ხშირად ძალიან დამღლელია შეგონებები და დარიგებები, რომელიც გვამცნობს, როგორ უნდა იქცე სრულყოფილ სტუდენტად, როგორ მოიპოვო სტიპენდია, მეტი სერტიფიკატი, გახდე უფრო აქტიური, მიიღო მონაწილეობა უამრავ კონფერენციაში, არ გააცდინო სემინარები, ჩაიწერო ლექციები, არ მოიკლო ძილი, მაგრამ ამავდროულად გამოცდის წინა ღამეს ბევრი იმეცადინო, იყო ყველგან, სადაც მოხალისეებს ითხოვენ და ასე შემდეგ.
ეს რჩევები ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი? ან სად ვიპოვოთ მოტივაცია, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებისკენ გვიბიძგებს და შუა გზაში არ დაგვამუხრუჭებს? აი, ამაზე არავინ არაფერს გვეუბნება. ეტყობა ამ საიდუმლოებებით მოცულ ნაწილს ჩვენით უნდა გავართვათ თავი, დამოუკიდებლად. არადა, ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ეს არის.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ფსიქოლოგმა დევიდ ლაუდმა, რომელიც ამჟამად ტექსასის უნივერსიტეტში ასწავლის და თავის თავს წარსულში ცუდი სტუდენტის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევდა (თუმცა მისი ქულების საპირისპიროზე მეტყველებდნენ), შეიმუშავა 13 წესი სტუდენტებისთვის, რომელიც ყველა მათგანმა უნდა დაიცვას.
1. პირველი კურსი ძალიან მნიშვნელოვანია:
პირველ წელს არავინ აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა. პირველი ლექცია შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, მაგრამ დაუშვებელია მისი გაცდენა, ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა მიიღო.
2. ნუ შეგეშინდება ნერვიულობის;
ბუნებრივია, რომ დასაწყისში, სანამ უცხო გარემოს შეეჩვევი, ბევრს ნერვიულობდე. შეიძლება დილის ოთხ საათზე იმაზე ფიქრმა გაგაღვიძოს, როგორ გაუმკლავდები ამ ყველაფერს, მაგრამ დამიჯერე, რამდენიმე თვეში ამ მომენტზე გაგეცინება, რადგან აღმოაჩენ, სანერვიულო არაფერია.
3. დაუახლოვდი შენს კურსელებს;
როცა ლექციის დაწყებამდე დერეფანში დგახარ შენს კურსელებთან ერთად და ელოდები, როდის გაიღება აუდიტორიის კარები, გამოიყენე ეს დროს კონტაქტების დასამყარებლად და გაიცანი შენი კურსელები, რომლებთან ურთიერთობაც მრავალი თვის განმავლობაში მოგიწევს.
4. ნუ იქნები „ტრამალის მგელი“;
შეიძლება ფრიად რომანტიკულია იმის წარმოდგენა, როგორ დგახარ ყველასგან შორს და ცალკე, შენს სამყაროში ხარ ჩაკეტილი, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ წამგებიანი გადაწყვეტილებაა. დაუახლოვდი ჯგუფებს, რათა მომავალში მათთან ერთად შეძლო გართობა ან თუნდაც სწავლა და ჯგუფური დავალებების შესრულება.
5. გაიცანი ლექტორები;
ლექტორები რიცხობრივად გაცილებით ჩამოუვარდებიან სტუდენტებს, ამიტომ მათ გასაცნობად ინიციატივა შენ უნდა გამოიჩინო.
6. ახალი ადამიანების გაცნობა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, მაგრამ შედეგი ამართლებს ძალისხმევას
გარდა ამისა, გარკვეული პრაქტიკის შემდეგ აღმოაჩენ, რომ კომუნიკაციის დამყარება უკეთ გამოგივა, რაც მომავალში აუცილებლად გამოგადგება.
7. მოსაწყენი აქციე საინტერესოდ;
კურსი შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის საფუძველს, დაბალი ქულა მიიღო. მოძებნე გზა, რომლითაც მოახერხებ სასურველი შედეგის მიღწევას და პროცესი დიდად არ დაგტანჯავს.
8. ნუ გაართულებ საქმეს იმაზე მეტად, ვიდრე უკვე არის;
უნივერსიტეტი ისედაც რთულია, საჭირო არაა მისი კიდევ უფრო გართულება, ამიტომ გამარტივების მეთოდები ეძებე და არა პირიქით.
9. შეინარჩუნე დისციპლინა;
დისციპლინა აუცილებელია, რადგან უამრავ ცდუნებას, რომელიც შენს სამეცადინო დროს ემუქრება, სხვანაირად ვერ გაუძლებ.
10. შექმენი რუტინა;
შეიძლება მეცადინეობა ჩვევად გამოიმუშავო, თუ ამას მოინდომებ, ისევე როგორც, მაგალითად, კბილების გამოხეხვაა.
11. წარუმატებლობა გარდაუვალია, მთავარია საპასუხოდ რას მოიმოქმედებ;
აუცილებლად დადგება მომენტი, როცა დაბალ ქულას მიიღებ, შეიძლება საგანი ჩაგრჩეს კიდეც. მთავარია ამ ყველაფერს სათანადოდ გაუმკლავდე და არ დაასკვნა, რომ სამყარო დასრულდა.
12. წარმატება თითქმის ყველაფრის მიღმა იმალება;
ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეიძლება აღმოაჩინო, რატომ იყო წარმატებული გამოცდილება, როცა ნახე, რომ რომელიღაც ტესტში ძალიან დაბალი შეფასება მიიღე.
13. უნივერსიტეტი რთულია, ცხოვრებაც რთულია, იყავი გაბედული;
თუ რამე მნიშვნელოვანის მიღწევას აპირებ, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ფეხი ბევრჯერ გადაგიბრუნდება, შეიძლება წაიქცე კიდეც, მაგრამ წამოდგომის გამბედაობა ყოველთვის უნდა გქონდეს.
წყარო: Psychologytoday.com
ავტორი: ქეთი ქურციკიძე