ყველა სტუდენტი ჩამოსულია, თბილისელი სტუდენტი არ არსებობს. არსებობს ადამიანი, რომელიც თბილისის სკოლიდან რომელიმე უმაღლესში გადავიდა თუმცა ეს ფაქტი მას სტუდენტად არ აქცევს, იგი უბრალოდ ერთ სასწავლო დაწესებულებას მეორეზე ცვლის, სტუდენტობა კი ცხოვრების სტილია, ის მეტია ვიდრე ახალგაღვიძებული ლექტორის მწყრალი სახე, იმაზე საზარელი, ვიდრე ტაფას მიკრული დამწვარი კარტოფილი და იმაზე ლამაზი ვიდრე ოროსანი სტუდენტის თვალები ლექტორთან ქულის მათხოვრობისას… მოკლედ, სტუდენტობა სწავლის, გაჭირვებისა და აღვირახსნილობის ქარცეცხლია.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
მე სტუდენტი ვარ! არ ვიცი ეს ფაქტი ჩემზე დადებითად მეტყველებს თუ არა, თუმცა, რეალობას ვერ გავექცევი, მით უმეტეს, მშიერ კუჭზე და გატეხილი სტუდენტური სამგზავრო ბარათით. ჩემი აზრით, სტუდენტი ვერ გახდები, ასეთად უნდა დაიბადო, ან ვინმემ უნდა გადმოგდოს ეს საშინელი სენი.
მოკლედ, სტუდენტი ვარ, ნამდვილი სტუდენტი, ყველაზე ნამდვილი სტუდენტი. იერარქია რომ არსებობდეს სტუდენტებში ალბათ სტუდენტთუხუცესი ან მისი უსტუდენტურესობა ვიქნებოდი, ვივლიდი ოდნავ მოყვითალო მანტიით, უკან 51-ის გამოსახულებით და ახალგაზრდა სტუდენტების არმიას შევკრებდი მსოფლიოს დასაპყრობად… ნუ, მსოფლიოს თუ არა, რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისს მაინც დავარბევდით.
ჰო, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემდაგასაოცრად, გუშინ შუადღისას, დავიწყე ფიქრი (ისე მხოლოდ საღამოობით ვფიქრობ ხოლმე) იმაზე, თუ რა მომცა სტუდენტობამ… მივხვდი! სტუდენტობამ არ მომცა, ეს მე მივეცი სტუდენტობას, ამ ფაქტის გაცნობიერებამ ცოტა დამძაბა, თუმცა, გადავიტანე და მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
მიყევით ქვემოთ მოცემულ რჩევებს და დამიჯერეთ, რომ სტუდენტობა ვერასოდეს იხმარს თქვენზე ძალას.
1) ფულის ჩარიცხვისთანავე იყიდე ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთები და 5 კილოგრამი კარტოფილი (არ დაფიქრდე, უბრალოდ, – იყიდე. იცოდე, რომ კარტოფილი სტუდენტის აუცილებელი ატრიბუტია).
2) ჭამის შემდეგ, აუცილებლად გარეცხე ჭურჭელი, არ დააგროვო – მერე საერთოდ უარს იტყვი გარეცხვაზე.
3) დაიმახსოვრე: კაზინო სტუდენტების დასაღუპი ადგილია.
4) კარგი ურთიერთობა გქონდეს მეზობლებთან.
5) რაც მთავარია, ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან შორს დაიჭირე თავი!
სტუდენტებო! ჩვენ საზოგადოების არაელიტარული ფენა ვართ, მეტიც! ჩვენ უსირცხვილოდ გვჩაგრავენ ისინი, ვინც ჩვენი ფულით ცხოვრებას იშენებს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ბოროტი ლექტორების ბოგინი უნივერსიტეტებში, მიკროსაფინანსოების მიერ ჩვენი თანამოძმეების ცოცხლად გლეჯა და, ბოლოს და ბოლოს, ილიამ და ჯავახიშვილმაც მეგობრობის ხელი უნდა ჩამოართვან ერთურთს. ძალა ერთობაშია და მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიას ჩემი სამწერლო კარიერის, ერთხელ და სამუდამოდ, დასამარება შეუძლია, დამიჯერეთ, თუ გავერთიანდებით სტუდენტობაც მოგვცემს!
ავტორი: მესტნი ჩელე
იხილეთ ასევე: როგორ შეიქმნა სტუდენტი
თვითაღიარებული სექს გურუს 10 რჩევა
გამოცდის წინა ღამე, ანუ “გადავიწერ ჩემი რა მიდის”