გასაუბრება ორმხრივი პროცესია, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმების მაძიებლისთვის. ერთის მხრივ, დამსაქმებელმა უნდა შეარჩიოს პოზიციისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი, მეორეს მხრივ, კი დასაქმების მაძიებელმა უნდა შეძლოს ეფექტური თვითპრეზენტაცია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გასაუბრება ყოველთვის სტრესთანაა დაკავშირებული, კანდიდატები ხშირად ნერვიულობის ფონზე ვერ ახერხებენ თავიანთი უნარებისა და პროფესიონალიზმის ობიექტურად წარმოჩენას, მით უფრო, თუ დამსაქმებელი ისეთ კითხვას სვამს, რაც კანდიდატის არა საუკეთესო მხარეების დანახვას, არამედ ნაკლოვანებების აფიშირებას ეხება. ერთ-ერთ ასეთ კითხვათა კატეგორიას მიეკუთვნება:
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რა არის თქვენი ყველაზე სუსტი მხარე?
აღნიშნულ კითხვაზე არამც და არამც არ უნდა მოახდინოთ სპონტანურად ნაფიქრი აზრის გაჟღერება, ის მოითხოვს დაფიქრებას თქვენს ისეთ თვისებაზე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაძლოა, მართლაც თქვენი სისუსტეა, მაგრამ, ამავდროულად, ხაზს უსვამს თქვენს სიძლიერეს პროფესიულ კონტექსტში. რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ ინდივიდუალური ხასიათი და პასუხის შესაბამისობა რეალობასთან, რადგან ინტერვიუერს ათასობით შაბლონური პასუხი ექნება მოსმენილი და მისთვის ადვილი შესამჩნევი იქნება სიყალბე.
ყურადღება გაამახვილეთ ისეთ თვისებაზე, რომელიც სამსახურეობრივ ვითარებაში ძლიერ თანამშრომლად წარმოგაჩენთ. მაგალითად, “საშინელი “workaholic”-ი (სამუშაოზე მიჯაჭვული პიროვნება) ვარ, რაც ხშირად იწვევს უკმაყოფილებას ოჯახში, რადგან მათთვის დრო, ფაქტობრივად, არ მრჩება”, ან ასევე: “ბუნებით პერფექციონისტი ვარ, ყოველთვის მინდა ჩემ გარშემო ყველაფერი იდეალურად იყოს და ხანდახან იმედი მიცრუვდება, როცა ვხედავ, რომ სხვები იგივეს არ აკეთებენ”. გაითვალისწინეთ, არ დაასახელოთ ისეთი თვისება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია კონკრეტული პოზიციისთვის. მაგალითად, თუ გასაუბრება მიმდინარეობს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, არადამარწმუნებელი კომუნიკაცია იქნება ყველაზე ცუდი პასუხი ამ კითხვაზე.
შეგიძლიათ კარგად დაფიქრდეთ და დაასახელოთ ისეთი თვისება, რომლის უარყოფით ხასიათსაც კარგად აცნობიერებთ და ზრუნავთ მის გამოსწორებაზე. სისუტეებზე საუბრისას ეცადეთ, რომ გამოიყენოთ წარსული დრო, მაგალითად, “ყოველთვის მეშინოდა დიდი აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის, იმდენად ვნერვიულობდი-ხოლმე, რომ რამდენჯერმე საერთოდ დამავიწყდა რა უნდა მეთქვა და ძალიან შემრცხვა. მას შემდეგ გადავწყვიტე სპეციალური ტრენინგების გავლა “Public Speaking”-ის მიმართულებით, სადაც გამოცდილი ფსიქოლოგები დამეხმარნენ დამეძლია ეს სისუსტე და საბოლოო ჯამში, ჩემს ერთ-ერთ ძლიერ მხარედ მექცია”.
ნეგატიურზე საუბრის დროსაც კი არ დაივიწყოთ პოზიტიური ტონი და პასუხის ოპტიმისტურად დასრულება. ამგვარი ტიპით საუბრის წარმართვა, ერთის მხრივ, ხაზს უსვამს თქვენს მიზანდასახულობას და მეორეს მხრივ, ყველა საჭირო უნარის განვითარებისთვის მზაობას, რაც საბოლოო ჯამში თქვენს კანდიდატურას პოზიტიურად წარმოაჩენს.
წყარო: work.ge