ავტორი: ნათია ბოტკოველი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
დღეს, ბევრს საუბრობენ, იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ახალგაზრდამ მედიის განვითარებაში. სამწუხაროა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ მედიაში. მართლაც, ფიქრობენ ამ მოსაზრების მომხრეები, მათ არ აქვთ გამოცდილება, ხშირად ავთენტური ინფორმაციის მოძიებაც უჭირთ და ბოლოს, მათ მიმართ ნდობაც ნაკლებია…
რატომ?
შესაძლებელია, მართლაც გვაკლია გამოცდილება, მაგრამ გამოცდილება ჩვენმა აქტიურობამ უნდა მოგვიტანოს. ნუთუ შევძლებდით ვყოფილიყავით გამოცდილი, თუ არ გვექნებოდა გარკვეული საშუალება, სადაც შევძლებდით ნანატრი გამოცდილების მიღებას.
რაც შეეხება სანდო ინფორმაციის მოპოვებას, ამ ყველაფერსაც თავისი მიზეზი აქვს, გული მტკივა, როცა ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ უჭირს მისთვის საინტერესო საკითხზე ცოდნის მიღება, რომ მის დაინტერესებას ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად ვერ აღიქვამენ.
კიდევ ბევრი მიზეზია, რის გამოც ახალგაზრდებს ტელე და ბეჭდურ მედიას ,,არ აკარებენ’’, არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ არა სოციალური მედია.
სოციალური მედია – ეს ის სფეროა, სადაც შეგიძლია წერო, შენი სათქმელი მიიტანო ადრესატამდე ყველანაირი გამოცდილებისა და ავტორიტეტის გარეშე, ეს ის ადგილია, სადაც ენდობიან შენს რეკომენდაციებს, გამოცდილებას (თუნდაც, ის წლების განმავლობაში კი არა სულ რამდენიმე დღეში ან საათში გქონდეს დაგროვილი), იღებ წერის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებას, იცნობ შენივე ინტერესების მქონე ადამიანებს და გრძნობ, რომ შენი უნარების გამოსავლენად სულაც არ არის აუცილებელი ტელევიზია ანდაც ჟურნალ-გაზეთების ფურცლები…
ეს სოციალური მედიის ღირსებების მცირე ჩამონათვალია, ახლა ცოტა რამ ვთქვათ იმაზეც, თუ რა როლი შეგვიძლია შევასრულოთ სოციალური მედიის განვითარებაში, დღეს სოციალური მედია თავის ყველაზე ფართო გამოვლინებას ინტერნეტში პოვებს, ნურავინ შემედავება, რომ ინტერნეტი კვლავაც და კვლავაც ახალგაზრდების ,,გავლენის სფეროა“. ჩემი აზრით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებს გვაქვს დაუშრეტელი ენერგია და სურვილი, ვისწრაფოთ ახლის შექმნისკენ. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, სოციალური მედია კი ჩვენი სამოქმედო პლატფორმაა, ჩვენ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, გავხადოთ იგი ხელმისაწვდომი ჩვენი თანატოლებისა და საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის… ჩვენს გვსურს ვიყოთ აქტიური და სოციალური მედია ჩავაყენოთ ჩვენს სამსახურში, იმისთვის, რომ გვისმინონ და ვუსნინოთ: მე, შენ, ჩვენ, ახალგაზრდებს…