„…პრაქტიკის პროგრამა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას. სტაჟიორები არ არიან საშტატო თანამშრომლები და არ აქვთ ოფიციალური უფლება იმოქმედონ გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით…“, „…IDFI ეძებს სტაჟიორს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროექტებში. სტაჟიორებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილები, მუშაობა სრულ განაკვეთზე, სტუდენტებისთვის ნახევარ განაკვეთიანი“…
არაანაზღაურებადი ვაკანსიების ჩამონათვალს ვერ გამოვლევთ ქართულ ინტერნეტ სივრცეში. სტუდენტებსაც გვიხარია, თუ სადმე მსგავს განცხადებებს გადავაწყდებით, იმ იმედით, რომ ერთხელაც, გაგვიმართლებს და იქნებ, ვინმე დალოცვილმა, ცოტა ხელფასიც გაიმეტოს ჩვენთვის. იქნებ, ვინმეს ხელი წასცდეს და განცხადების ბოლოს აღნიშნოს – სტაჟირება ანაზღაურებადია. კვალიფიკაციის ამაღლების მოლოდინში, ჩვენც ერთი სამსახურიდან – მეორეში სტაჟიორებად ვფორმდებით. ზოგჯერ, ველოდებით, იქნებ, ვინმე დააწინაურონ და მისი ადგილი დავიკაოთ. ხან, გამოცდილ ადამიანებთან ერთად მუშაობა გვასულდგმულებს. ასეა თუ ისე, უფასო მუშახელობა თითქოს მოდაში შემოვიდა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ჯერ კიდევ 2008 წელს დაამთავრა. სტუდენტობის იმ წლებს იხსენებს, როცა გაჭირვების გამო სუპერმარკეტში მუშაობდა. არ ავიწყდება ერთ-ერთი რედაქციისთვის დაწერილი პირველი სტატია და გადაუხდელი კუთვნილი 9 ლარი, თაროზე შემოდებული გაუყიდელი გაზეთები და ფასიანი სტაჟირებები, რომლისგანაც მხოლოდ სერთიფიკატები დარჩა. დღეს, დარინა საკუთარი ხარჯებით ცდილობს ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
სტაჟირების პროგრამით სამჯერ დაკავდა. ხვდებოდა, რომ იყენებდნენ ე.წ. შავი სამუშაოს შესასრულებლად. „საქართველოში ამ მხრივ დასაქმების შანსი ნაკლებია, თუმცა, მეოთხე მცდელობაზე გამიმართლა და დამიტოვეს“.
იმ ფონზე, როცა საქართველოში სტაჟირების მკაცრი ვადები და ანაზღაურების პირობები კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, სტუდენტები დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები. სამსახურის დაწყების მოლოდინში, განუსაზღვრელ ვადებსაც ვთანხმდებით და აღარაფერს ვამბობთ ყოველდღიურად ტრანსპორტში დახარჯულ თანხასა და დროის ფაქტორზე. იმედგაცრუების შემთხვევაში, ჩვენც მათ რიცხვს ვუერთდებით, ვინც სტაჟირებას „21-ე საუკუნის მონობას“ უწოდებს.
პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა, შედეგებზე ორიენტირება, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, კომუნიკაბელურობა, უცხო ენების ცოდნა, – ვინ იცის, ამ ჩამონათვალს კიდევ რა დაემატება, რას მოითხოვს დამსაქმებელი სტუდენტებისგან, იმათგან, ვისაც სჯერა, რომ სტაჟირება სამუშაო გამოცდილებაა, ვისთვისაც ეს პროცესი კარიერის დასაწყისად შეიძლება იქცეს.
ავტორი: მარი მაჭარაშვილი
იხილეთ ასევე: გაბრიყვებული სტუდენტობა თუ ქსელური მარკეტინგი
“ფულს ვიხდი და იმ საგანს ვსწავლობ, რომელიც უინტერესოა”
“ფსევდო უნივერსიტეტში ფსევდო განათლების მისაღებად დავდივარ”