ალბათ, დამეთანხმებით, რომ ზამთარში უმეტესობა ჩვენგანს დილით, სიბნელეში ლოგინიდან ადგომა, სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში წასვლა და მუშაობა უფრო მეტად ეზარება, ვიდრე, მაგალითად, ზაფხულში. თუმცა, ირკვევა, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენი სიზარმაცე, შესაძლოა, არ იყოს.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მოსახლეობის მცირე ნაწილი ამ ეფექტებს კიდევ უფრო მძაფრადაც განიცდის, ამას ხშირად სეზონურ აფექტურ აშლილობას უწოდებენ. ეს აშლილობა ზოგ შემთხვევაში დეპრესიაშიც შეიძლება გადაიზარდოს. არსებული სტატისტიკით, ზამთარში პრდოუქტიულობა სამსახურში ყველაზე მეტად იანვარ-თებერვლის პერიოდში იკლებს.
ზამთრის უარყოფით ეფექტებს ჩვენ ცხოვრებაზე მეცნიერები ცირკადული რიტმის დარღვევას და ბიოლოგიური საათის მოშლას მიაწერენ. ცირკადული რიტმი, ან გნებავთ ბიოლოგიური საათი მეტწილად ზომავს ჩვენი სხეულის მოთხოვნილებას, თუ რა პერიოდში გვსურს ძილი და რა პერიოდში, ღვიძილი. ჩვენს ბიოლოგიურ საათზე კი ყველაზე მეტად ბუნებრივი სინათლე ზემოქმედებს.
“თუ ჩვენი ბიოლოგიური საათი გვანიშნებს, რომ ზამთრის ბნელ დღეებში 9 საათზე უნდა გავიღვიძოთ, მაგრამ ჩვენ ადგომა 7-ზე გვიწევს, ეს გვატოვებინებს მთელ ძილის ფაზას”, – ამბობს გრეგ მურეი, სვინბურნის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი.
ქრონობიოლოგია დისციპლინაა, რომელიც ჩვენს ბიოლოგიურ საათს სწავლობს. კვლევის მიხედვით კი ჩვენი ძილისა და სიფხიზლის მოთხოვნილებები ზამთარში განსხვავებულია.
“თეორიულად გასაგებია, რომ ზამთარში შემცირებული ბუნებრივი სინათლე ფაზური შეყოვნებისკენ გვიბიძგებს”, – ამბობს მურეი.
ფაზური შეყოვნება ან ფაზური წანაცვლება არის ჩვენი სხეულის მოთხოვნილება გაიღვიძოს, იმოქმედოს და დაიძინოს განსხვავებულ დროს. კვლევის მიხედვით, რომელშიც წარმოდგენილია პრეინდუსტრიული აფრიკული და ამერიკული საზოგადოებების ძილის და სამუშაო გრაფიკები, ადამიანებს ზამთარში 1 საათით მეტი ეძინათ.
ქრონობიოლოგი ტილ რონებერგის მიხედვით, არსებობს შეუთავსებლობა ჩვენ ბიოლოგიურ საათსა და სოციალურ საათს შორის. სხვაგვარად რომ ითქვას, სოციალური მოთხოვნილებების და ვალდებულებების შესრულების დრო (სკოლა, სამსახური, ა.შ.) უცვლელია სეზონების მანძილზე, მაშინ როდესაც ჩვენი ბიოლოგიური საათის მოთხოვნილებები სეზონურად იცვლება.
ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურები და სკოლები ცდილობენ გაითვალისწინონ ეს შეუთავსებლობა ბიოლოგიურ და სოციალურ საათს შორის. მაგალითად, აშშ-ში იქ, სადაც სკოლის დაწყების დრო გადაწიეს, სკოლის გაცდენების შემცირება და პროდუქტიულობის ზრდა შენიშნეს. ინგლისში სკოლები, რომლებმაც სწავლის დაწყება გადაწიეს 8:50-დან 10:00-მდე, აჩვენებენ გაუმჯობესებულ აკადემიურ მოსწრებას.
ჩვენი ცირკადული რიტმის სეზონური ცვლილება და მისი გავლენა ჩვენ პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვანია.
როენბერგის თქმით, ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს უნდა მისცენ უფლება, რომ სამსახურში ისეთ დროს მოვიდნენ, როდესაც მათი სხეული ბუნებრივად იღვიძებს, რადგან, მეცნიერის თქმით, ამ შემთხვევაში დასაქმებულიც და დამსაქმებელიც უფრო კმაყოფილი და პროდუქტიული იქნება.
წყარო: on.ge