ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალის მოლოდინში, კვირა საკმაოდ სწრაფად „გავარდა“. 29 აპრილი, გერმანია, ქალაქი მიუნხენი, ულამაზესი „ალიანც არენა“ მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალის წინააღმდეგ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ერთი კვირის წინ მადრიდელებმა „სანტიაგო ბერნაბეოზე“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს გერმანელები და ფსიქოლოგიური უპირატესობით ესტუმრნენ მათ.
მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, გუნდებმა პატივი მიაგეს ტიტო ვილანოვასა და ვუიადინ ბოსკოვის ხსოვნას. შეხვედრა მადრიდელებმა დაიწყეს, ბაიერნმა სწრაფად აართვა ბურთი სტუმრებს და შეტევა განახორციელა, თავის მხრივ რეალმაც საპასუხოდ შეუტია დი მარიას გამჭოლი გადაცემა ბენზემამდე არ მივიდა ნოიერის გამო. შეხვედრის პირველი 12 წუთი პირველ მატჩს ჰგავდა, ბაიერნი ბურთს ფლობდა. ცდილობდა, რაიმე ღირებულს შექმნას, მადრიდელები კი თავს კარგად იცავდნენ და შანს ელოდნენ. მატჩის სურათი რადიკალურად შეიცვალა მე-16 წუთზე, მადრიდელების ჩამოწოდებული კუთხური ბრწყინვალე თავურით დააგვირგვინა სერხიო რამოსმა, ნოიერს შანსი არ ჰქონია (0:1). ამ გოლმა მასპინძლების გეგმები არია, დამატებითი დრო გამოირიცხა, ხოლო მათ 3 გოლის გატანა სჭირდებოდათ, თუმცა მე-20 წუთზე, ფაქტობრივად, მომაკვდინებელი დარტყმა მიიღო „რეკორდმაისტერმა“, სტანდარტულიდან ჩამოწოდებულ ბურთს პეპემ მიმართულება შეუცვალა და კვლავ ყველაზე მოხერხებულად რამოსმა ითამაშა და თავურით – ორამდე გაზარდა „თეთრების“ უპირატესობა 0:2 (ჯამში 0:3). ბაიერნი ცდილობდა, თამაშში დაბრუნებას, მაგრამ 20 წუთში გაშვებულ ორ გოლს მადრიდელთა იდეალური თამაში დაემატა, მიუნხენელები განწირულად გამოიყურებოდნენ. კასილასს, შეიძლება ითქვას, საქმე არ ჰქონია. 34-ე წუთზე რიბერიმ მადრიდელთა საჯარიმოში დაკარგა ბურთი, სტუმრებმა კი სწრაფი კონტრიერიში წამოიწყეს, ბეილმა ბურთი საჯარიმოდან გამოიტანა და დი მარიას მიაწოდა, ამ უკანასკნელმა წინ ბენზემა მონახა, ფრანგმა უელსელს დაუბრუნა, რომელმაც ნოიერთან პირისპირ დატოვა რონალდო და მანაც გაიტანა 0:3 – კრიშტიანოს მე-15 გოლი გათამაშებაში, ტურნირის აბსოლიტურად სარეკორდო მაჩვენებელი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. 38-ე წუთზე ალონსომ ყვითელი მიიღო ეს კი ერთს ნიშნავდა რეალი დიდი ალბათობით ფინალში გადაიოდა, სადაც ბასკ-ესპანელი მათ ვერ დაეხმარება. პირველი ნახევარი ისე დასრულდა, რომ გუარდიოლამ და მისმა შეგირდებმა ვერაფერი მოუფიქრეს ანჩელოტის დაცვას.
მეორე ნახევრის დაწყებამდე გუარდიოლამ ხავი მარტინეზი გამოიყვანა მარიო მანძუკიჩის ნაცვლად. საწყის წუთებშივე ბაიერნს ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ შოკში იყო, რეალი კი დაბალ ტემპში თამაშობდა, რა თქმა უნდა, ბურთი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ამით ვერანაირ სარგებელს ვერ პოულობდნენ. 57-ე წუთზე რობენმა დაარტყა, კასილასი ლამაზად გადახტა და ბურთი მზერით გააცილა მოედანს ფარგლებს მიღმა. გუარდიოლა „განადგურებული“ იყო მისი ტაკტიკა ვერაფერს შვრებოდა, ვერც ცვლილებები გამოიცნო, 72-ე წუთზე გამოსული მარიო გიოცე და 77-ე წუთზე კლაუდიო პიზარო ვერ ჩაერთვნენ თამაშში სათანადოდ. 75-ე წუთზე „გაყვითლებულმა“ რამოსმა ადგილი ვარანს დაუთმო, მე-80 წუთზე ბენზემას ნაცვლად ისკო გამოვიდა, დი მარიას ნაცვლად კი კასემირო. ჯამში, მეორე ნახევარი ნაკლებად საინტერესო იყო, მადრიდელებმა ნაადრევად მოიპოვეს კომფორტული ჰანდიკაპი. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლზეც ვერ ითამაშეს, 90-ე წუთზე კი რონალდომ მისთვის გათამაშებაში რიგით მე-16 გოლი გაიტანა, საჯარიმო დარტყმა ეშმაკურად შეასრულა კედელს ქვეშ გაატარა ბურთი, ნოიერი ვერც გადახტა. საბოლოო ანგარიში 0:4 და ორი მატჩის ჯამში 0:5 რეალის სასარგებლოდ.
გზა ლისაბონისკენ მადრიდელებმა წარმატებით განვლეს, 2002 წლის შემდეგ პირველი ფინალი და მე-10 საიუბილეო საჩემპიონთალიგო ტიტულის მოგების საშუალება, კარლო ანჩელოტი და მისი ბიჭები ახლა მეტოქეს დაელოდებიან, რომელიც ლონდონში „სტემფორდ ბრიჯზე“ ლონდონის ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოს მატჩით გაირკვევა.
მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა