წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე – ეს არის დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტეს მათგანში არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა.
როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს – „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ლეგენდა 1
ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია – ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.
როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ამ რიტუალის პოპულარობის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალიან გახშირდა.
494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა ლუპერკალიის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.
ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.
წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.
269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.
ლეგენდა 2
არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა – რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალ წყვილს და ამით განარისხა მთელი კათოლიკური, ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა.
ლეგენდა 3
არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისშიც გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. ვალენტინის დღე, როგორც ასეთი, შექსპირის “ჰამლეტშიც” არის მოხსენებული. ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული იყო ყველანაირი მკითხაობაც. დასაწყისში გასათხოვარი ინგლისელები ვალენტინობის წინ ქინძისთავებით ამაგრებდნენ 5 დაფნის ფოთოლს: ერთს ცენტრში, დანარჩენს გვერდებზე. ითვლებოდა, რომ ეს მაგიური მოქმედება დაეხმარებოდა მათ საქმროს დასიზმრებაში. სხვა წარმოდგენით, 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე ქალიშვილს პირველად ფანჯარაში უნდა გაეხედა, მისი რჩეული დანახული მამაკაცის მსგავსი იქნებოდა. ასევე ფურცლებზე ჩამოწერდნენ პოტენციური საქმროების სახელებს, დააწყობდნენ ფურცლებს წრიულად, შემდეგ დააბზრიალებდნენ ვაშლს. ვაშლის ყუნწი მიუთითებდა საქმროს ვინაობას.
ფაქტი
2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ კათოლიკებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.
აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც, მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ.
მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს – გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში – 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება.