ავტორი: ალიმი ხერხაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
რამდენიმე ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ახალგაზრდებისთვის ლურჯი ჯინსები, მათივე სილურჯის ფერ ოცნებას განასახიერებდა… ჯინსები და გრძელი თმა – თავისუფლების, პროტესტისა და ახალგაზრდების მეამბოხე სულის ერთდროული გამოხატულება იყო და ის, რომ ასეთ იშვიათობას წარმოადგენდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სამოსი არცერთ მათგანს არ გადაუქცევია ის ფუფუნების საგნად, რომლითაც თავიანთ მაღალ სოციალურ ყოფას გაუსვამდნენ ხაზს…
ლურჯი ჯინსები…
ალბათ, ეს მათთვის, ლურჯი ცის ასოცირებას იწვევდა, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები, დაბრკოლებები და უკიდეგანოა თავისუფლებასავით (ჯინსებიც ხომ არ ცნობდნენ საზღვრებს?!). რაღაცნაირად, მეამაყება, რომ ეს თაობა რომელთაც ,,ჯინსების თაობა” ერქვათ ჩვენი დედ-მამების თაობა იყო. მათ იგემეს სწორედ პირველებმა ,,ტყვეობიდან” თავისუფლების მომაჯადოვებელი გემო. ამისთვის მათ გააკეთეს ყველაფერი, – გაფრინდნენ, გადაცურეს ზღვა, წავიდნენ სასიკვდილო რისკზე და…. სწორედ მათი დამსახურებით, დღეს ჩვენ გვაცვია ,,ჯინსები” და ამ ჯინსებში ბევრ ჩვენგანს უდევს ,,აიფონი”.
ჩვენ უკვე სხვა მისწრაფებები გვაქვს (სამწუხაროდ ნაკლებად ღირებული) და ამ ,,აიფონებისთვის” ბრძოლა არ დაგვჭივრებია (თუ მშობლებისთვის ფულის მოთხოვნის პროცესს არ ჩავთვლით), ვერც იმას ვიტყვით რომ ფუფუნების საგნად და სოციალური დონის წარმოსაჩენად არ გვიდევს ,,დახეული ჯინსების” ჯიბეებში ეს მოკბეჩილვაშლიანი ,,აიფონები”… გული კი იმაზე მწყდება, რომ არვიცი ჩვენით იამაყებს თუ არა ჩვენი მომავალი.
,,აიფონელების თაობა”- ასე ვუწოდებდი მე ჩვენს თაობას. საოცარია მაგრამ ფაქტია რომ ,,აიფონებიც” და ,,ჯინსებიც” ერთი დიდი ქვეყნის საკუთრებაა, რომელსაც ერი არ გააჩნია. ანუ, გამოდის, რომ მსოფლიო ხალხის შეზავებამ დღეს მოგვცა რაღაც ისეთი, რომ ისინი ჩვენს განუყოფელ ყოველდღიურობად იქცნენ.
თუკი, რამდენიმე ათწლეულის წინ სასაცილოდაც კი ჟღერდა ფრაზა – ,,ამერიკული კულტურა”, დღეს თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ფენომენზე და უფრო მეტიც: – ამერიკა, დღეს უკვე არის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლო და მსოფლიო ხალხისგან შემდგარმა ამ გიგანტმა, შეძლო შეეთავაზებინა დედამიწის მოსახლეობისთვის რაღაც ახალი, თანამედროვე კულტურა რომელიც ჯერ ჩვენი მშობლების თაობისთვის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, ახლა ჩვენი თაობისთვის კი საოცნებო ,,აიფონების”, ავტომობილებისა და განათლება-ცხოვრების ,,აღქმულ ქვეყანად”…და ჩვენ, აიფონელები, ხარბად შევითვისებთ ამ ყველაფერს.
მაინც, რა ხმაა ის ხმა, რომელიც ,,ჯინსების თაობელთა” გამოძახილია ჩვენი თაობის ,,აიფონებში”?
ბატონო, ირაკლი, რა არის ისეთი რამაც შეიძლება დროს გაუძლოს?
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს…
რა შეუძლია ახალგაზრდებს თუ ისინი არ ჩაიძირებიან მხოლოდ ამქვეყნიურ მორევში?
თქვენ… გადაცურავთ ზღვას…
რას ეტყოდით იმ ადამიანს რომელიც გიყვართ?
სულს მოგცემ… მე შენთან მოვალ, დავბრუნდები….
ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი?
საოცარი სურვილი არაფრის კეთების…
ხმა რომელიც ,,ჯინსების თაობელებმა” გამოგვიგზავნეს ირაკლი ჩარკვიანი გადმოგვცემს… დღეს მათი ხმები აიფონებში ისმის და გრძნობა მორეული ჩვენი თაობა განსაკუთრებული თავდავიწყებით უსმენს…
ზოგისთვუს მოდურია, ზოგს მართლა უყვარს ეს ხმა და მიჰყვება კიდეც მას, მაგრამ ფაქტია, – ირაკლის არ უნდა უსმინო. ეს ის ხმაა, რომელიც უნდა შეიგრძნო, განიცადო და იცხოვრო თავისუფლების თაყვანისცემითა და დაფასებით. ვისურვებდი, მართლა ვისურვებდი, რომ ხმა რომელიც ,,აიფნოლთა” აიფონებში ისმის მართლა შეეგრძნოს ჩვენს თაობას ისეთი დიდი სულიერებით რომელიც ,,თვითმფრინავის ბიჭებს” და იმ ირაკლი ჩარკვიანს გააჩნდა; რომელიც გამომძიებლის მიერ რუსულად დასმულ შეკითხვებს ქართულად პასუხობდა!
მინდა, ამ ,,აიფონელთა” თაობამაც შეძლოს, მარწუხებში მოაქციოს ახალგაზრდული ქარიშხალი და თავისი სიტყვა თქვას მომავლის ასპარეზზე.
არ მინდა, – ,,აიფონი” ასოცირდებოდეს ფუფუნებასთან, ,,მარიაჟობასთან” და სოციალურ განსხვავებასთან…
…ამ შემთხვევაში, ჯინსების თაობელთა დიადი ხმა ამ აიფონებში შერყვნილი და ისეთივე არამთელი და ნაწილნაკლული იქნება როგორიც ამ აიფონებზე გამოსახული მოკბეჩილი ვაშლია…
მინდა…
ჩვენც გადავცუროთ ზღვა…
სოხუმის ზღვა და დავიბრუნოთ აფხაზეთი…
მინდა, გავფრინდეთ უფრთოდ და დავიბრუნოთ სამაჩაბლო…
მინდა, ჩვენ ყველამ ვუსმინოთ ჩვენი წინაპრების გამოძახილს, ვაჟკაცურად ვიტვირთოთ მათი შეუსრულებელი მისია და ჩვენ დავასრულოთ. ჯინსების თაობა თავისუფლებისა და პატრიოტიზმის ჰიმნს მღერის აიფონელთა თაობის აიფონებში და მას მოსმენა არა, შეგრძნობა ჭირდება…