ავტორი: ალიმი ხერხაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ბოლო დღეებია, განსაკუთრებით ხშირად, ისმის მარიხუანის დეკრიმინილიზაციაზე საუბარი. ამ პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ უფრო ლეგალიზაციის მოთხოვნას ემსგავსება, ვიდრე დეკრიმინალიზაციაზე საუბარს. უკვე, ყველას დაავიწყდა ლარის დევალვაცია, დაზარალებული იპოთეკარები და ტერიტორიული მთლიანობა.
,,დაბოლილი“ საზოგადოება აქტიურ ,,დაბოლებას“ ითხოვს. ფაქტია, რომ ადამიანის სხეული ადამიანსვე ეკუთვნის და მას როგორც უნდა ისე მოეპყრობა, შესაბამისად მარიხუანას მოხმარებისთვის დაჭერა, თვითმკვლელობისთვის რომ ადამიანი დავიჭიროთ – იგივეა. თუმცა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ,,თუმცა“ არსებობს. პრაქტიკაში, თითქმის არ არსებობს პრეცედენტი (ან ძალიან იშვიათად არსებობს), ვინმეს არ ,,დაეპატიჟებინოს“ სხვა ,,მწვანე სასაცილო ბალახის“ მოსაწევად. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარება თავისთავად უკვე პროპაგანდას ნიშნავს და პროპაგანდა ახალი მომხმარებლების ზრდას, რაც ნამდვილად, წარმოადგენს ქვეყნისა თუ სოციუმის პრობლემას.
ადამიანი თავისი ბუნებით ,,ურჩი“ არსებაა… მას რაც უფრო მეტს მივცემთ, მით უფრო მეტი უნდება… შესაბამისად, თუ დღეს მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე (ვფიქრობ, ასე უნდა იყოს, თუმცა მრავალი მაგრამ მაქვს და ამიტომ არ ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას) უარს ვიტყვით, ხვალ ვიღაც გამოჩნდება და მის ლეგალიზაციას მოითხოვს… კრიმინალიზაცია არ არის პანაცეა, მაგრამ ერთ-ერთი ეფექტური შემაკავებელი ბერკეტია.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა წლობის განმავლობაში არ გამოიღებს ისეთ შედეგს, როგორი ეფექტიც ამ დღეების პროპაგანდას ჰქონდა და წინასწარ, ბევრი ალბათ, ,,კბილებს ილესავს”, იქნებ გაზაფხულია და აქტიურ თესვასაც კი შეუდგენ დეკრიმინალიზაციის მომხრეთა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ალკოჰოლის მიღება, თურმე უფრო მავნეა, ვიდრე მარიხუანის… ასეთებს მინდა ვუთხრა, რომ ალკოჰოლის მოხმარება, თუ ის პათოლოგიურ საზღვრებში არ გადადის არ იწვევს მიჩვევას, განსხვავებით თამბაქოსა და მარიხუანისაგან. ერთნაირი სიხშირით მოხმარების შემთხვევშიც კი, მარიხუანა და თამბაქო უფრო იწვევს მიჩვევას, ვიდრე ალკოჰოლი.
კაცობრიობამ ერთხელ უკვე დუშვა შეცდომა, როდესაც თამბაქო გახადა ლეგალური და იმედია, ამ შეცდომას არ გაიმეორებს მარიხუანის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ვიღაცისთვის ეს პროპაგანდა პოლიტიკური ქულების დაწერასაც ემსახურება. თუკი დეკრიმინალიზაციას მივმართავთ, მაშინ უკვე შეუძლებელი იქნება რეალიზაცია-ლეგალიზაციის გაკონტროლება, რადგან ნაკლები სასჯელის მოლოდინის გამო, ადამიანები უფრო მეტ რისკზე წავლენ.
დეკრიმინალიზაციის მომხრეთა ნაწილი, ევროპულ ქვეყნებს ედრება და მათ მაგალითზე ცხოვრებას მოითხოვს. იქნებ, მათ, პირველ რიგში, ევროპული საზოგადოების მსგავსად ისწავლოს შრომა, ქუჩაში ნაგვის არ დაყრა, რიგში დგომა და ტრანსპორტით წესიერი მგზავრობა?! როცა საღ აზრზე მდგომ საზოგადოებას მუშაობა არ სურს და ვერა და ვერ აირჩია მისთვის მოსაწონი მთავრობა; როცა მოლოდინი აქვს რომ ვიღაცამ უნდა აჭამოს, დაეხმაროს, მიხედოს… ნუთუ, იგივე ,,დაბოლილი“ საზოგადოება უფრო მეტს მიაღწევს?
აქციებზე, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ, ქართველმა ,,ვაჟკაებმა“ და ,,მანდილოსნებმა“ – 2, 3, 4, 5, 6, 7 წლის, და ზოგადად, 18 წლამდე ბავშვები მიიყვანეს… მინდა ვკითხო მათ: – რას ასწავლით მომავალ თაობას? რა უნდათ მათ ასეთ აქციაზე?
– ეს პროპაგანდა იმდენად ამორალურია, რომ სიტყვის თავისუფლების ფენომენსაც სცდება და დასჯადიც კი უნდა გახდეს, ასეთი აქციები. როდესაც არასრულწლოვანი მიგყავს ნარკოტიკის პოპულარიზაციისთვის გამართულ აქციაზე, როგორ დავიჯერო, რომ ის პირველივე შესაძლებლობისთანავე არ გასინჯავს მარიხუანას?! მსუბუქი ნარკოტიკები კი ,,ძლიერი“ ნარკომანიის ძირითად მაპროვოცირებელია, ისე, როგორც სიგარეტიდან მარიხუნამდეა ერთი ნაბიჯი. მიმაჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე საუბრის ნაცვლად, სიგარეტის მოხმარების შემზღუდველ რეგულაციებზე უნდა ვსმჯელობდეთ, რადგან განუწყვეტლივ ვხედავ არამწეველთა უფლებისა და ჯანმრთელობის შელახვას მწეველთა მიერ… ბავშვები უფროსებს ბაძავენ… მწეველთა უმრავლესობა ბავშვობაში იწყებს მოწევას და შემდეგ ხდება რეგულარული მწეველი, შესაბამისად, დიდია შანსი მივიღოთ ნარკო-თაობა…
სამწუხაროა, რომ ისედაც ,,დაბოლილი“ საზოგადოება, მეტ ,,დაბოლებას“ ითხოვს და რეალურ საქმეზე არ ფიქრობს, არ ფიქრობს მომავალზე, არ ფიქრობს ქართულ გენოფონდზე რომელიც ნელ-ნელა ქრება და პირიქით, ამ საქმის ხელშემწყობ პირობას მოითხოვს… ვფიქრობ, ადამიანის ციხეში ჩასმა მარიხუანის მოხმარებისთვის მართლაც არაა მისაღები, მაგრამ თუ პატიმრობა გაუქმდება, მაშინ ჯარიმა უნდა გაორმაგდეს ან სულაც გაასმაგდეს, ასეთი ადამიანები არ უნდა მიიღონ საჯარო სამსახურში და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება უნდა დაევალოთ რამდენიმე თვის განმავლობაში…
ერთ-ერთი ტელევიზია, მარიჰუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციიდან, მონაწილის კომენტარს აშუქებს, რომელიც ამბობს, რომ მარიხუანის მოხმარების შემდეგ დაისადგურებს მშვიდობა და ადამიანს მეტადიაზროვნების სასუალება მიეცემა. დასკვნა, თქვენ გამოტანეთ, – რამდენად ეტყობა, რომ აზროვნებს?!