ავტორი: თეონა ნუცუბიძე
თსუ-ის სტუდენტი
ჩვენ – ადამიანები, მიუხედავად არსებითი მსგავსებისა, მაინც ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან: გვაქვს სხვადასხვა პირადი თუ სოციალური მახასიათებლები, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. სახელი ჩვენი პირადი მონაცემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი კომუნიკაციაში მიმართვისა და ადამიანთა იდენტიფიკაციის საშუალებაა.
ერთი შეხედვით, თითქოს, აქ მთავრდება ყველაფერი, რაც საკუთარი სახელის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ, რეალურად, არის კი ეს ყველაფერი?!
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
სახელი, როგორც ჩვენი „მე”-ს მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც საკუთრება, ბევრად ღირებულია ჩვენთვის, ვიდრე სხვა სახელები. უფრო მეტიც, – აღმოჩნდა, რომ თვით ასოებიც კი, რომელთაგანაც შედგება ჩვენი სახელები, მეტად მოსაწონია ჩვენთვის, ვიდრე ანბანის სხვა ასოები (Hoorens & Todorova, 1988; Jones et al., 2002; Prentice & Miile 1992; Nuttin, 1985, 1987 ).
საკუთარი სახელისა ან/და მისი შემადგენელი ასოებისათვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭება, შესაძლოა, კრიტიკის საფუძველიც კი გახდეს, მაგრამ არც ის არის აზრს მოკლებული, რომ სახელს შეუძლია ადამიანის ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მოახდინოს გავლენა, როგორებიცაა პროფესიისა ან საცხოვრებელი ადგილის არჩევა. ამ გზით, შესაძლოა, აიხსნას, მაგალითად, ის ფაქტი, რომ საქართველოში ვხვდებით „გიორგი“ სახელის მქონე ბევრად მეტ ადამიანს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. მსგავსად ამისა, ამერიკული კვლევების მიხედვით, ადამიანები, სახელებით „Dennis“ ან „Denise”, პროფესიის არჩევისას, უპირატესობას ანიჭებენ კბილის ექიმობას (dentist); „Larry“ ან „Laura“ სახელების მქონენი კი – ადვოკატის (lawer) პროფესიას. ეს ყოველივე – სახელის შესაბამისი პროფესიისა ან საცხოვრებელი ადგილის არჩევა – ხდება არა მიზანმიმართულად, არამედ ავტომატური სისტემა, რომელიც სახელთან დაკავშირებულ დადებით ინფორმაციას ფლობს, უბიძგებს ადამიანს ავტომატურად გააკეთოს შესაბამისი არჩევანი, რაც პოზიტიურ გრძნობებს იწვევს მასში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანის სახელსა და მის ამა თუ იმ არჩევანს შორის პირდაპირი და აუცილებელი კავშირია. რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის საკუთარი სახელების გამო არ აკეთებენ ცხოვრებისეულ არჩევანს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციურ არჩევანთა ალტერნატივებს შორის სახელთან სახელწოდებით ახლოს მდგომი ალტერნატივაცაა მოცემული, ადამიანი, ძალიან დიდი ალბათობით, არჩევანს, სწორედ, სახელთან დაკავშირებულ ალტერნატივაზე შეაჩერებს.
ახლა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ სახელს განვიხილავთ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ „საკუთარ სახელს“.