ვეფხვია მხეიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე წელია ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს, პარალელურად კი ხელოვნებითაა გატაცებული. Studinfo.ge გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა შემოქმედთან.
რატომ აირჩიე მიმართულება, რომელზეც სწავლობ?
სამწუხაროდ, სხვა გზა არ მქონდა, პროფესია, რომელიც მსურდა, არ ისწავლება ამ უნივერსიტეტში, სხვაგან კი სასწავლებლად ვერ მივდიოდი. პირველი წელი ჩემთვის იყო კატასტროფა, თუკი სამი წელი ასე უნდა გაგრძელებულიყო თავი უნდა მომეკლა.
✔გსურს შეისწავლო ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე
პირველ დღეს უნივერსიტეტში, ასე რომ ვთქვათ, პინგვინივით ვიყავი და ბუსავით თვალები მქონდა, არანაიირი მოლოდინი არ მომეპოვებოდა, რადგან ვიცოდი, მივდიონი იმ უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტზე, რომელიც არ მინდოდა. უბრალოდ, მოვედი ვნახე ჩემი ძველი კლასელები და ასე გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში.
მაგრამ პირველი კურსის ბოლოს აღმოვაჩინე – ლადშტაფტური არქიტექტურა.
როგორ მოგივიდა პირველად „მუზა“, რომელმაც შენს გატაცებას დაუდო სათავე?
მე ზოგადად ძალიან მიყვარს აზია, განსაკუთრებით იაპონია. ყოველთვის მინდოდა ჯუჯა ხეების გაკეთება, პირველი კურსის დასასრულს კი გადავწყვიტე ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს, თავად არ ვიცი რა მიმდინარეობა შეიძლება ეწოდოს იმას, რაშიც მე ვმუშაობ, პირადად მე „უცნაურობებს“ ვეძახი ხოლმე… თავიდან დავიწყე ბონსაის სტილის ხელნაკეთი ნივთის დამზადება და ნელ-ნელა ჩავრთე ფანტაზია და ჩემს გონებაში არსებული ფიქრების მატერიად ქცევა დავიწყე.
პირველი განხორციელება და საზოგადოებისთვის ამის გაცნობა მეორე კურსზე მოხდა, როცა პირველი გამოფენა მქონდა აწსუ-ში, სტუდენტური დღეების ფარგლებში. წარმატებით დასრულდა ჩემი პირველი გამოჩენა საზოგადოებაში ამ კუთხით და ეს იყო ერთგვარი მოტივაცია. გამოფენა გავაკეთე გასულ წელს, ესეც უნივერსიტეტში, მას უკვე პერსონალური სახე ჰქონდა და დიდი სიმპატიაც გამოიწვია მნახველების მხრიდან, რამაც ძალიან გამახარა. ამის შემდეგ კი, თუკი რაიმე ხელოვნების კუთხით კეთდებოდა, ყოველთვის მიკავშირდებოდნენ, თუნდაც უნივერსიტეტიდან, შემდეგ არასამთავრობოებიდანაც.
მოგწონს გარემო უნივერსიტეტში, რომელშიც სწავლობ?
გარემო მომწონს, უბრალოდ, უკეთესი ვერც წამომიდგენია აქ. ლექტორები მაინორზე ცდილობენ ჩვემთვის რაღაც გააკეთონ, რადგან იციან რომ მართლა დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი. ძირითადი პროფესიითაც კმაყოფილი ვარ, აქაც არიან ლექტორები რომლებიც გვეხმარებიან, რაღაც გავაკეთოთ.
რას იტყვი მუშაობის შენებურ სტილზე, რამდენად ძვირფასია საკუთარი ნამუშევრები შენთვის?
ყოველთვის ვცდილობ ვიყო პერფექციონისტი და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც უკეთესი იქნება წინაზე.
ერთი ხელნაკეთი განსაკუთრებით მომწონს, გიგანტურ ხეზე აშენებული სახლი, რაც ბავშვურ ოცნებებს უკავშირდება დს ყველა აღნიშნავს, რომ „უი, ეს ჩემი ოცნებაა, ასეთი სახლი მინდოდა..“ და მეც ფსიქოლოგურად მიჯაჭვული ვარ ამ ნამუშევარზე.
როგორია შენი სამომავლო გეგმები ზოგადად და კონკრეტულად ამ კუთხით?
ლანდშტაფტურ არქიტექტურაში უფრო ვხედავ მომავალში ჩემს თავს. ახლა ვამზადებ ერთ-ერთ ინსტალაციას, რის მომზადებასაც დრო სჭირდება საკმაოდ ბევრი და ამის შემდეგ ვგეგმავ კიდევ გამოფენას. ვაპირებ გავცდე ქალაქის მასშტაბებსაც, მათ შორის მინდა თბილისში გავაკეთო რამდენიმე გამოფენა. ძალიან მინდა განვაგრძო სწავლა აზიაში, ჩინეთში ან იაპონიაში, თუმცა დაბრუნებას საბოლოოდ მაინც ვაპირებ საქართველოში.
შენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ადამიანის წარმატებას განაპირობებს?
ზოგადად ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია და ვემხრობი იმ ფილოსოფოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი არ გააჩნია. ადამიანი, რომელიც, რაღაც უნარს განსაკუთრებულ ყურადღებას და მნიშვნელობას ანიჭებს, ის უნარი უფრო უვითარდება, ჩემი აზრით, არავინ იბადება ზებუნებრივი ნიჭით, უბრალოდ დეტალებს დაჭერა უნდა რაღაც კონკრეტულს, შემდეგ იმას უნდა მიჰყვე, რა თქმა უნდა, მთელი არსებით. პირველ რიგში უნდა გაიგო რეალურად რა გინდა ცხოვრებაში, შემდეგ უნდა აკეთო ეს საყვარელი საქმე და არასდროს არ უნდა დაკარგო შრომისმოყვარეობა. ხანდახან შეიძლება მოგიწიოს ძილზე, ჭამაზე, ყველაფერზე უარის თქმა. ჩემს შემთხვევაში ასეც იყო, მე ჩემი თავი ვაქციე ასეთად.
ავტორი: მარიამ ხურციძე