თუ გგონიათ, რომ მოსალოდნელი წარუმატებლობა მხოლოდ თქვენ გაშინებთ, ძალიან ცდებით. შეცდომის დაშვების შიში ბევრი ადამიანისთვის არის ნაცნობი. ამის გამო, ზოგიერთი მათგანი საკუთარი ბიზნესიდეის რეალიზაციას ვერ ბედავს და ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას აგრძელებს. იგივეა უცხო ენის შესწავლა. ამასაც ერთგვარი გამბედაობა და თავდაჯერება სჭირდება.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რა იწვევს დამარცხების შიშს?
ამის უნივერსალური მიზეზი არ არსებობს. ზოგიერთ ადამიანს პერფექციონიზმი აფერხებს. ასეთ სიტუაციაში დავალების არასრულყოფილად შესრულებამ შეიძლება “ემოციური ჭრილობა” გამოიწვიოს. სხვები კი უფრო მგრძნობიარეები გარე ფაქტორებისადმი არიან. მათთვის აუცილებელია, რომ კარგად ისწავლონ, სამსახურში წარმატებას მიაღწიონ და კარიერული წინსვლა ჰქონდეთ. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე ბავშვი წარჩინებული მოსწავლე იყო, მაგრამ მომდევნო კლასებში, გაზრდილი მოთხოვნების გამო, მისი აკადემიური მაჩვენებელი გაუარესდა. ამ დროს მან შეიძლება ჩათვალოს, რომ ის ახალ პარამეტრებს ვეღარ აკმაყოფილებს და ეს “შეუსაბამობა” დატანჯავს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი უწინდელ თავდაჯერებულობას კარგავს და ემოციურად ბევრად გაუწონასწორებელია. ამის შედეგად კი, ის დაიწყებს თავის წარუმატებლობაზე ფიქრს მანამ, სანამ ეს მართლა მოხდება.
ადამიანის მოლოდინი ხშირად მის ქმედებას განსაზღვრავს. წარუმატებლობის რაც უფრო მეტად გეშინიათ, მით მეტია შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში ის ნამდვილად მოხდება. სავარაუდო წარუმატებლობაზე შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც შეცდომის დაშვება ბევრად ადვილია. ასეთ სიტუაციას პიგმალიონის ეფექტს უწოდებენ. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მეფე ოიდიპოსის ტრაგედია მოვიყვანოთ. როდესაც დელფოს ორაკულმა მას უწინასწარმეტყველა, რომ მოკლავდა მამას, რომელსაც ის არასდროს უნახავს, ოიდიპოსი მშობლიური ქალაქიდან გაიქცა. თუმცა მას ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შეეჩეხა მოხუცი დიდებული, რომელიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შემოაკვდა. მოგვიანებით ოიდიპოსმა გაიგო, რომ ის მოხუცი კაცი მამამისი იყო.
მაშასადამე, წარუმატებლობის შიში ყოველთვის საზიანოა?
არა, ის ზოგჯერ გეხმარებათ. დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას სწორედ რისკების შეფასება არ გაძლევთ. მაგალითად, ეს გიბიძგებთ, რომ მანქანის მართვის დროს ფრთხილად იყოთ. თუმცა წარუმატებლობის შიშმა შეიძლება პროკრასტინაცია გამოიწვიოს. ამ დროს ადამიანი ახალი საქმის დაწყების ნებისმიერ მცდელობას სხვადასხვა მიზეზით აჭიანურებს. დავუშვათ, რომ დიდი ხანია გინდათ ორატორულ ხელოვნებას დაეუფლოთ და საჯარო გამოსვლებს შეეჩვიოთ. თქვენ სხვისი გამოსვლების ყურებას იწყებთ, ციცერონის ტრაქტატებს კითხულობთ, თუმცა ამ ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას ერიდებით და წინასწარ მომზადებულ ტექსტებს მეგობრების წინაშეც კი ვერ კითხულობთ. ამ დროს რა ხდება? თქვენ საკუთარ გაუბედაობას წარუმატებლობად აღიქვამთ და უმოქმედო რეჟიმში ყოფნას განაგრძობთ.
ასეთ დროს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ გამოცდილების შეძენა უშეცდომოდ ყოვლად შეუძლებელია. მაგალითად, გრავიტაციული ველის სწორი განტოლებების მისაღებად ალბერტ აინშტაინს 10 წელი დასჭირდა. პენიცილინი, მიკროტალღური გამოსხივება და კარდიოსტიმულატორი კი სულაც შეცდომით აღმოაჩინეს ან შექმნეს. თუ ეს არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, გახსოვდეთ, რომ ინგლისური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა. მასზე 1.2 მილიარდი ადამიანი საუბრობს, მათგან 70%-ზე მეტისთვის ის მეორე ენაა. შეუძლებელია, რომ ყველა მათგანი თქვენზე ჭკვიანი და მონდომებული იყოს.
შესაძლებელია თუ არა წარუმატებლობის შიშის დაძლევა? როგორ?
პირველ რიგში, საჭიროა, თქვენი შიშის ბუნება დაადგინოთ. მაგალითად, თუ ერთ კვირაში საჯარო გამოსვლა გაქვთ და იმდენად გეშინიათ, რომ მისთვის მომზადებას ვერა და ვერ იწყებთ. სავარაუდოდ, ეს ღონისძიება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, უკვე არსებობს თქვენ მიმართ გარკვეული მოლოდინი, რომლის არ გამართლებისაც ძალიან გეშინიათ. თუ თქვენ სწორედ ამაზე ჩაიციკლებით, ეს წინსვლის საშუალებას აღარ მოგცემთ.
შფოთვის დასაძლევად ან შესამცირებლად სპეციალისტები საკუთარი გამოცდილებისადმი ცნობისმოყვარეობის გაღვივებას გვირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება მზადების პროცესს უნდა მიაქციოთ, განსაკუთრებული აქცენტი კი უკვე მიღებულ შედეგზე გააკეთეთ. მაგალითად, დღეს თქვენ სარკის წინ თავდაჯერებულად წარადგინეთ თქვენი მოხსენების მხოლოდ პირველი ნახევარი, სამაგიეროდ ამ პროცესში რამდენიმე მახვილგონივრული შენიშვნა მოიფიქრეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზენტაციის მსვლელობისას მათი გამოყენება მაყურებლის გასახალისებლად უპრიანი იქნება. ეს უკვე პატარა გამარჯვებაა. შეფასების “შავ” და “თეთრ” კრიტერიუმებზე უარი თქვით, თქვენი ამჟამინდელი გამოსვლა იდეალურიც რომ არ იყოს, ეს სამომავლოდ უკეთესი პრეზენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
როდესაც გაიგებთ, თქვენი შიში საიდან მოდის, შეეცადეთ, ალტერნატიული ხედვის უნარი განავითაროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციას სხვა ადამიანის თვალით შეხედოთ. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა მას იმაზე, რასაც თქვენ შეცდომად თვლით. მაგალითად, უფროსმა პრეზენტაცია დაგიწუნათ და გგონიათ, რომ ეს სრული მარცხია? წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა ილონ მასკი Cybertruck-ის წარუმატებელი პრეზენტაციის შემდეგ? რა რეაქცია აქვს ტიმ კუკს, რომელიც Apple-ის ყოველი ახალი პროდუქციის წარდგენის შემდეგ კრიტიკას ისმენს? – ასეთი მასშტაბით, თქვენი “წარუმატებლობა” თავის მნიშვნელობას კარგავს და მისი გადატანა უფრო იოლი ხდება.
მაინც მეშინია. კიდევ რა შემიძლია გავაკეთო?
ასეთ დროს სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ მეთოდი, რომელსაც დეკატასტროფიზაცია ეწოდება. თქვენი სიტუაციისთვის ყველაზე ცუდი სცენარი მოიფიქრეთ და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ მოიქცეოდით.
დავუშვათ, ახალი სამსახურის დაწყება გსურთ. რა არის ყველაზე ცუდი სცენარი? მაგალითად, მე ტესტი კარგად ვერ დავწერე, გასაუბრებაზეც აღარ დამიბარეს და შესაბამისად, საოცნებო საქმეს ვერასდროს გავაკეთებ. დავუშვათ, რომ ამ მცდელობამ ნამდვილად არ გაამართლა. სამაგიეროდ თქვენ სხვა სამსახურს იშოვით. შესაძლებელია, იქ ძალიან მოგეწონოთ. თუ არა, დრო გექნებათ, რომ უკეთ მოემზადოთ და თქვენს საოცნებო კომპანიაში მუშაობის დაწყება ხელახლა სცადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ფაქტი და ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან გამიჯნოთ.
წყარო: imedinews.ge