20 წლის წინ ფორმულა 1-ის მრბოლელი აირტონ სენა დაიღუპა

სპორტი

პირველი მაისი აირტონ სენას დაღუპვის დღეა – ზუსტად 20 წლის წინ ლეგენდა ,,იმოლას” ტრასაზე, ,,ტამბურელოს“ მოსახვევში საათში 190 კილომეტრის სიჩქარით შეიჭრა და…

1994 წლის 1 მაისს მართლმადიდებლური აღდგომა იყო… 1 მაისს აირტონ სენა დაიღუპა! რბოლის წინ ფორმულა 1–ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა თქვა: ,,იმოლას ჩქაროსნულ ტრასაზე გამარჯვების კარგი შანსი მაქვს და წინა ეტაპებზე დანაკარგის ანაზღაურებასაც ვეცდები“. 1 მაისის რბოლა სენასთვის საბედისწერო გამოდგა. ბრაზილიელი ფორმულა 1-ის მრბოლელი, სამგზის (1988,1990,1991 McLaren-Honda.) მსოფლიოს ჩემპიონი, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი იყო. ფორმულა ერთში კარიერა 1984 წელს დაიწყო, LOTUS RENAULT- ში, შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში მოიგო 6 გრან-პრი, 1988 წელს შეუერთდა McLaren-Honda-ს საჯინიბოს, სადაც მასთან ერთად ასპარეზობდა ასევე დიდი მრბოლელი, ფორმულა ერთის ოთხგზის ჩემპიონი ალან პროსტი. სენამ და პროსტმა მოიგეს იმ სეზონზე 16 გრან-პრიდან 15 გრან-პრი. 1988 წლის სეზონზე აირტონ სენამ პირველად მოიპოვა ფორმულა ერთის ჩემპიონის ტიტული. დავუბრუნდეთ 1994 წლის 1 მაისს, რბოლამდე აირტონი თითქოს გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. გრანპრიმდე ორი დღით ადრე, პარასკევს, თავისუფალი ვარჯიში იყო და სენა ჩვეულებრივ ლიდერობდა. მეწყვილე დეიმონ ჰილს ყოველ წრეზე თითო წამს უგებდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ტრაგედიის პირველ მომასწავებლად რუბენს ბარიკელოს ავარია იქცა.
სენა გაოგნებული იყო. მას შეჯახება არ დაუნახავს და თავისი თანაშემწე ამბის გასაგებად სასწრაფოდ ,,ჯორდანის“ ბოქსში გაგზავნა, თუმცა ლოდინი ვერ შეძლო და ავტოდრომის სამედიცინო პუნქტში გაიქცა.

,,გონს რომ მოვედი, პირველი აირტონი დავინახე, – ჰყვებოდა მერე ბარიკელო – თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ასეთი ნაღვლიანი არასდროს მენახა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მისი ძმა ვყოფილიყავი“.
ბარიკელოს მონახულების მერე სენა კვალიფიკაციას მიუბრუნდა და დღის საუკეთესო შედეგიც მოიპოვა, მაგრამ ეს ძველი სენა აღარ იყო. მისი ჩვეული ცივსისხლიანობა სადღაც გამქრალიყო. შუა სესიის დროს კი უეცრად მეგობარ ჟურნალისტს დაუძახა და ადრე დაპირებული ავტოგრაფიანი ფოტო გაუწოდა, რომლის გადაცემაც სულ ავიწყდებოდა.

,,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკვირაო რბოლის წინ ყველა საქმის მოთავებას ცდილობდა“, – გაიხსენა ჟურნალისტმა. პრესკონფერენციაზეც სენა უცნაურად გამოიყურებოდა, კითხვებზე პასუხი უჭირდა, თითქოს საერთოდ არ ფიქრობდა რბოლაზე, მისი აზრები სულ სხვაგან მიდიოდა. მისი ცოლი იხსნებს, რომ შაბათ დღეს აირტონმა დაურეკა და უთხრა, რომ რბოლაში მონაწილეობა არ სურდა, თუმცა „ვილიამსის“ ფლობელმა ის მაინც დაითანხმა და სენა კვირას გრანპრიზე გავიდა.

რბოლის მსვლელობისას ავარია მოხდა ერთ-ერთი ბოლიდის საბურავი ჯებირს მიღმა გადავარდა და 9 გულშემატკივარი დაშავდა, ამ პერიოდში სენა ბოლოჯერ გავიდა კავშირზე ბოგსებთან, ტრაგედიამდე 2 წრე რჩებოდა… უკვე ნახსენებ ,,ტამბურელოს“ მოსახვევში სენა საათში 190 კილომეტრის სიჩქარით შეიჭრა, გადავარდა და საბურავებით დაუცველ ბეტონის კედელს შეასკდა. სენა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. გასინჯვის მერე ექიმებმა გამოაცხადეს, რომ მისი ტვინი უკვე მკვდარი იყო და გულის მუშაობას ხელოვნურად ინარჩუნებდა.

12 საათის შემდეგ აირტონ სენა ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს, ბრაზილიის პრეზიდენტმა უმალვე ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. წინა დღით იმავე ტრასაზე Tosa-ს მოსახვევთან იმავე სიჩქარით ახალბედა ავსტრიელი მრბოლელი რონალდ რაცენბერგი დაიღუპა. სენას ბოლიდში აკურატულად დაკეცილი ავსტრიის დროშა იპოვეს, აირტონს გამარჯვების სწამდა და ტრიუმფის მიძღვნა სწორად რაცენბერგისთივს სურდა.

აირტონ სენა არის ბოლო მრბოლელი ფორმულა ერთის ისტორიაში, რომელიც რბოლის დროს ფატალური შემთხვევის შედეგად სიკვდილით ასრულებს სიცოცხლეს.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები