სალომე საგინაშვილი
ბინის ქირა მაქვს გადასახდელი. ლარის კურსი ძალიან დაბალია და მიწევს ბანკის კართან დგომა. ერთი ჯიბეგაფხიკილი სტუდენტი ვარ რეგიონიდან. არ ვიცი რა ვქნა. არადა ბინის მეპატრონემ უკვე მესამედ დამირეკა და მკაცრი ხმით მითხრა, რომ დღის ბოლომდე თუ მის კუთვნილ თანხას არ ჩავურიცხავდი პირად ანგარიშზე, ნივთებს მეშვიდე სართულიდან გადმომიყრიდა.
ოჯახში ვერ დავრეკავ, რადგან ჩემთან არავინ მუშაობს და გულითაც რომ მინდოდეს, მეტ თანხას ვერ მომცემენ. ორას სამოცდაათი ლარი სულ ბინის ქირაში რომ გადავიხადო, საჭმლის ფულიც აღარ მრჩება. ვფიქრობ და გამოსავალი არ ჩანს. საფულეში რამდენჯერმე ჩავიხედე და ისევ ორას სამოცდაათი ლარი დავთვალე. ძველი ვალუტის მიხედვით დოლარის კურსი ერთი ლარი და ოთხმოცი თეთრი უნდა ყოფილიყო. ახლა ბანკის ტაბლოზე ორი ლარი და ხუთი თეთრი ეწერა. გონებაში ვთვლი თანხას, დაახლოებით სამას ლარზე მეტი გამოდის.
ბოლო თვეებია, თავს საშინლად ვგრძნობ. ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვეობას და არ გამომდის. სამსახურის დაწყება მინდოდა, მაგრამ ვერ. მთელს თბილისს შემიძლია დაუღალავად შემოვურბინო, ოღონდ რაიმე ვაკანსია ვნახო. არც საქმის გაკეთება მეზარება, არც ენთუზიაზმი და შემართება მაკლია, მაგრამ რისთვის? ადგილამდე ვერ მივდივარ, გამოსაცდელი ვადითაც არავის ავყავარ. იქნებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის დამტკიცება როგორ მინდა და შემიძლია. ეს თემა არავის აინტერესებს, არც რაიმეს მოსმენა უნდათ. ჩემი ოჯახისკენაც ვერ ვიშვერ ხელს, რადგან არათუ მათ უნდა ვთხოვდე პურს, მე თავად უნდა ვუწვდიდე. იგავის მიხედვით, რომელსაც „ხუთი პური“ ჰქვია, მე „სესხი“ ავიღე მშობლებისგან, მაგრამ „ვალს“ ვერ ვიხდი მხოლოდ იმიტომ, რომ ცხრამეტი წლის სტუდენტს მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება უნდა მქონდეს. ამას საიტებზე განთავსებული ვაკანსიები მეუბნება.
“ერთი კაცი ყოველდღე დადიოდა ბაზარში და ხუთ პურს ყიდულობდა.
ერთხელ მეგობარი შეხვდა გზაში. მეგობარმა ჰკითხა:
— მითხარი, დღეში ხუთ პურს რატომ ყიდულობო?
კაცმა მიუგო:
— ერთს მე შევექცევი, ორს სესხად ვაძლევ, ორით კი ვალს ვიხდიო.
— არ მესმის, — უთხრა მეგობარმა, — ერთი კარგად ამიხსენი, რომ გავერკვიო?
—ერთ პურს მე თვითონ გეახლებით, ორს შვილებს ვაძლევ, ორს კი — დედ–მამას.– უპასუხა კაცმა.“
შრომის შესაძლებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს მისი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. საბჭოთა პერიოდში შრომის უფლება გულისხმობდა, ნებისმიერი შრომისუნარიანი მოქალაქის ვალდებულებას ემუშავა, ხოლო იმავდროულად სახელმწიფოს ეკისრებოდა ამ პირთა დასაქმების ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას. ჩვენში დღეს სურვილი სურვილად რჩება, ვინაიდან სასურველი პროფესიის სწავლა უმაღლესში და სხვადასხვა კურსის გავლა სულაც არ არის სამუშაოს დაწყების სრული გარანტი. რჩება “არადნობის” ვარიანტი და გამორიცხვის მეთოდის რეალიზება. პროფესიულ თუ უმაღლეს დაწესებულებებში ბოლო დროს მოთხოვნა იმ ფაკულტეტებზეა, რომელთაც პერსპექტივა მეტი აქვთ და დასაქმების შესაძლო პროცენტული მაჩვენებელიც მეტია.
ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, სრულწლოვანია 18 წელს გადაცილებული ადამიანი და მას აქვს უფლება ვალდებულებასთან ერთად, ოჯახის კმაყოფაზე არ ყოფნის და საკუთარი, დამოუკიდებელი ცხოვრების. საინტერესოა, აი, იმ განცხადებებს რა უნდა მოვუხერხოთ 18-20 წლის ახალგაზრდებს რომ ეპატიჟებიან სამსახურში, სამ წლიან სამუშაო სტაჟს სთხოვენ, გასაუბრებაზე იბარებენ და ბოლოს მაინც ეუბნებიან მათ: – „კარი მარცხნივ!“
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2013 წლის მონაცემებით, ახალგაზრდების უმუშევრობის საერთო დონე მსოფლიოში არის დაახლოებით 12.5 %, რაც არის კრიზისის პიკი და ნიშნავს, რომ მსოფლიოში 73 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა უმუშევარი. საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით, არა თუ ახალგაზრდების, არამედ მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის დაუსაქმებელი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 2013 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში, კითხვაზე თუ რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რესპოდენტთა 61%-მა უპასუხა, რომ მთავარი პრობლემა არის სამუშაო ადგილების არ არსებობა.
აღნიშნულის მიზეზი, სხვა პრობლემებთან ერთად არის მოუწესრიგებელი დასაქმების ბაზარი. იუნესკომ გამოაქვეყნა 2012 წლის გლობალური მონიტორინგის ანგარიში – ”განათლება ყველასათვის”. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვლავაც პრობლემად რჩება განათლებამიღებული ადამიანების დასაქმება. ასეთ ქვეყნებში იუნესკო ავღანეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ირანთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოსაც მოიაზრებს. იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში განათლებამიღებული ყოველი 8 ახალგაზრდიდან ერთი უმუშევარია, ხოლო ახალგაზრდების მეოთხედზე მეტი დასაქმებულია ისეთ სამსახურში, რომლის ანაზღაურებაც სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ ცხოვრების თანაფარდია.
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 32
სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მუხლი 23
- ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
- ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ერთი შეხედვით დასაქმებაც არ უნდა გაჭირდეს, იმდენ ვაკანსიას ნახავთ ყოველდღიურად. თუმცა განთავსებული განცხადებების 90% + მოითხოვს, რომ CV-ს ავტორი ორმოც წლამდე უნდა იყოს, მაშინ როდესაც ამ ასაკს გადაცილებული ხალხი დაუძლურებული სულაც არ არის და აქვთ უნარი ძველებურად მუშაობის. ამგვარ საიტებზე წითელი ღილაკი მარჯვენა ზედა კუთხეში, პორტალია რეალურ სამყაროში დასაბრუნებლად.
დღეს საქართველოში ბევრი წინაპირობის თანხვედრა ხდება იმისათვის, რომ უმუშევრობის დონე კიდევ და კიდევ გაიზარდოს. რა მექანიზმებით მოხდება ამის დაძლევა, ან მოხდება თუ ვერა, ამ კითხვაზე პასუხი მიმდინარე წელმა უნდა გაგვცეს.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტურის (GIPA) სტუდენტი