ილია გოგილაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის, მესამე კურსის სტუდენტია. მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვარგარეთ სწავლას უკავშირდებოდა. თვლიდა, რომ პროფესიული ზრდისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. სირთულეების მიუხედავად, ის პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით წავიდა. ილია სქართველოში დაბრუნების შემდეგ ქართველ სტუდენტებს იქ მიღებულ გამოცდილებას უზიარებს. რა შეიცვალა მის ცხოვრებაში და რა გამოცდილება მიიღო საზღვარგარეთ სწავლის დროს ილიამ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
– ილია, რატომ იყო შენთვის საზღვარგარეთ სწავლა ასეთი მნიშვნელოვანი?
ევროპაში სწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. დარწმუნებული ვიყავი, იქ წასვლით გავიზრდებოდი, საკუთარ თავს მიზნის მიღწევისკენ რწმენას შევმატებდი, მაღალი ხარისხის განათლებას მივიღებდი. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი თავის რეალიზება რაც შეიძლება კარგად მომეხდინა და სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად საჭირო პროგრამა მომეძებნა. ალბათ, მიზნის მისაღწევად მთავარი შრომა და მონდომებაა. შემდეგ მალევე აცნობიერებ, რომ შეუძლებელი არაფერია. საკუთარი თავის რწმენით კი, ვიცი, ყველა საზღვარს გადალახავ. საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას ხომ დიდი ფასი აქვს საქართველოში.
– რა ეტაპები გაიარე წასვლამე?
მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა ლოძიში გაცვლითი პროგრამა, Mobility Direct, გამოაცხადა. ამ დროს საკუთარ თავს ვუთხარი, ეს არის შენი შანსი, ის, რისთვისაც ამდენს ხანს იბრძოდი. ყველაზე რთული ეტაპი მქონდა მაშინ, როცა ინგლისურის ლექტორმა პირდაპირ მითხრა, რომ ჩემი ინგლისურის ცოდნის დონე არ იყო საკმარისი. აქ უკვე გადამწყვეტი როლი მოტივაციამ და თავდაჯერებულობამ ითამაშა. ორი ეტაპი წარმატებით გავიარე და აღნიშნულ პროგრამაში მოვხდი, სამართლის ფაკულტეტიდან მხოლოდ- მე.
– მოგვიყევი პოლონეთში გატარებულ დროზე, როგორ ცხოვრობდი, როგორ სწავლობდი?
ვსწავლობდი ლოძის უნივერსიტეტში. პოლონეთში იურიდიულ ფაკულტეტს მოწინავე ადგილი უკავია. რაც შეეხება საცხოვრებელს, უნივერსიტეტი ამ მხრივ უზრუნველყოფილია და ყველა კატეგორიის სტუდენტისთვისაა ხელმისაწვდომი… მათ საკმაოდ განსხვავებული სწავლის სისტემა აქვთ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ შენი საქმის პროფესიონალი გახდე. სწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი პრაქტიკაზე კეთდება. შესაბამისად, შეფასების განსხვავებული სისტემა აქვთ. აქ შანსი გეძლევა მოისმინო ევროპის სასამართლოს იურისტების ლექციები. დატვირთვა ინდივიდუალურია და სასწავლო მასალის მოძიება დამოუკიდებლად გიწევს.
– რა იყო იქ ყოფნის უპირატესობა და სირთულე?
რთულია იცხოვრო განსხვავებული ღირებულებებისა და კულტურის ხალხთან, შეეგუო ცხოვრების ახალ პირობებს, მაგრამ გამოწვევების წინაშე ყოფნა და საკუთარი თავის გამოცდა ძალიან მიყვარს. საქართველოში ყოფნისას არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ,,სტუდენტური ცხოვრება’’. იქ თავისუფალ დროს ყოველთვის ერთად ვიკრიბებოდით. ამ დროს შანსი გაქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან შეხვდე სტუდენტებს, მოუყვე შენი ქვეყნის შესახებ (ბევრმა არაფერი იცის საქართველოზემო), მოაწყო საღამოს წვეულებები, წახვიდე ლაშქრობებზე და სხვა.
– რა შეცვალა წასვლამ შენს ცხოვრებაში?
ევროპაში ყოფნისას ყოველთვის ვამბობდი: There are no borders for me. იქ ყოფნისას ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უცხოეთში გატარებულმა დრომ დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ოჯახიდან შორს ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, მოვძებნე სტუდენტური სამუშაო, პირველად დავიწყე მუშაობა, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, თავისუფალ დროს ვმოგზაურობდი, მოკლედ იქ რადიკალურად იცველბი. ამ დროს გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავს იყო ევროპული ქვეყნის მაცხოვრებელი. შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა.
– რას ურჩევ სტუდენტებს?
ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ მიზნის მისაღწევად ბოლომე იბრძოლონ. სწავლა აუცილებლად გააგრძელონ საზღვარგარეთ, ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში, ერთი სემესტრით მაინც. მიღებული გამოცდილება, მართლაც რომ შეუდარებელია, როგორც გართობის, ისე სწავლის მხრივ, ამას ვერასდრს მიიღებ აქ.
– რას აპირებ მომავალში?
ბაკალავრიატს საქართველოში დავამთავრებ. მაგისტრატურის საფეხურისთვის ევროპის უნივერსიტეტების შერჩევა და სტიპენდიის მოპოვებაზე ზრუნვა უკვე დავიწყე. დროს მაქსიმალურად და გონივრულად ვიყენებ და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს ყოველთვის მივაღწევ.
ავტორი: ნათია ზარიძე