ცნობილია,რომ ოდითგანვე ტანსაცმლის გამოცვლა ახალი სტატუსის მიღების სიმბოლო იყო, ერთგვარი საზოგადოების მხრიდან ინდივიდის თანასწორად აღიარების რიტუალი. სწორედ იგივე ისტორია არის დაკავშირებული მაგისტრების ჩაცმულობასთანაც. ინგლისურენოვან ქვეყნებში აკადემიურ ჩაცმულობას აქვს მშვენიერი სახელი – regalia. ზოგადად, მანტიისა და ქუდის ტარება შეცდომით ამერიკულ ტრადიციად არის მიჩნეული, სინამდვილეში კი ამ ტრადიციას ევროპული ფესვები აქვს და ის დაკავშირებულია კემბრიჯთან და ოქსფორდთან.
როგორც ცნობილია, შუასაუკუნეებში განათლება სახელმწიფოზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ – ეკლესიაზე. არც არის გასაკვირი,რომ აკადემიური ჩაცმულობა სამონასტროს ასლია. ბუნებრივია, ახლა მანტია მხოლოდ დღესასწაულებზე გამოიყენება, მაგრამ შუა საუკუნეებში ეს სამოსი დიდი ხნის მანძილზე ყოველდღიური იყო.
მანტიები ყველაზე ხშირად ატლასისგან იკერება. ტრადიციული ფერი არის შავი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდი იყო. ძველად, სტუდენტები და ლექტორები სხვადასხვა ფერის ტანისამოსს ატარებდნენ. შემდგომ გაჩნდა მუქი ფერების ტენდენცია, რაც მოგვიანებით ტრადიციად იქცა. სარჩულის ფერი კი განსაზღვრავს იმას, თუ რომელ დარგში იქნება სტუდენტი სპეციალისტი. თეთრი ფერი ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სიმბოლოა.
სხვა მეცნიერების დარგები შემდეგი ფერებით აღინიშნება: ოქროსფერი ან სპილენძისფერი – ეკონომიკა, ცისფერი – ფერწერა, ყავისფერი – არქიტექტურა, მწვანე – მედიცინა, ლურჯი ან იისფერი – იურისპუდენცია.
და რა დატვირთვას ატარებს მაგისტრის ქუდი? ეს აქსესუარი დღესაც მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გამოიყენება. იგი სიმბოლოა ცხოვრების მრავალგვარობისა და განათლებული ადამიანების გონებრივი სიმყარისა.ფუნჯი ქუდზე აგრეთვე ძალიან საინტერესო დეტალია. შუასაუკუნეეებში, სანამ სტუდენტი დაამთავრებდა სწავლას, მას ჰქონდა უფლება ქუდი ეტარებინა, მაგრამ დიპლომის მიღებისას მას ფუნჯი მარცხენა მხარეს უნდა გადაეგდო. ეს ტრადიცია ნაწილობრივად შენარჩუნებულია დღესაც ზოგიერთ უნივერსიტეტში.