ავტორი: ხატია სურმანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღის, ასევე არაფრით გამორჩეულ მსვლელობას, უპრეტენზიოდ ვუწყობდი ფეხს. უჩვეულო მხოლოდ ამინდი იყო. გაზაფხულის მზის ნანატრი მცხუნვარება, ასე ადვილად, რომ გადაყავხარ თავის ჭკუაზე. შეთხელებულ ტანსაცმელში ხალხიც თითქოს მეტად მოღიმარი მეჩვენა. სხვებზე თავს ვერ დავდებ, აი მე კი ნამდვილად მეტყობოდა გაზაფხულის ხელი.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მეტყობოდა მანამ, სანამ ამ შემთხვევას წავაწყდებოდი. შემთხვევას, რომლის გამოც ეს დღე, მხოლოდ ერთი შეხედვით იყო ჩვეულებრივი. მინდა, თქვენც მოგიყვეთ და იქნებ ერთად გავცეთ პასუხი კითხვებს, რომლებიც უკვე, ორი დღეა, მოსვენებას არ მაძლევენ.
ფეხით მივუყვებოდი ჭავჭავაძის გამზირზს. უცებ ქალის ყვირილის ხმა მომესმა. საოცარი სიტყვებით იწყევლებოდა. ავტობუსის გაჩერებისკენ გავიხედე, საიდანაც ხმა მოდიოდა და ავტორსაც მივაგენი. ირგვლივ გარინდული, უემოციო ხალხის დანახვამ მაფიქრებინა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა. თანდათან ვშორდებოდი ეპიცენტრს და შემდეგი სიტყვები ჩამესმოდა: – „თქვენ, ახლა, ხალხი ხართ? ერთიანად უნდა ამოგწყვიტოთ ღმერთმა, ქართველებო! ციგნებს უმართავთ ხელს. არა, მითხარით, ეს უნდა გადამეყარა?’’ – ბოლო სიტყების გაგონებისას მარჯვნივ მივიხედე და ძირს რამდენიმე, მოზრდილი, ჩაყვითლებული ლიმონი დავინახე. მაშინ მივხვდი რაშიც იყო საქმე, თუმცა უმოქმედოდ გავაგრძელე გზა. უკან კი უცნობი ქალის ცრემლნარევი ხმა მომყვებოდა.
ჩემში რაღაც ჩაკვდა. ამინდიც შეიცვალა.
და მაინც, ვინ იყო ამ დროს დანაშავე? უცნობი ქალი, რომელიც გაუგონრად იწყევლებოდა თუ ჩვენ, ვინც ამ წყევლას უმოქმედოდ ვისმენდით(მისი აზრით კი დავიმსახურეთ კიდეც) ?ალბათ ამ კითხვას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. შემთხვევის საფუძველი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
პირადად მე, პირველ რიგში, ქართველობა მეტკინა. დანამდვილებით არ ვიცი უცნობი ქალი რა ეროვნების იყო (უფრო ქართველი), მაგრამ იმ დროს მერჩივნა პირადად გაველანძღე. ჩემში პატრიოტიზმის მოზღვავება ვიგრძენი. მერე იმაზე დავფიქრდი, რამდენად მძიმე იყო ამ ქმედების წინაპირობა. ნეტავ რამდენ ხანს იჯდა შუა ქუჩაში, თითო ლიმონის გაყიდვის იმედად? ან, რის ფასად უჯდებოდა ეს განცხადება.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება საკუთარი თავი იყო, იმ ხალხთან ერთად ვინც გამწარებულ ქალს უსიტყვოდ უმშვენებდა გვერდს. მათ სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდათ. თვალებით ამბობდნენ რა ჩვენი ბრალიაო. მე კიდევ ამ ფიქრებში გართულმა, გვიან აღმოვაჩინე საკუთარი უმოქმედობა. თუმცა, უკან დაბრუნება და ახლოს მისვლა ვერ გავბედე. შემეშინდა. რის? თვითონაც არ ვიცი …