სტუდენტის სააღდგომო დღიური

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

დღე პირველი, ხუთშაბათი

ხუთშაბათ დილით მე, ჩემი ზურგჩანთა და ჩემი და შორეული დასავლეთის გზას დავადექით და 6 საათიანი მგზავრობის შემდეგ ნანატრი სახლის კარები შევაღეთ. ჩემი ძმა შესაშური „აღნაგობით“ დაგვხვდა (რაც ფრიად კარგად აისახებოდა მაცივრის კარის საეჭვო ჭრიალზე) და დედაჩემი უკვე ქოთქოთებდა ჩვენს მოსალოდნელ წასვლაზე, რაც გარდაუვალი იყო. ბარგი ამოვალაგე (რატომღაც საგამოცდო მასალებიც წამომეღო), ჩემი ძმის მონოლოგიც მოვისმინე იმის თაობაზე,  რომ ქართულის ოლიმპიადაზე მეორე ტურში გადავიდა და მამაჩემმა ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებაც მამცნო.

აი, აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო (ანუ როგორც დავგეგმე), მაგრამ ამის მიუხედავად იხტიბარი არ გავიტეხე და ღიმილით გავხედე ცას მზის სხივების მოლოდინში. ნანატრი მზე არსად ჩანდა, სამაგიეროდ, პირქუში ღრუბლები მიმზერდნენ რისხვით და ჩემი 5დღიანი დასვენების წვიმით გალამაზებას მიპირებდნენ. ამ წვიმის წვეთების ნაცრისფერ გროვას მუშტი მოვუღერე და მზიანი პარასკევის გათენების იმედით სახლის დალაგებას მივყავი ხელი.

დღე მეორე, პარასკევი

ღამით, კარგად მეძინა. დილასაც კარგად გამოვიძინებდი ჩემი ძმის არადამიანურ მოპყრობას რომ არ გავეღვიძებინე (იგულისხმება კიბეზე ფეხების ბრაგუნი, ლოგინზე შემოხტომა და მსგავსი). მზის სხივები ისევ არ ჩანდა. ამინდზე და ზოგადად კაცობრიობაზე გაბრაზებული წამოვდექი საწოლიდან და ფეჩთან მოვიკალათე. უცებ აღმოვაჩინე, რომ დილა აღარ ყოფილა (12 საათი იყო) და ამ ხნის განმავლობაში დედაჩემს და ჩემს ძმას ბაზარში წასვლა-წამოსვლაც მოუსწრიათ. აქ უკვე სინდისმა შემაწუხა და სამზარეულოს დალაგება/დასუფთავება ვითავე. დღის სამი საათისთვის უკვე კარგ ხასიათზე ვიყავი და აღარ მაწუხებდა ნაცრისფერი გროვის სიმრავლე ცაზე.

საღამოს ირმა ჩამოვიდა და კვერცხების შეღებვის მრავალწლიანი ცერემონიალიც გავხსენით. ჩემი ძმის აქტიური მოთხოვნის შედეგად, ერთსულოვნად, გადავწყვიტეთ 50 კვერცხის შეღებვა, ნახევარს დედაჩემი შეღებავდა – წითლად, ნახევარს – მე, ცისარტყელის ფერებად. ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, ჩემს დას ორი კვერცხი რომ არ შემოტყდომოდა გარეცხვისას და მე კიდევ ქვაბში ჩაწყობისას ( გადაიტანა ეს ამბავი ჩემმა ძმამ, ნუ ღელავთ), მერე კი შეღებვისას კიდევ ერთი. საბოლოოდ, მივიღეთ 22 წითელი და 23 ცისარტყელას ფერების კვერცხი. დღე მაინც სასიამოვნოდ დასრულდა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

დღე მესამე, შაბათი

დილით იწვიმა. მე ისევ ადრე ავდექი და დღის გეგმების დაწყობა დავიწყე გონებაში, თუმცა მანადე, თურმე, უკვე გაწერილა ჩემი მოქმედების მარშრუტი: სამზარეულო – სასადილო ოთახი. ჩემი და და ირმა ეზოს გასასუფთავებლად წავიდნენ, ჩემი ძმაც წაათრიეს და მეც სადილისთვის საჭმლის მომზადება დავიწყე.

ღრუბლები კვლავ ჯიუტად არ შორდებოდნენ ცას და მზეს გასაქანს არ აძლევდნენ. ეზომ დასუფთავების შემდეგ სულ სხვანაირი იერი მიიღო და დედაჩემის გულმაც გაიხარა. სასადილო მაგიდამაც ზედ საჭმლის დაწყობის შემდეგ  სხვანაირი იერი მიიღო და ჩემმა ძმამაც გაიხარა. ბედნიერი ვიჯექი სუფრასთან და რა მეგონა, რომ ბედი მორიგ დარტყმას ამზადებდა ჩემთვის.

საღამოს ტკბილეულობა გავაკეთე, უფრო სწორად, გამოვაცხვე და ბედნიერი დავწექი.

 დღე მეოთხე, კვირა

დილიდანვე, მუცელი უცნაურად მიწრიალებდა.

სალათები დავამზადე, ნამცხვარიც… მართალია, არავის მოეწონა, ვიზუალურად, მაგრამ მაინც მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, კარტოფილის და ხორცის შებრაწულიც კარგს სუნს აფრქვევდა. მაგიდა გავშალეთ და პირველად, მშვიდად და წყნარად გავატარეთ აღდგომა (უჩვეულო მდგომარეობა იყო ჩვენთვის). სადილს ყავა დავაყოლეთ და ჩემი ნამცხვარი და ოჯახში დარჩენილმა ოთხმა ქალმა საჭირბოროტო საკითხების გასჯა დავიწყეთ. ეს კარგი წუთები იყო.

ცუდი ის იყო, როცა თავი ცუდად ვიგრძენი და საპირფარეშოში ღებინება-ღებინებით შევვარდი. გამოსულმა დამნაშავედ შევხედე დედაჩემს და ტახტზე მოვკალათდი. იმწამსვე მინერალური წყლის სმა მომისაჯეს და მეც, დროგამოშვებით, ვწრუპავდი „ნაბეღლავის“ მაცოცხლებელ ძალას. დიაგნოზიც დამისვეს – მოვიწამლე და ორი დღე არაფერი უნდა მეჭამა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩემი მზარეულობის შედეგის მხოლოდ ყურება მომიწევდა.

ბედს შევეგუე და დასაძინებლად წასულმა, უხმოდ, გავიყოლე თან „ნაბეღლავის“ ახალი ბოთლი.

დღე მეხუთე, ორშაბათი

ღამით ცუდად მეძინა. ჩემს მოწამვლას თან გრიპიც დაერთო და ხველებ-ხველებით ავეთრიე საწოლიდან. უკვე თბილისში წასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ მოსალოდნელი გამოცდები რომ მაგონდებოდა, გული ამოუცნობი გრძნობით მევსებოდა.

ისევ წვიმდა. მზის სხივის ნატვრის თავიც არ მქონდა და უზარმაზარ ენციკლოპედიას მივუჯექი დროის გაყვანის მიზნით. ხვალ თბილისში ვბრუნდებოდი.

მთელი დღე, ჩაით ხელში გავატარე და შურით ვუყურებდი ჩემი ძმის ხელში გამომწყვდეული “პეროგის” დიდ ნაჭერს.

ამანაც გაიარა.

დღე მეექვსე, სამშაბათი

ავბარგდით, ჩავბარგდით და წამოვედით.

თბილისი მზის სხივებში გახვეული დაგვხვდა, მაგრამ მე ჩემი ღრუბლიანი ცა მენატრებოდა.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები