გაბრიყვებული სტუდენტობა თუ ქსელური მარკეტინგი

სტუდენტური ცხოვრება

 

„სასწრაფოდ, კერძო კომპანიაში გვესაჭიროება სატელეფონო ოპერეტორები და ასისტენტები. საქმეს შეგასწავლით ადგილზე.  ასაკი 18-დან  35 წლამდე. ანაზღაურება: ოპერატორი ფიქსირებული 550 ლარი, ასისტენტი 700 ლარი.  მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე“, – ასეთ განცხადებებს ყოველდღიურად  ვკითხულობთ ინტერნეტ სივრცეში. თვალს გვჭრის ფიქსირებული თანხა. დამეთანხმებით, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით კარგი შემოთავაზებაა.  დაუყონებლივ ვრეკავთ აღნიშნულ კერძო კომპანიაში, რომლის სახელიც კი არ ვიცით და ვეწერებით გასაუბრებაზე.  კომპანიის მენეჯერები გვეუბნებიან მხოლოდ მისამართს,  დანარჩენს ადგილზე გაგაცნობთო და ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ველოდებით გასაუბრებას.  როცა გამოუცდელი ხარ, ადვილად შეიძლება წამოეგო მათ ანკესზე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ხელთაა ინფორმაციის მოძიების  წყარო – ინტერნეტი. 

„ჩემი დეიდაშვილი ნახულობს მსგავს ვაკანსიას. მიდის გასაუბრებაზე.  ანგარიშზე რიცხავს ტრენინგის საფასურს – 30 ლარს.  მისცეს 3 პროდუქტი, რომელიც 100 ლარად უნდა გაეყიდა.  რა თქმა უნდა, ვერ გაყიდა და თავისი ჯიბიდან შეიტანა თანხა. ამის შემდეგ ეუბნებიან, რომ ხალხი უნდა მოიყვანო კომპანიაში და მათი ჩარიცხული თანხიდან დაგერიცხება პროცენტებიო.  დღეში, ალბათ, 50 ადამიანი ურეკავდა.  საბოლოო ჯამში თვის ბოლოს მიდის კომპანიაში და ხვდება გამომუშავებული 15 ლარი“.   „ფულს სადაც გთხოვენ არ დათანხმდეთ.  საეჭვო არაფერი არ არის, გარდა იმის რომ

„გოიმებს“ ეძებენ“, „აფერისტები არიან!“ – ამდენი უარყოფითი კომენტარის წაკითხვის შემდეგ, გადავწყვიტე,  ერთ-ერთ  კერძო კომპანიაში დამერეკა. დამიბარეს პეკინის 21-ში.  საძიებო სისტემაში აღნიშნული მისამართის აკრების შემდეგ ვნახულობ, რომ აქ მდებარეობს კერძო კომპანია „თავისუფალი პიარ აკადემია“. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. დასაქმების მსურველები იმაზე მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მეგონა. თითქოს, რიგი არ მთავრდებოდა. მენეჯერმაც, ამაყად მითხრა: -რას ვიზამთ, კონკურენცია დიდიაო. დირექტორის კაბინეტში შეგვიყვანეს 8 ადამიანი და ისმის პირველი კითხვა, – რას ნიშნავს პიარი? წუთიერი დუმილის შემდეგ, გვიხსნის, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობააო. ფორმალური გაცნობის შემდეგ, შეგვავსებინეს  CV და დაგვემშვიდობნენ იმ იმედით, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე დაგვიბარებდნენ და გაგვაცნობდნენ ხელშეკრულებას.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მეორე ეტაპზე არა, მაგრამ ამჯერად, ჟურნალისტის ამპლუაში ვესტუმრე და აღმოჩნდა, რომ ვიმყოფებოდი კერძო კომპანიაში „საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი“ და არა „თავისუფალ პიარ აკადემიაში“.   მისი დამფუძნებელი ბატონი გიორგი შენგელიძე აღნიშნავს, რომ კომპანია 2015 წლის სექტემბერში დაარსდა, დამოწმებულია საჯარო რეესტრში. მაცნობს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დასაქმების მსურველი იხდის 35 ლარს ტრენინგში და აღნიშნული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა?

ჩვენს კომპანიაში არ არის სავალდებულო დასაქმების მსურველს ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ძირითადად, საუბარი უნდა უყვარდეს, რომ ოპერატორად ავიყვანოთ.  გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მეორე ეტაპზე ვაცნობთ რა ევალებათ. ხელშეკრულებაში აღნიშნულ თანხას იხდიან ტრენინგისთვის და ამის შემდეგ იწყებენ მუშაობას.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ოპერეტორებს მთელი თვის განმავლობაში „კლიენტები“ არ დაუკავშირდნენ, მიიღებენ თუ არა ისინი ანაზღაურებას?

ჩვეულებრივი ქსელური მარკეტინგია. დღეში ევალებათ სამ ადამიანთან ინფორმაციის მიწოდება, რაც გულისხმობს ჩვენი პროდუქციის გაყიდვას, პროცენტები სწორედ აქედან ერიცხებათ.  მუშაობა არ არის მხოლოდ ტელეფონზე საუბარი, ის უნდა იძლეოდეს შედეგს. 

გსმენით უარყოფითი შეხედულებები თქვენი კომპანიის შესახებ?

არ ვიცი, შეიძლება წერენ უარყოფით კომენტარებს, მაგრამ დადებითი უფრო მეტია.  ხშირად, შავი პიარი თეთრზე უკეთესია.

დამფუძნებელთან ინტერვიუს შემდეგ, მინდოდა იქ მომუშავე მენეჯერებს გავსაუბრებოდი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი კარგად არიან „დაგეშილები“. ცინიკური დამოკიდებულების გამო, მათთან ინტერვიუ ვერ შედგა. პრინციპში, „საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფს“ ვერ დაადანაშაულებ, – თურმე, საქმე ქსელურ მარკეტინგთან გვქონია.

ფაქტი ერთია: ინტერნეტ სივრცეში განცხადებები კვლავ თავსდება რამდენიმე კომპანიის შესახებ, რომლებიც შავით თათრზე გარკვევით  წერენ, რომ ანაზღაურება ფიქსირებულია, რომ ესაჭიროებათ ოპერატორები და არა პროდუქციის „გამყიდვლები“. თუ კომპანიების წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ განცხადებებში ყველაფერი გარკვევით მიუთითონ ალბათ,  მსურველიც ნაკლები იქნება და ნაკლები 35 ლარი ჩაირიცხება მათ ანგარიშზე.

მოამზადა: მარი მაჭარაშვილმა

იხილეთ ასევე: “ფულს ვიხდი და იმ საგანს ვსწავლობ, რომელიც უინტერესოა”

“ფსევდო უნივერსიტეტში ფსევდო განათლების მისაღებად დავდივარ”

“ცუდია, როცა ახალ ბაზებს შენზე ტესტავენ”

„გოგონა, კარი მარცხნივ!“

შრომის ძალა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები