მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები, უკვე დიდი ხანია, სამუშაო ადგილებთან და პირობებთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებენ (მაღალი მაგიდები, ძილის კაბინები, დამატებითი განათლება). ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შვეიცარიაში ექვსსაათიანი სამუშაო დღის შემოღების განხილვა დაიწყეს, რასაც მთელ ევროპაში შრომის პირობებზე დისკუსიის ახალი ტალღა მოჰყვა. საქართველოში, სამუშაო პირობები ამ სტანდარტებისგან შორის არის, თუმცა ღია ეკონომიკის და ტექნოლოგიური გლობალიზაციის პირობებში ცვლილებები, ადრე თუ გვიან, ქართულ შრომის ბაზარსაც შეეხება. როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამუშაო დღე, სამუშაო ადგილი და თავად სამუშაო? რომელი პროფესიები გაქრება და რომელი – დარჩება? გთავაზობთ ძირითად შეხედულებებს, რომლებიც მსოფლიოში შრომის და შრომითი მოწყობის მომავალზე არსებობს.
ნაკლებს გადაგვიხდიან
ბრიტანელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, 1930 წელს დაწერა ესე “ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი შვილიშვილებისთვის”, რომელშიც ის თავისი თანამედროვეების შთამომავლებს უზრუნველ და აყვავებულ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებს, თუმცა იმავდროულად დასძენს, რომ გარდაუვალია ტექნოლოგიური უმუშევრობა, რომელიც აუცილებლად გაჩნდება დროებით, შრომის ავტომატიზაციის პერიოდში, ვიდრე სამუშაოების ნაწილს შრომის სხვა სახეობები ჩაანაცვლებს.
ზოგიერთი ეკონომისტი კეინზს არ ეთანხმება და ამბობს, რომ შრომის ავტომატიზაცია იწვევს როგორც პროდუქტიულობის, ისე სახელფასო შემოსავლის ზრდას, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა, რაც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
დიდ დროში გამოცდილებამ ცხადყო, რომ ავტომატიზაცია დოვლათს კი არ ამცირებს, არამედ ზრდის. დიდ ბრიტანეთში, XVI-დან XIX-საუკუნემდე საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზარდა, შემდეგ კი კიდევ სამჯერ გაიზარდა სულ რაღაც ერთი ასწლეულის (1875 წლიდან 1975 წლამდე) განმავლობაში. რაც უფრო ინტენსიურია ინდუსტრიალიზაცია, მით უფრო მდიდარია ხალხი, ხოლო ძველი პროფესიების და სამუშაოების ადგილზე სწრაფად ჩნდება ახალი, უფრო საინტერესო და შემოსავლიანი სამუშაო ადგილები. ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა ინდუსტრიული ეპოქიდან პოსტინდუსტრიულზე გადასვლისას. რა თქმა უნდა, ეს ზრდა უსასრულო ვერ იქნება, ამიტომ, ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი, ბოლო ათეული წლის განმავლობაში ხელფასები ინფლაციის გავლენით არ შეცვლილა. ეს ხდება იმის გამოც, რომ პროცესების ავტომატიზაცია დამსაქმებელს კადრებზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს. და დროსთან ერთად სულ უფრო მეტი კვალიფიციური კადრი სამუშაოს გარეშე რჩება.
ოქსფორდელმა მეცნიერებმა კარლ ფრეიმ და მაიკლ ოსბორნმა, თავიანთ კვლევაში, რომელიც შრომითი მოწყობის მომავალს ეძღვნება, 700 პროფესიისთვის მომავლის რეკონსტრუქცია მოახდინეს იმ შესაძლებლობის გათვლით, თუ რამდენი სპეციალობის ადამიანს დატოვებს სამუშაოს გარეშე კომპიუტერიზაცია უახლოესი 20 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ პროფესიების დაახლოებით ნახევარს (47%) საფრთხე ემუქრება. და რა თქმა უნდა, პროფესიის კომპიუტერიზაციის ალბათობა მისი სირთულის და შემოსავლიანობის უკუპროპორციულია (ლაპარაკია დასავლურ ქვეყნებზე). ამგვარად, ფსიქოანალიტიკოსებს, ზოგადად ექიმებს, მეცნიერებს და ინჟინრებს, რედაქტორებს და ტრენერებს შეუძლიათ ჯერჯერობით მშვიდად იყვნენ, მაგრამ ტელემარკეტოლოგებმა, აუდიტორებმა, უძრავი ქონების აგენტებმა და მექანკოსებმა გადამზადების კურსებზე უნდა იფიქრონ. როგორც ჩანს, კეინზი მართალი იყო, უბრალოდ, თავის პროგნოზებში ის არა ერთი ნაბიჯით, არამედ ერთდროულად ათი ნაბიჯით წინ იხედებოდა.
ელიტები გამდიდრდებიან, ჩვენ – გავღარიბდებით
იგივე წინაპირობებისგან გამომდინარეობს მეორე დასკვნა: თუ ახალი ტექნოლოგიები ბიზნესის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს იმის ავტომატიზაციას, რასაც მანამდე ადამიანი აკეთებდა, ის ბუნებრივია მუშახელზე ეკონომიას გააკეთებს. ასე ბიზნესმენი უფრო გამდიდრდება, რიგითი თანამშრომლები კი ქუჩაში დარჩებიან. ტექნიკური პროგრესი როგორც სოციალური უთანასწორობის მამოძრავებელი – ეფექტური ტენდენციაა, რომელსაც ეკონომისტები და ინტელექტუალები სწავლობენ, მასთან ბრძოლა კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში მემარცხენე დღის წესრიგის სავალდებულო ნაწილად იქცა.
ჟურნალისტი კრისტია ფრილენდი, რომელიც დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრია, და პლუტოკრატიაზე რამდენიმე ბესტსელერის ავტორია, ამტკიცებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მდიდრებს და ღარიბებს შორის სხვაობა ისეთი არსებითი, როგორც ბოლო წლებშია, არ ყოფილა. ამგვარად, ტექნოლოგიებს, მხოლოდ სიკეთე არ მოაქვს. ერთი მხრივ, ის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მშივრების დაპურების საშუალებას ქმნის, მეორე მხრივ, ხელს უწყობს უთანასწორობის ზრდას განვითარებულ ქვეყნებში, რასაც მოსდევს სოციალური დაძაბულობა, და რაც მთავარია, ახალი არისტოკრატიის გაჩენა. საუკეთესო უნივერსიტეტები და სამუშაო ადგილები სულ უფრო ხელმიუწვდომელია საშუალო კლასისთვის, ელიტა კი მდიდრდება, რაც მნიშვნელოვნად ამწვავებს ატმოსფეროს ბევრ ქვეყანაში.
სისულელეების კეთება მოგვიწევს
თუმცა, საშუალო კლასს, სუპერმდიდრების კეთილდღეობის ზრდა ჯერჯერობით დიდად არ აშფოთებს, მას უფრო სასიცოცხლო პრობლემები აქვს. იმისთვის, რომ არ გაღატაკდეს, სულ უფრო ბევრი ადამიანი, რომელიც სამუშაოს მისი მექანიზაციის გამო კარგავს, ფუჭი საქმიანობით არის დაკავებული. ლონდონის ეკონომიკის სკოლის ანთროპოლოგი დევიდ გრიბერი ამას ეძახის სულელურ სამუშაოს (bullshit jobs). სწორედ ასეთი სამუშაო შეადგენს მთელი კლასის დასაქმებულობის არსს, რასაც ოფისურ პლანქტონს უწოდებენ. ასეთი სამუშაოს მთავარი ამოცანა არა რამეს შექმნასა და წარმოებაში, არამედ სოციალური დაძაბულობის განმუხტვაშია: რომ ყველა, ვინც ახალმა მექანიზაციამ პროცესის მიღმა დატოვა, თავს დასაქმებულად გრძნობდეს, კომპიუტერთან ან სადმე შვებულებაში, და უმუშევრების კასტას არ შეუერთდეს.
ეს მოდელი აქტუალურია ნედლეულით მდიდარ, მაგრამ ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც რუსეთია და მას საფუძვლად უდევს არა რობოტიზაცია ან ტექნიკური პროგრესი, არამედ ნახშირწყალბადი. როდესაც ქვეყნის არსებობას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს მხოლოდ ბუნებრივი რესურსები, შრომის არაეფექტურობა კატასტროფა სულაც არ არის. ასეთ სიტუაციაში სამუშაო ფასეულია, არა როგორც საქონლის და მომსახურების წარმოების მეთოდი, არამედ როგორც სოციალური სიცხის დამწევი.
სპეციალისტების აზრით, ოფისური პლანქტონი ახლო მომავალში არც განვითარებულ და არც ნედლეულის ქვეყნებში, არ შემცირდება.
ნაკლებს ვიმუშავებთ
იგივე კეინსი წინსწარმეტყველებდა, რომ მისი თანამედროვეების შვილიშვილები იმუშავებენ კვირაში 15 საათს, ანუ ოდნავ ნაკლებს, ვიდრე ორი რვასაათიანი სამუშაო დღეა. სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, თუ როგორ დავისვენებთ კვირაში ორი დღის ნაცვლად ოთხ დღეს, მაგრამ იმ დრომდე ჩვენთვის ძალიან შორია. თუმცა, მსოფლიოში გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე შეიმჩნევა. მაგალითად, შვედეთში ბოლო რამდენიმე წელია ბევრი კომპანია ექვსსაათიან სამუშაო დღეზე (ანუ 30-საათიან სამუშაო კვირაზე) გადადის. შემსუბუქებული სამუშაო კვირის მხარდამჭერთა თქმით, ეს მხოლოდ სასარგებლოა. ერთი მხრივ, ადამიანებს ოჯახისთვის, სპორტისთვის, დასვენების, მედიტაციისა და სხვა მსგავსი საქმისთვის მეტი დრო დარჩებათ, რაც მათ უფრო ბედნიერებს და ჯანმრთელებს გახდის. ეს, თავის მხრივ, მედიცინაზე ეკონომიის შესაძლებლობას შექმნის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევით, 15 საათზე მეტი სამუშაო საათი კვირაში, სამჯერ ზრდის ინფარქტის და ინსულტის რისკს, ეს კი განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის ბიუჯეტების მთავარი ხარჯებია). მეორე მხრივ, გამოთავისუფლებულ დროს ადამიანი იწყებს საქონლის და მომსახურების გამოყენებას, რაც ასევე კარგია ეკონომიკისთვის. მესამე: შემცირებული გრაფიკის ინიციატორებს გათვლა შრომის მწარმოებლურობის გაზრდაზე აქვთ. დადასტურებულია, რომ მოკლე სამუშაო დღე საშუალოდ უფრო დატვირთულია. ექსპერიმენტული შემცირებების მიზანი, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის დაიწყო, იმის დამტკიცებაა, რომ ყველა თანამშრომლის ეფექტურობა 6-საათიანი სამუშაო დღის პირობებში იმდენად გაიზრდება, რომ გადაფარავს დამატებითი ადამიანების დაქირავების ხარჯებს. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით მოკლე სამუშაო დღის ასეთი გრანდიოზული სასარგებლო ეფექტი, მხოლოდ თეორიაა. თუმცა, ლოგიკურია, რომ თუ ადამიანების დიდი ნაწილი მანც “ფუჭი” სამუშაოთია დაკავებული, 6-საათიანი სამუშაო დღე არანაირ ზიანს არ მოიტანს.
ექსპერიმენტების და შემოქმედების დრო მოდის
მექანიზაციას უდავო უპირატესობებიც აქვს. ახალი ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად ზოგიერთ ბაზარზე შესვლის ღირებულება ნულს უტოლდება. ახლა, საკუთარი საქმის დასაწყებად, თქვენ ინვესტორი შეიძლება არც დაგჭირდეთ, საკმარისია საკუთარი დანაზოგი ან უბრალოდ იდეა და კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა – ეს საკმარისი იქნება სტარტაპის დასაწყებად. შესაბამისად, ბიზნეს-შეცდომის ფასიც იკლებს. იმავდროულად, ფულს, რომელსაც ზემდიდრები დიდ საოფისე ძალაზე ზოგავენ, სადღაც უნდა წავიდეს. და სად წავა ის, თუ არა პერსპექტიული იდეების და მიმართულებების დაფინანსებაზე? ასე რომ, უთანასწორობის ზრდისა და ზემდიდრების მიუხედავად, ნიჭიერ ხალხს თავიანთი იდეებისა და ოცნებების განხორციელების შანსი მაინც რჩებათ,
მეორე მხრივ, სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ადამიანები აუცილებლად შეავსებენ ახალი გამოცდილების, გართობის და ემოციების ძიებებით, ასევე პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩოგბურთის, იოგას და იკებანის მწვრთნელებს მომავალში კარგი შემოსავალის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ტრამვაის მძღოლებს. ტრამვაი და ავტომობილი ნამდვილად იქნება ავტომატური, ემოციური სფეროს რობოტიზებამდე კი ჯერ კიდევ შორია.
საკუთარი თავს თვითონ დავასაქმებთ
ტექნოლოგიური ბუმის გარდაუვალი შედეგია სამუშაო ადგილების შემცირება, რაც უმტკივნეულო არ იქნება. თუმცა მექანიზაციის წყალობით, იმის აუცილებლობა, რომ რომელიმე კომპანიას ეკუთვნოდე, სამსახურში იარო და ორგანიზაციაში ირიცხებოდე, შემცირდება.
გჭირდებათ ექიმი, სანტექნიკოსი ან დამლაგებელი? არსებობს სპეციალური აპლიკაციები. ტოტალური სმარტფონიზაციის და მასობრივი გაზიარების (sharing) შესაძლებლობების პირობებში, ეგრეთ წოდებული “ფრილანსი” (შტატგარეშედ მუშაობა) ხდება პოპულარული, როგორც არასდროს. ტაქსის მაგალითი თვალსაჩინოა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ტელეფონზე ტაქსის აპლიკაცია ეგზოტიკა იყო. დახლოებით ერთდროულად გაჩნდა კომპანიები Uber-ი, Gett-ი და Yandex Taxi. მათ ზრდა დაიწყეს გეომეტრიული პროგრესიით, წელიწადში 300-400 პროცენტით. ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლის მომსახურება თავის მომხმარებელს სწრაფად დაუკავშირდეს, და ამ პროცესში მას არანაირი შუამალი აღარ სჭირდება. კარგად გააზრებული სერვისი ბაზრებს მთლიანად ცვლის, როგორც ეს ტურიზმის ბაზარზე Airbnb-ის გამოჩენის შემდეგ მოხდა.
თუმცა ეს კომპანიები პიონერები არ არიან. მაგალითად, კომპანია Appirio დამკვეთებს პროგრამისტ-ფრილანსერებთან აკავშირებს; კომპანია Elance-oDesk-ი აკავშირებს 4 მილიონ კომპანიას 10 მილიონ ფრილანსერთან; Axiom-ის ბაზაში 650 იურისტია, რომლებსაც უმსხვილესი კომპანიები ერთჯერადი გარიგებებისთვის ქირაობენ; Tongal-ი სამუშაოს პოვნაში ეხმარება 40 ათას სპეციალისტს კინოინდუსტრიიდან; რომ აღარაფერი ვთქვათ ექიმებზე, რეპეტიტორებზე, ფსიქოლოგებზე, ძიძებზე, ყველა მიმართულების ინსტრუქტორზე. რაც დრო გადის, თვითდასაქმებულთა რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება.
ვიმუშავებთ ფეხზე დგომით ან გზად
მუშაობის შინარსთან ერთად, შეიცვლება მისი ფორმაც. ლაპარაკია არამხოლოდ კურიერებზე, რომლებსაც ადრე თუ გვიან დრონები შეცვლის, არამედ ოფისის თანამშრომლებზეც. საოფისე სამუშაო აღარ იქნება მჯდომარე. მრავალჯერ დადასტურდა, რომ ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი მავნეა. ის ვინც დღის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზის, მიდრეკილია გასუქებისკენ, გულის დაავადებებისკენ, კიბოს რაღაც სახეობებისკენაც კი და საბოლოო ჯამში – ნაადრევი სიკვდილისკენ. ამიტომ მთელ მსოფლიოში პოპულარული ტენდენციაა მდგომარე მუშაობა – მაღალ სამუშაო მაგიდებთან, რომლებიც ყველა მაღალგანვითარებული კომპანიის ოფისებში დგას. რაც უნდა უცნაური იყოს, ფეხზე დგომით მუშაობას ადამიანი მალე ეჩვევა და ის ნაკლებად დამღლელიცაა, ვიდრე მაგიდასთან ჯდომა.
Business Insider-ის რედაქციაში, ექსპერიმენტის სახით მაგიდასთან სარბენი ბილიკი დადგეს. და ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე მოწინავე ხელძმღვანელები სამუშაო ადგილებს აწყობენ არამხოლოდ მაღალი მაგიდებით, არამედ სარბენი ბილიკებით, რომ თანამშრომლებმა მუშაობა სიარულის დროს შეძლონ.
შეიძლება მომავლის ასეთი ხატსურათების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ სადავო არ არის, რომ მომავალი სწორედ ასეთი ოფისებისაა. და ამ უცნაური ტექნოლოგიების წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ იმათზე უფრო ჯანმრთელები, მოხდენილები და ბედნიერები, რომლებიც ერთ ადგილზე დგანან.
წყარო: imedinews.ge