ახალი ერა?!

სპორტი

22 აპრილს, გამთენიისას, 8 საათზე, საინფორმაციო აფეთქება დაიწყო, მანჩესტერ იუნაიტედმა დევიდ მოიესი დაითხოვა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა მხოლოდ 10 თვე იმუშავა 6-წლიანი კონტრაქტიდან. ამ 10 თვეში წარუშლელი კვალი დატოვა იუნაიტედის ისტორიაში, მისდა სამწუხაროდ, ეს ნაკვალევი მხოლოდ უარყოფითი ემოციებითა და „რეკორდებით“  ემახსოვრებათ სახელოვანი „ოლდ ტრაფორდის“ მობინადრეებს. 11 მარცხი პრემიერ ლიგაში, აქედან 6 სახლში, მოტივაციის ნაკლებობა, არანაირი მობილიზაცია, არანაირი სულისკვეთება… ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ სტრეთფორდ ენდის ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერი წარწერით „THE CHOSEN ONE” მალე დაიკავებდა ადგილს საფეხბურთო პანთეონზე. კვირის განმავლობაში მანჩესტერის თავზე უამრავი ჭორი და უფრო მეტი ვერსია დატრიალებდა თუ  ვინ იქნებოდა ახალი ბოსი? ლუი ვან გაალი, ჟოზე მოურინიო, დიეგო სიმეონე, იურგენ კლოპი, ანტონიო კონტე და არც მეტი არც ნაკლები ადამიანი, რომელიც 25 წელია იუნაიტედთან ასოციერდება… არა, ეს არ არის სერ ალექს ფერგიუსონი, ეს რაიან გიგზია. დიახ, რაიან გიგზი, სწორედ უელსელ ჯადოქარს ჩააბარეს გუნდი, რა თქმა უნდა, სეზონის ბოლომდე, მაგრამ ვინ იცის? იქნებ მომავალი წლიდანაც ის და მისი „თანაკლასელები“ ვიხილოთ გუნდის სათავეში.

26 აპრილი, „ოლდ ტრაფორდი“ მანჩესტერ იუნაიტედი vs ნორვიჩ სითი სადებიუტო შეხვედრა ახალი ბოსისთვის. მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი, ასისტენტები პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, ფილ ნევილი. ბრწყინვალე განწყობა და ის ეშმაკური ჟინი, რომელიც ასე აკლდა გუნდს მოედნის თითოეულ კუთხეში სუფევდა. შეხვედრის პირველივე წუთებიდან იუნაიტედის ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორც პატარა ბიჭები, რომლებმაც გაკვეთილები ისწავლეს და მშობლებმა თამაშის უფლება მისცეს. სწრაფი ტემპი და ბრძოლა ის იუნაიტედი, რომელიც ყველას  მკვდარი ეგონა ყოველი წუთით უბრუნდებოდა სიცოცხლეს. პირველი ნახევრის ბოლოს დანიშნული პენალტით რუნიმ გახსნა ანგარიში (1:0). შესვენებაზე გიგზმა  შემართების ამაღლების უნარიც გამოაჩინა მეორე ნახევარი დაიწყო და  48-ე წუთზე რუნიმ დუბლი გაიფორმა (2:0). იუნაიტედი არ გაჩერებულა,  მოედანზე შემოსულ მატას ბურთთან სულ 5 შეხება და 3 წუთი დასჭირდა, რათა 63-ე წუთზე ჯონსის გადაცემით გოლი გაეტანა (3:0).  მანჩესტერმა შეინარჩუნა ტემპი და თამაშის ხალისი 73-ე წუთზე მატამაც დუბლი გაიფორმა (4:0). იუნაიტედმა დარჩენილი დროც შეტევებში გაატარა, თუმცა მეტი გატანა ვერ შეძლო „ჩიჩარიტოს“ შეეძლო გატანა შეხვედრის მიწურულს, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, საბოლოო ანგარიში 4:0 მანჩესტერის სასარგებლოდ. რაიან გიგზს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა „ოლდ ტრაფორდმაც“ არ დაიშურა ოვაციები, ფანებს ღიმილი დაუბრუნდათ და კვლავ გაუჩნდათ იმის იმედი, რომ დიადი მანჩესტერი კვლავ დაბრუნდება და თავის სათქმელს კიდევ იტყვის ინგლისურ და ევროპულ სარბიელზე.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები