N-ice, სტუდენტი გოგონა, რომელიც ნიღბებსა და სიყალბეს ჰიპ-ჰოპით ებრძვის

ინტერვიუ

,,ყინულის ლედის“ (ICE LADY) Facebook-სა და Youtube-ზე ათასობით ,,ფოლოვერი“ და მნახველი ჰყავს. გოგოს, რომელიც ებრძვის ნიღბებსა და სიყალბეს, თუმცა ვერ უმკლავდება საკუთარ ემოციებს, უყვარს ხატვა და ჰიპ ჰოპი _ ნათია მეგრელიძე, სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი, დღეს ჩვენი სტუმარია.

 

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა…

არტისტი ან მუსიკოსი გამოვსულიყავი, ყველა შემთხვევაში, ვიცოდი, რომ ჩემი საქმიანობა ხელოვნების რომელიმე დარგს დაუკავშირდებოდა. არც შევცდი. ავირჩიე მხატვრობა, თანაც ჩემს ოჯახში მამა მხატვარია, ბაბუაც მხატვარი იყო, შეიძლება ითქვას, გენეტიკურია, თუმცა გადაწყვეტილება ჩემი სურვილით მივიღე, ხატვა აბსოლუტურად ჩემია. იგი საკუთარი გრძნობებისა და შინაგანი სამყაროს გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც საკუთარი თავის პოვნაშიც მეხმარება.

13095939_10204707216639213_7791868197279158718_nჩემი პირველი წარმატება…

ხატვას უკავშირდება. 11 წლის ასაკში მოეწყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მას საკმაოდ ბევრი ცნობილი და წარმატებული ქართველი მხატვარი დაესწრო. რამდენიმე ტელევიზიაც კი იყო მოწვეული. მახსოვს, შთაბეჭდილებების რვეულიც მქონდა, მას დღემდე ვინახავ.

ხატვის გარდა…

ჰიპ-ჰოპს უჭირავს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი. ამ მიმდინარეობით 2010 წელს დავინტერესდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბითბოქსს ვაკეთებდი, ინტერესი სწორედ აქედან წამოვიდა. უკვე ექვსი წელია ჰიპ-ჰოპით ვარ გატაცებული და ერთხელაც არ მიფიქრია შევეშვა ამ საქმიანობას. ჰიპ-ჰოპი ჩემი ცხოვრების სტილია. მიუხედავ იმისა, რომ ეს მიმდინარეობა საქართველოში განვითარებული არ არის, ზოგჯერ მაინც მაქვს შესაძლებლობა გამოვიდე კლუბებსა და ბარებში, სადაც Hip-Hop ,,ივენთები“ ტარდება. მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როდესაც საკუთარი ,,ტრეკები“ მსმენელამდე მიმაქვს.

ჩემში გარდატეხა მოახდინა…

ჰიპ-ჰოპის კულტურამ, რომელსაც სრულყოფილად გავეცანი. წავიკითხე რამდენიმე არტისტის რეჩიტატივიც. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ინტერესის სფერო ყოფილა: ფეხბურთი, კალათბურთი, ზოგადად სპორტი და ჟურნალისტიკაც. ძალიან ბევრ მატჩს ვადაევნებდი თვალს, თავადაც ვთამაშობდი, თუმცა სფერო, რომელიც ჩემთვის განუმეორებელი და უცვლელი დარჩა ჰიპ-ჰოპია.

ხატვა თუ ჰიპ ჰოპი… 

რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ. ჩემთვის ორივე მათგანი ხელოვნებაა. მიკროფონსა და ფუნჯს ერთნაირი დატვირთვა აქვს. ნახატით თვალსაჩინოდ ჩანს ჩემი განწყობა, ჰიპ-ჰოპით კი ჩემს ემოციებსა და იდეოლოგიას სიტყვებითა და მუსიკით გადმოვცემ, ორივე კარგი საშუალებაა ამისთვის.

ჩემი საყვარელი რეპერი…  255604_1574213454164_5725702_n

ყველასთვის ცნობილი ICE CUBE არის, რომელმაც ჰიპ-ჰოპი უფრო მეტად შემაყვარა. მისი ალბომები, ტრეკები და ფილმები უკვე ბოლომდე ამოვწურე და, სიმართლე რომ ვთქვა, დღეს, იმდენად ხშირად აღარ ვუსმენ, მაგრამ ჩემთვის დღემდე მისაბაძი ადამიანია.

ჩემი საყვარელი მხატვარი…

გუსტავ კლიმტია, რომლის შემოქმედებაც ნამდვილად განსაკუთრებული და აღმაფრთოვანებელია. როგორც ჰიპ-ჰოპ არტისტები, ისე მხატვრებიც ხშირად ყოფილან ჩემი ინსპირაციის წყარო.

ძირითადად ვხატავ…

პორტრეტებს, მიყვარს, როდესაც ადამიანის ტიპაჟს, ხასიათს, მთავარ თვისებებსა და ინდივიდუალურობას ვიჭერ, გადმოვცემ მის რეალურ სახეს. საკმაოდ რთულია, დახატო პორტრეტი, უფრო მეტად რთული კი – დაიჭირო ადამიანის ხასიათი, თუმცა სირთულეები ყოველთვის მხიბლავდა. ვხატავ როგორც ცნობილ ადამიანებს (რეპერებს, ფეხბურთელებს, მსახიობებს) ასევე ახლო მეგობრებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს. ძირითადად, ვხატავ ფანქარში, როგორც ნამდვილი გრაფიკოსი, თუმცა ფერებიც მიყვარს და ყველა ტექნიკაში, მასალაში, საღებავში შემიძლია მუშაობა.

klimt - natiaმუსიკითა და ხატვით გამოვხატავ…

ჩემს პროტესტს უსამართლობისა და მანკიერებების (და ა.შ.) მიმართ, თუმცა ჩემთვის არც ერთი თემა არაა რთული აღსაწერი. როგორც ცუდზე, ისევე კარგზე, ლამაზზე, სასიამოვნოზე შემიძლია წერა, ხატვა. არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება, არასდროს არ მაქვს ერთი თემატიკა აღებული, მუდამ ვცდილობ ის ვთქვა, რისი თქმაც მართლა თავად მინდა და არა ის, რაც უნდათ, რომ გაიგონ.

ჩემს თავს ვადარებ…

ზემოთ ნახსენებ აის ქიუბის, რომლის ხასიათი, თვისებები და მიმიკებიც კი ჩემთან ძალიან ახლოსაა. მასავით ბრაზიანი და ემოციური ვარ. ისე, ხშირად მადარებენ ჩემს საყვარელ არტისტებს სხვადასხვა სიტიუაციაში და ეს ძალიან მსიამოვნებს.

ადამიანებში ყველაზე მეტად ვაფასებ…

ინდივიდუალიზმს. არ მომწონს ბრბო, ერთნაირად მოაზროვნე, ერთნაირი შეხედულებებისა და სტილის ადამიანები. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე ის, ვინც საკუთარი თავის შეცნობა მოახერხა და ზუსტად იცის რა უნდა. მომწონს მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით უნიკალურები არიან.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში…

არის პასუხისმგებლობის გრძნობა. არ შემიძლია, მშვიდად დავიძინო თუ ვიცი, რომ ხვალისთვის რაიმე მისია მაკისრია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ზარმაცი ვარ, თუკი რამე მაქვს გასაკეთებელი, იმას აუცილებლად ვასრულებ. მნიშვნელობა არ აქვს შუადღე იქნება თუ ღამის 4 საათი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ, ვისაც ვჭირდები, იმედები არ გავუცრუო.

საკუთარ თავში არ მომწონს… nat

ის, რომ არ ვარ საკმარისად თავდაჯრებული. თითქმის ყოველდღე მეპარება ეჭვი საკუთარ თავში. ხშირად, როცა ჰიპ-ჰოპ ,,ივენთზე“ ჩემი გამოსვლის ჯერი დგება, მე ვფიქრობ, რომ ვერ გამოვალ იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა შევძლო. არადა ხალხი ყოველთვის კმაყოფილი რჩება. ამ მიზეზის გამო საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის ზედმეტად მომთხოვნი ვარ.

ჩემი სუსტი წერტილი…

ჩემი ემოციური მდგომარეობაა. ხალხს, რომელიც პირადად არ მიცნობს, რატომღაც, გაწონასწორებული, მშვიდი და მტკიცე პიროვნება ვგონივარ. სინამდვილეში კი, წვრილმანებსაც კი შუძლიათ ჩემი გაბრაზება. ვერ ვაკონტროლებ ემოციებს, პირიქით _ ისინი მმართავენ მე. მეგობრები ხშირად მირჩევენ დავძლიო ეს, მაგრამ რაც ვარ ეს ვარ.

ყოველთვის უნდა მახსოვდეს…

იმედგაცრუებები და მტკივნეული მომენტები, რომლებიც დღეს მაძლიერებენ. ბევრჯერ შევმცდარვარ და მინანია, სამაგიეროდ, შეცდომებზე ვსწავლობ და ვცდილობ, უკეთესი ადამიანი გავხდე. თვიდან მიჭირს რაიმე ცუდის გადატანა, თუმცა დროთა განმავლობაში ,,მაძლიერებს ის, რაც მკლავს“.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე…

ცეკვის ნიჭი, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ,,ბრეიკდანსს“, ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ ელემენტს. ადამინისთვის არაფერია შეუძლებელი, რასაც მოინდომებს ყველაფერს შეძლებს, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაგრამ მე, მაინც, რთული მეჩვენება ამ სტილის ცეკვა.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…

არის ის, რომ დროა მოვიშოროთ ჩარჩოები და დაამსხვრიოთ სტერეოტიპები. იფიქრეთ საკუთარი გონებით, გამოიყენეთ თავისუფალი ნება, თავად გადაწყვიტეთ რა არის თქვენთვის კარგი, მაგრამ დაასაბუთეთ რატომ არის კარგი. აღმოაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები, იპოვეთ საკუთარი თავი და აირჩიეთ ცხოვრებისეული სწორი გზა.

195146_1483821634425_1281746_oსიყვარული…

ისეთი გრძნობაა, რომლის აღწერაც შეუძლებელია. ეს ის ფენომენია, რომელიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ვფიქრობ, მთავარი და საწყისი ამ ყველაფრისა არის უფალი, საიდანაც ჭეშმარიტი სიყვარული იღებს სათავეს. საფუძველი ერთია: ნამდვილი გრძნობა უკეთეს ადამიანებად გვაყალიბებს, ის ყოველივე კარგის სათავეა, ის გულისხმობს საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანის ბოლომდე შეცნობას, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, ჩვენს გონებას ბოლომდე არ შეუძლია სიყვარულის შეგრძნება და დახასიათება.

მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც…

შემოქმედი, რომლისთვისაც მთავარი შეულამაზებელი რეალობის გადმოცემაა. მინდა, ბევრი ადამიანისთვის დავრჩე მისაბაძ მაგალითად, დავტოვო განძი, რამე ისეთი ფასდაუდებელი, რომელსაც საუკუნეებიც გაუძლებს, ვგულისხმობ, ჩემს შემოქმედებას, როგორც მხატვრულს, ისე მუსიკალურს. ჩემი სახელი სამუდამოდ მინდა დარჩეს, ეს არაა ამპარტავნული და ქედმაღლური განცხადება, ესაა გულწრფელი პასუხი. ყველა შემოქმედს ჭირდება დაფასება.

ჩემი სამომავლო გეგმები… 30293_1211720472066_6117355_n

მათ მხოლოდ ახლო მეგობრებს ვუყვები. ვიცი, რომ ცხოვრებაში (როგორც უკვე არაერთხელ განვიცადე) ბევრი იმედგაცრუება ხდება. ამიტომ არ მინდა, რამე საჯაროდ განვაცხადო და ბოლოს იმედგაცრუებული დავრჩე, თუმცა რაც მართლა ვიცი, არის ის, რომ თავს არ დავზოგავ, ვიშრომებ, ვისწავლი, მოვინდომებ, რომ უკეთესი მომავალი შევიქმნა, მივაღწიო მიზნებს, რომლებიც წლებია, დასახული მაქვს. უკვე ვიცი, რა როგორ უნდა გავაკეთო, წინ დიდი მომავალი მელის, ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარი საკუთარი თავის რწმენაა.

ავტორი: ნათია დაშნიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები