ავტორი: ხატია სურმანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
იცით რა მინდა? – თავისუფლება. რა, ლამაზად ჟღერს ქართულად – თავის უფლება, ანუ მე მინდა ვიყო საკუთარი თავის უფალი? და შენთვის რას ნიშნავს იყო თავისუფალი?
- აკეთო ის რაც გინდა?
- თუ როგორც გინდა?
- იქნებ, მათი გაერთიანება უფრო გხიბლავს?!
დიახ შენ, შენ გეუბნები! კოხტად, რომ მოკალათებულხარ ტრანსპორტში და ამაყად დაჰყურებ ზემოდან, წელში მოხრილ, ხელებდაკოჟრილ მოხუცს. დიახ ზემოდან! არ მეშლება. შენ ხომ დამჯდარიც კი მასზე მაღლა დგახარ.
შენ რაღა გაცინებს? ის არა ხარ გუშინ დაძაძული, შეციებული, ფეხშიშველი და დახმარებისთვის ხელგამოწვდილი ქალის დანახვისას სიცილით, რომ იჯერე გული მეგობრებთან ერთად და ბოლოს ხალხის დასანახად ორი გროში ააჩხრიალე კონსერვის ცარიელ ქილაში? ცოტათი ჩაიწიე, შენს უკან თავჩახრილი დგას ვიღაც. აი თურმე ვის დანახვაში მიშლიდი ხელს.
გეგა გამარჯობა! გილოცავ, შენმა გეგმამ წარმატებით იმუშავა. მერე რა რომ ამისთვის ყველას და ყველაფერს ზედ გადააბიჯე. მაგრამ მოწყენილი რაღატომ ხარ?
- ა, მოგატყუეს?
- თუ, სიმართლე დაგიმალეს?
- არა, არ დაგცინი. მართლა, სხვადასხვა რამაა.
გუშინ, შენს ცოლს, სადარბაზოსთან წითელბანტიანი, შავი ”BMV” , რომ მიუყენე და უთხარი დიდი ხანი ვაგროვებდი ფულს შენი ოცნების ასასრულებლადო, მაშინ მოატყუე.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ორი დღის წინ კი, აცრემლებულმა რომ დაგირეკა სიცხიანი ბავშვის ექიმთან წასაყვანად და თათბირზე იმყოფებოდი, შენ მას, უბრალოდ, სიმართლე დაუმალე.
– რა მითხარი? შენთვის სულერთია? კარგი.
ჰო მართლა გუშინ დედაშენი შემხვდა. დატვირთული პარკებით სახლის კარამდე მივაცილე. მითხრა გეგას ხვალ ტელევიზორში აჩვენებენ და აუცილებლად უყურე. მომენატრა, უკვე, ერთი კვირა გავიდა ბოლო გადაცემიდანო. ჟურნალისტებს საყვედურობდა, გეგაზე უკეთეს მოსაუბრეს სად ნახავენო.
– გეჩქარება? კარგად იყავი გეგა!
თქვენ, კიდე, რაღა მოგივიდათ, ახალგაზრდა? ვერ გაიგე? ჩაუწიეთ, ჩაუწიეთ … უნივერსიტეტის წინ, გაჩერებულ მანქანაში, ბოლო ხმაზე, რომ უსმენთ ,, Lil Wayne“-ის No Worries ეს გავიგეთ და მანქანის კარის გაღება რაღა საჭიროა? ვიცით, შენი მანქანის კარიც კი იღება. უი, დათკა შენ ხარ? მაგარი დაბოლილი ხარ? ჩემთავსმეფიცები? მე მეჩქარება, მოგიკითხავ აბა რა… მადლობა დათკა, მადლობა.
ქალბატონო, თქვენ, რამ აღგაშფოთათ? მატარებელში ახვედით, ფანჯარასთან მოიკალათეთ ( მაშინ, როცა იცოდით, თქვენი ადგილი არ იყო). წარბშეუხრელი, გარინდული აკვირდებოდით გოგონას, რომელიც ვერ გამოერკვა თუ რატომ დახვდა თავისი ადგილი დაკავებული. ბოლოს თქვენ მოგმართათ და რა უპასუხეთ? ხო გამახსენდა, უბრალოდ პირველი მოვედიო. თავხედია? რა მოუვიდოდა საპირისპირო მხარეს თუ დაჯდებოდა? თქვენ რა მოგივიდოდათ უბრალოდ თუ თხოვდით?
კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ. აჰ, სულ რაღაც 5 წუთი დამრჩა, სამსახურში მაგვიანდება. სხვა დროს განვიხილოთ.
– უფროსი მიბარებს? სასწრაფოდ გამოცხადდესო?..
ნეტავ, მაგ ყლინჯს, ცოტათი შეიხსნიდეთ, მეშინია არ დაიხრჩოთ. საუბრისას შემომხედეთ მაინც იქნებ რა თვალით გიყურებთ. ა, საქმე გაქვთ, თან კომპიუტერთან. კარგი ჩემო ბატონო, გისმენთ. სალაპარაკო არც არაფერია? კი, სამწუხაროდ გასაგებია.