არა დანიაში ან კერძოდ უნივერსიტეტში ისეთი წესები/ჩვევები რასთან შეგუებაც გაგიჭირდა?
– ალბათ ყველაზე მეტად აქაურ დროებთან შეგუება გამიჭირდა, ლექციები დილის 8ზე იწყება და საქართველოსთან შედარებით საკმაოდ ადრეა, თუმცა შეუძლებელი არა.
– როგორია სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?
– ამ ეტაპზე საერთაშორისო ურთიერთობები-ევროპის ბაკალავრიატის საფეხურის ბოლო სემესტრს აქ ვამთავრებ და ჩემი საბოლოო ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს უკავშირდება, თუმცა ასევე განვიხილავ მაგისტრატურის საფეხურის გავლას ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში.
– რჩევა, რომელიც სტუდენტებისთვის გექნება?
– არასდროს არ შეგეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლის და მაქსიმუმი ჩადეთ იმ საქმეში რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ საბოლოოდ ყველანაირი შრომა ფასდება. ვიცი, რამხელა სიმამაცესთან და სირთულესთანაა დაკავშირებული გაცვლითი პროგრამით წასვლა სხვა, სრულიად უცხო ქვეყანაში, მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი ღირს, წარმატებები!
ავტორი: მარიამ მერლანი