სკოლა წარსული ხდება

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა ხუციშვილი

თსუ-ის სტუდენტი


ჩაივლის ბოლო ზარი, ჩაივლის ბანკეტი, ახალი გარემოს ეიფორიაც გადაივლის და როდესაც დროის რაში  კიდევ რამდენიმე  წელიწადს გაიტაცებს, მაშინღა ხვდები, რომ ,,სკოლა წარსული ხდება’’. უკან, ერთხელაც   რომ არ მიიხედო, სარკეში არეკლილი საკუთარი გამოსახულება მაინც   გაგახსენებს   რომ უკვე ,,დიდი’’ ხარ. სამყაროს ნაცრისფერ თვალებში მაცქერალი გააცნობიერებ  რომ ყველაზე ლამაზი და ფერადი ბავშვური სამყაროდან გამოხვედი.გამოხვედი სამყაროდან სადაც ვეღარ ბრუნდებიან.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

სანამ სკოლაში ვსწავლობდი, ბევრჯერ მიფიქრია, როდის  დავაღწევ აქაურობას თავს-მეთქი. ეს ის პერიოდი იყო  პარასკევი რომ მიყვარდა და კვირა საღამო მძულდა. დილას რვა საათზე რომ  ვიღვიძებდი  და მაინც მეზარებოდა ადგომა( ნეტა იმ ,,მეს’’ ცალი თვალით დაანახა ახლა რომელი საათისთვის ვაყენებ  მაღვიძარას). წინა დღის სიზარმაცის გამო ავტობუსშიც  რამდენჯერ მისწავლია  ფიზიკა და ათწუთიან დასვენებებზე  დამიწერია მათემატიკის  დავალება. მერხზეც ბევრჯერ ჩაგვძინებია ბავშვებს და შუა გაკვეთილზეც გვიკნატუნებია ჩუმ-ჩუმად მარილიანი ჩხირები,აბა დასვენებაზე რა გემო  ექნებოდა. მაშინ, მომაბეზრებელი და დამღლელი მეჩვენებოდა ყოველდღე სკოლაში სიარული. მაგრამ, ახლა რომ ვუკვირდები, ყველაფერი ასე რომ იყო მოწყობილი, ამიტომაც  იყო ასეთი მაგარი.

იმ სამყაროდან გამომყვა ის, რაც ყველაზე ძვირფასია და რასაც  ვერასოდეს იყიდი-მეგობრები. ცოტა ხომ არ არის?! მთელი თორმეტი წელიწადი ერთ კლასში ვისხედით,ზოგი მოგვიანებით შემოგვიერთდა,ზოგო გადავიდა, მაგრამ  ჩვენ მაინც  ერთად ვიყავით ყველა ექსკურსიაზე, ყველა ლაშქრობაში, ყველა მხიარულებაში. ჩვენ ვიყავით ერთი დიდი ოჯახი საერთო სიხარულითა და გასაჭირით.

მიუხედავად იმისა, რომ   შეიძლება გავიდეს თვეები ისე, რომ ერთმანეთი ვერც კი ვნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი  სხვადახვა  გზას დაადგა, მაინც ყოველთვის იარსებებს რაღაც, რის გამოც  ძველებურად მოვიყრით თავს. მნიშვნელობა არა აქვს რამდენი წლისანი ვართ ჩვენ ახლა ან რამდენისანი ვიქნებით 20 წლის შემდეგ მთავარია ის,რომ ყოველთვის, როდესაც ვიქნებით ერთად, ჩვენ ვიქნებით ისევ ის ბავშვები ჯგუფიდან, რომელშიც  ყველანი ვიყავით განსხვავებულები და ამავდროულად ვიყავით მსგავსები.

 … მიქრის დროის რაში და თან მიაქვს  წლები,ბავშვობა,უდარდელობა.

ცხოვრებაში, ოდესღაც, ყველაფერი სრულდება, სამაგიეროდ  ყოველთვის იწყება რაღაც ახალი, უცნობი და საინტერესო. სკოლის წლებს საუნივერსიტეტო წლები ცვლის, მოსწავლეობას -სტუდენტობა. ამიტომაც, კარგია, როდესაც  თამამად მიდიხარ  წინ, მომავლისკენ  და არ  ივიწყებ წარსულს, რომელიც რჩება უკან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები