ის

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

ის ყოველდღე დგება, იხეხავს კბილებს, იცვამს  ჯინსის შარვალს, შავ ზედას, იღებს სკოლის დიდ ჩანთას, ზურგზე იკიდებს და ნელა მიუყვება ქუჩას. მთელი მონდომებით ცდილობს მეეზოვეებს გაუღიმოს და  „გამარჯობაში“  მთელი სითბო და  სათქმელი ჩატიოს, რადგან მას მეტის თქმა არ შეუძლია, არც გამოსდის და არც უნდა, რადგან აღარ იცის, როგორ უნდა იყოს ერთ სიტყვაში ამაზე მეტი ემოცია.

ხშირად, წითელ შარფსაც ატარებს. ის თვლის, რომ მისი თანატოლები ამგვარად იმოსებიან. მგზავრობს ავტობუსით, როდესაც პიკის საათებია მეტროთიც. ესკალატორზე  ზურგით არასოდეს არ დგას, პირიქით… ხალხს უყურებს. როგორც ჩანს, პატარა ადამიანების ყურება, რომლებიც მასზე დაბლა დგანან, დიდ სიამოვნებას ანიჭებს.  ჩერდება. აკვირდება პიროვნებების აღრევას და ფიქრობს ყველაფერსა და არაფერზე.

სკოლის ტროტუარზე მიმავალი ბავშვებს ხელს მორიდებით დაუქნევს და გაუღიმებს  მათ. საკლასო ოთახში შევა და ბოლო მერხზე დაჯდება. შემდეგ მიხვდება, რომ სჯობს წინა მერხზე გადმოინაცვლოს. აქ საკუთარ თავს იპოვის და მთელი ენთუზიაზმით დაწერილ დავალებებს მასწავლებელს მაგიდასთან მიუტანს. შესვენებაზე, სკოლის „ბუფეტში“ მივა, ბავშვებს მიუჯდება გვერდით და ნელა, გააზრებულად დაუწყებს ლაპარაკს, თუ რომელი ფილმი ნახა, ან რა წიგნი წაიკითხა ბოლოს. შესაძლოა, ბოლომდე ვერ თქვას სათქმელი, მაგრამ ცდილობს…

მერე ჭიქა ჩაის აიღებს, ხურდას გამყიდველს მიაწვდის და სკოლიდან გამოვა. უბანს ისევ ნელა ამოივლის, ჩემი სახლის კართან გაჩერდება და თვალებით დამიწყებს ძებნას. თუ დამინახავს მოვა და ჩამეხუტება, მერე მე სახლში შევიპატიჟებ, ალუბლის ნამცხვარს თეფშით წინ დავუდებ და გაუთავებლად დაიწყებს მოყოლას, რომ ამ წელს სკოლას ამთავრებს და მალე სტუდენტი გახდება.

მე მიყვარს ნიკა.

თუ მას ახლოს არ იცნობთ, ვერ მიხვდებით, რომ აუტისტია და თუ ახლოდან გაიცანით, მიხვდებით, რომ სულაც არ არის საჭირო სიტყვები მისთვის, რომ ვინმეს სითბო და სიყვარული ერთი მზერით აგრძნობინოს.

ის ყველაფერს ახლა სწავლობს, ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორედ ამიტომ  გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ – ის  ადამიანობას სწავლობს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები