ჩემი საძინებლის ფანჯარა იმ მეზობლის სახლს გაჰყურებს, რომელიც სამსახურს ეძებს. ჩემი საწოლი ამ ფანჯრის პირისპირ დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დილით, საწოლიდან წელის ათრევამდე, ამ ჩემი მეზობლის სახლს შევცქერი. ნახევარ წელზე მეტი იქნება, ახალგაღვიძებული მისი სახლიდან ელექტროსადენ ბოძამდე გადაჭიმულ თოკზე გაფენილი სარეცხის თვალიერებით სასიამოვნოდ ვირთობ თავს. სწორედ ამ თავშესაქცევმა აღმომაჩენინა, რომ ჩემი მეზობელი საშუალო სიმაღლის კაცთან და პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრობს. შეიძლება, პირველი მისი ქმარი, მეორე კი მისი შვილია. დაზუსტებით არაფერი ვიცი, ერთის გარდა – ჩემი მეზობელი სტუნდეტია და კვირაში რამდენჯერმე ლექცია 9 საათზე ეწყება, ჩემსავით.
ერთ დილას, როცა სამზარეულოში გაზქურასთან ვიდექი და ყავის მოხარშვას ველოდი, გავიფიქრე, მე და ჩემს მეზობელს მეგობრობა შეგვიძლია-მეთქი. ყავის ქაფის ამოტივტივებამდე ისიც დავასკვენი, რომ ეს ამბავი საშუალო სიმაღლის კაცთან და პატარა ბავშვთან მცხოვრებ გოგოსაც გაახარებდა, თუმცა იმ დილიდან რამდენიმე თვე გავიდა და ავტობუსში რამდეჯნერმე გამოლაპარაკების წყალობით, მხოლოდ იმის დაზუსტება შევძელი, რომ ჩემი ფანჯრის პირისპირ მდგომ სახლში მცხოვრები გოგო ჩემი ტოლია, სამსახურს ეძებს და სიცივეში დახეთქილი ხელები კიდევ უფრო უუხეშდება.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
მასთან საუბარის გაბმის სირთულემ დამეგობრების იდეაზე ხელი ჩამაქნევინა, თუმცა იმის გაგება, როგორი იყო მისი ცხოვრება კაცთან და ბავშვთან ერთად, ახირებად მიქცია. თითქმის ერთთვიანი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ყოველ სამშაბათს ჩემი მეზობელი ერთ-ერთ აფთიაქში რიგში დგას – პატარასთვის პამპერსებს ყიდულობს; კვირაში რამდენჯერმე სახლიდან ნაგვით გატენილ პარკს მოათრევს და ჩვენი გაჩერების გვერდით,ურნაში გაჭირვებით ჩურთავს. თან ცდილობს, გაპიწკინებული ტანსაცმელი არ დაისვაროს; ლექციების დასასრულს აუდიტორიიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბის, კიბეებზე შლეგივით ეშვება და სახლისკენ მიმავალ პირველივე ავტობუსში, ნემსის ჩასავარდნი ადგილი რომც არ იყოს, მაინც იჭეჭყება. ჩემი ვარაუდით, სახლში დატოვებულ პატარაზე ეფიქრება ხოლმე. ისე, ბოსტნეულითა და ხილით გაძეძგილი ჩანთებით დამძიმებულიც არაერთხელ მინახავს. უკანასკნელად ორი დღის წინ დავინახე – ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, მასლოუს მოსაზრებებს ვკითხულობდი, ჩემი ტოლი მეზობელი კი კარტოფილით სავსე პარკების სიმძიმეს მხრებში მოეხარა და მისი ხელები მუხლებამდე ჩამოეწელა. სევდიანი სანახავი იყო. მოღუშული სახით მის სახლს ავხედე – სარეცხის თოკზე ვარდისფერი პიჟამა, მუქი ნაცრისფერი პერანგი, ერთი ციდა საცვლები, კიდევ უფრო პატარა წინდები და დათუჩებიანი წინსაფრები კონწიალობდნენ. ალბათ უთენია დარეცხა-მეთქი, გავიფიქრე, რადგან ვიცოდი, რომ იმ დილით მასაც პირველი ლექცია 9 საათზე ჰქონდა. ამაზე ფიქრმა ისე შემიყოლა, რომ ისიც კი წარმოვიდგინე, როგორ დააფეთა დილის ექვს საათზე მაღვიძარას ხმამ ჩემი მეზობელი; ხმის გამოსართავად როგორ სტაცა ტელეფონს ხელი და ფეთიანივით როგორ წამოხტა საწოლიდან; დახეთხილი ხელებით როგორ ამოჭეჭყა სარეცხი,როგორ დაავლო ცივ წყალში და ღამის სუსხში როგორ ჩააწიკწიკა სარეცხის თოკზე; მერე გაყინული და გალურჯებული ხელები სრესვით როგორ გაითბო და როგორ მოამზადა საუზმე საშუალო სიმაღლის კაცისა და პატარა ბავშვისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ეძინათ.
ამის წარმოდგენამ ხასიათი კიდევ უფრო მომიჟამა. რვეული უგუნებოდ დავხურე და ფეხებქვეშ ამოვიდე. ფიქრიდან რომ გამოვერკვიე, ჩემი მეზობლის სახლში სინათლე ენთო. ფარდების მიღმა სამი სილუეტი დავლანდე – ჩემი მეზობელი სავარძელში მოკალათებულიყო, თვლემდა; საშუალო სიმაღლის კაცს კი პატარა მკერდზე მიეკრო და არწევდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ჩემი ფანჯრიდან.
სამშაბათი დღე იყო. იმ დღით აფთიაქში პამპერსებს ფასდაკლებით ყიდიდნენ. იმ დილით მე და ჩემს მეზობელს ლექცია 9 საათზე გვეწყებოდა.
ავტორი: გვანცა დოლუაშვილი
როდესაც ლექცია დილის 9 საათზე მაქვს