ჰანს პრომველი დაიბადა 1986 წლის 6 მარტს, ნიუ-იორკში. მთელი ბავშვობა გაატარა ბრუკლინში. დადიოდა ებრაულ სკოლაში. სკოლის გუნდში წარმატებით თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს და რომ არა უმძიმესი ტრავმა, პროფესიონალ ფეხბურთელობაზე სერიოზულად ფიქრობდა. 2008 წელს, ტრავმის მოშუშების შემდეგ აბარებს კოლუმბიის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და საცხოვრებლად გადადის ბრუკლინიდან მანჰეტენზე, რამაც მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. ორ წელიწადში, ხშირი გაცდენების გამო, უნივერსიტეტიდან რიცხავენ. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ლექსების წერას. მისი ლექსები ათამდე ენაზეა თარგმნილი. პრომველი გაურბის ჟურნალისებთან და ფოტოგრაფებთან ურთიერთობას და მისი მხოლოდ ერთი ფოტოა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. 2013 წელს გამოდის მისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ლექსები კრებული „შემოდგომა მანჰეტენზე“.
უცნაური ამბავი
დიდი ხნის განმავლობაში
მე ვიყავი არაპოპულარული ლექსების ავტორი.
და ვიყავი მარტო…
და ვფიქრობდი აღარ მეწერა ლექსები..
და ხელახლა ჩამებარებინა უნივერსიტეტში,
იურიდიულ ფაკულტეტზე.
მერე რატომღაც
ჟურნალებმა დაიწყეს ჩემი ლექსების ბეჭდვა,
და უამრავი მკითხველი გამიჩნდა,
და ყოველდღიურად
უამრავი სასიყვარულო ბარათი მომდის…
გოგონები გიჟდებიან ჩემს ლექსებზე…
ბიჭები გიჟდებიან ჩემს ლექსებზე.
ლიტერატურული კრიტიკოსები გიჟდებიან ჩემს ლექსებზე…
ჟურნალები ბეჭდავენ სტატიებს:
„ჰანს პრომველი – ამერიკული პოეზიის მარგალიტი…
ის სუფთა ჰაერივითაა…
ის ახალი ხმაა…
ის ჰარლემული რენესანსის შვილია,
ის გვიანი ბიტნიკია,
ის დაკარგული თაობის გამოძახილია“
ამის მსგავსი სისულელეები…
რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა დამირეკა
და მითხრა
„- ყოჩაღ ჰანს
შენზე მთელი სამეზობლო საუბრობს,
ამდენი ხნის განმავლობაში მამაშენი
პირველად ვნახე ბედნიერი.
მგონი სწორი ქენი უნივერსიტეტი
რომ მიატოვე.“
ეს ძალიან სასაცილოა.
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.
და მე მივხვდი
რამდენად მცირეა მანძილი
ჩემი ჭუჭყიანი ბინიდან
ამერიკის VIP ლიტერატურულ ჟურნალებამდე…
წმინდა არის
Everything is holy! everybody’s holy! everywhere is holy! everyday is in eternity! Everyman’s an angel!
Allen Ginsberg
წმინდა არის ჩემი სხეული, წმინდა არის ჩემი ენა, წმინდა არის უძინარი თვალები.
წმინდა არის მარტოობა და სუიციდის მცდელობები.
წმინდა არის ყველა იმედგაცრუებულის მზერა, რომელთა თვალებში სიკვდილმა დაისადგურა.
წმინდა არის მანჰეტენი და ბრუკლინი, სადაც დავიბადე.
წმინდა არის რესპუბლიკელი ბაბუაჩემი დერეკ პრომველი და მისი ფსიქოპატური იდეები წმინდა არის.
წმინდა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი დინ ლამბერტი.
მისი შიშები და აპათია წმინდა არის.
წმინდა არის ამერიკის პრეზიდენტი და რუსეთის იმპერატორი.
წმინდა არის ღვიძლდაშლილი ჯეკ კერუაკი და მისი მოგზაურობა ამერიკის გარშემო.
წმინდა არის იური გაგარინი და მისი მოგზაურობა მთვარის გარშემო.
წმინდა არის ჩე გევარა და მისი მოგზაურობა სამხრეთ ამერიკის გარშემო.
წმინდა არის ჰანს პრომველი და მისი მოგზაურობა საკუთარი თავის გარშემო.
წმინდა არის იტალიური ნეორეალიზმი.
წმინდა არის ფრანგული ავანგარდიზმი.
წმინდა არის ჯონ ლენონი.
წმინდა არის ნენსი და მისი ყოველი ამოსუნთქვა ჩემს მკერდზე.
წმინდა არის სულის ტკივილი და სხეულის უმოქმედობა.
წმინდა არის ამერიკული მოდერნიზმი.
წმინდა არის უოლტ უიტმენი.
წმინდა არის სუდანელი ბავშვი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ელოდება.
წმინდა არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა
და გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“
და კონტინეტი აფრიკა
სადაც გაურკვეველ ექსპერიმენტებს ატარებს.
წმინდა არის სევდა და მოწყენილობა.
წმინდა არის ამერიკა, ჩემი სამშობლო,
რომელსაც ნავთობი და სისხლი სჭირდება მსოფლიოში დემოკრატიის დასამყარებლად.
წმინდა არის ერთფეროვნება და ჩემი ოთახის კედლები.
წმინდა არის ტელეშოუებზე გაზრდილი თაობა, რომელთაც ყოველწლიურად უქვეითდებათ აზროვნების უნარი.
წმინდა არის თავისუფლების ქანდაკება, რომლის ჩირაღდანს ცეცხლი დიდი ხანია ჩაუქრა.
წმინდა არის ყოველდღიურობაში ჩაკარგული ადამიანების ყმუილი,
რომელთაც დიდი ხანია სახე დაკარგეს
და ახლა პოსტტრავმულ სიზმრებში გვეცხადებიან
შეშლილი ანგელოზების სახით.
წმინდა არიან ისინი!
ვარდისფერი ბუშტი
ჩვენ ვგავართ დიდ ვარდისფერ ბუშტს
„არიზონული ოცნებიდან“
რომელიც მანჰეტენის ცაზე დაფრინავს.
კორპუსებზე და ადამიანებზე მაღლა,
ყოველდღიურ რუტინაზე მაღლა,
პოლიტიკოსებსა და მათ სულელ ამომრჩევლებზე მაღლა,
და ის არასოდეს გასკდება ან დაიკარგება,
სანამ ჩვენ გვაქვს ძალა ვიბძოლოთ
და შევინარჩუნოთ სწორი ორიენტირი
და ერთმანეთი.
სანამ ჩვენი ოცნებები ცათამბჯენებზე მაღლა დაფრინავენ.
იმ ვარდისფერი ბუშტივით
რომელიც სიზმარშიც არ გვანებებს თავს.
ჩვენ არ ვსაუბრობთ
რადგან ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე.
და სათქმელიც არაფერია.
ერთმანეთი შევისწავლეთ, როგორც სკოლაში
გამრავლების ტაბულა.
და ახლა ერთმანეთის შიშებზე ვფიქრობთ,
რომლებიც არ უნდა ახდნენ,
რადგან რეალობიდან არ უნდა გავირიყოთ.
შენ დგახარ გზაზე.
შენ სულ გზაში ხარ
და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება,
რადგან ყველა ხსნა შენშია
და ეს შენ იცი,
და დარწმუნებული ხარ იმაშიც,
რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,
ხელს არ გაგიშვებ…
ეს შენ გაძლიერებს.
ეს მე მაძლიერებს.
ეს დიდ ვარდისფერ ბუშტს აძლიერებს,
რომელიც დაფრინავს მანჰეტენის რუხ ცაზე
და ბრძოლისთვის ძალას აძლევს
ყველა უიღბლოსა და იმედგაცურუებულს.
მანჰეტენური ჰაიკუები
* * *
მე ვდუმვარ.
შენ დუმხარ.
თავისუფლების ქანდაკებაც დუმს.
ისინი ყაყანებენ.
მათ არაფერი აქვთ სათქმელი
* * *
როცა მონატრება ანადგურებს
ჩემს ნერვულ სისტემას
მე ვგრძნობ, რაოდენ
დიდია ჩემი სიყვარული.
* * *გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
უბრალოდ ადამიანები
იმედგაცრუებებისგან დავიღალეთ
და ლოდინი არ შეგვიძლია.
* * *იქ სადაც მე და შენ ვხვდებით
ერთმანეთს.
ანუ იქ სადაც დანარჩენი სამყარო
მთავრდება.
იწყება ჩემი კომფორტის ზონა.
* * *
წვიმიანი დღე მანჰეტენზე.
ადამიანები სამსახურებში მიიჩქარიან.
მე წვიმას ვუსმენ.
* * *
მე ყოველთვის მშურდა
ლოურენს ფერლინგეტის
მას ყველაზე უკეთ შეეძლო ეწერა
საყვარელ ქალზე.
მერე შენ გაგიცანი
და შური აორთქლდა ჩემი სხეულიდან.
თარგმანი: გიორგი პროლეტარი-შონია