„სტუდენტური შემოქმედების“ რუბრიკის სტუმარია – ირაკლი სალია

სტუდენტური შემოქმედება

წითელი ყაბალახი

გონებაში თვეებია ფრაზა მიტრიალებს: ჯერ 20 წლის ვარ… ვფიქრობ: რისთვის? პასუხი ფრაზაშია: მომავალი ასაკისთვის. ცვლილებას ვეთანხმები. ვფიქრობ. ხან იმის აქეთ ვგრძნობ თავს: გასული, ხან იქით: მომავალი. შედეგი არაა: ისევ იქ ვრჩები.  რისთვის? პასუხი ახალია, ძველს ურტყამს: არ ვარგა შეჩვეული გააზრება.   ვაგრძელებ ფიქრს… მოივლის ევრიკა: ცვლილება აქამდე უცნაურია: არაა ამოძირკვა, ფესვის გახმობა. წარსული საფუძველს ექმნება. იცვლება თვითონ ცვლილება: დამყნობას იძენს…

ფიქრს გრადუსის შკალა უშლის ხელს: ბურანს ბადებს. სმენას კარის ხმა აღებს:

–        ჩადი, დედი, ოლიასთან. ქვაბი ამომიტანე.

ქლიავი დიდი ხანი უნდება დუღილს. ნახევარპავიდლატი დაიფუილებს, როგორც ბებიაჩემი ხვრინვისას   და ორთქლს ამოუშვებს… ძალიან მცხელა, მითუმეტეს თუ წარმოვიდგენ როგორ აადუღებს დედაჩემი ამ, ბევრჯერ ნანახ, ქვაბში უამრავ ქლიავს. ლამის უარი ვთქვი პატარა სამზარეულოში ჭანჭურის საუნა რომ წარმოვიდგინე. მაგრამ „პატივი ეც დედასა და მამასა შენსა“ და რა თქმა უნდა იმავე ხარისხისთ არა, მაგრამ მაინც პატივსაცემია ყველაფერი ის, რაშიც შაქარი ურევია. ამიტომ: მე მეზობლისკენ!

ოლიას ბინის ფანჯრები ეზოს მხარეს გადის. ეზოში დიდი ჭადრები დგას. ჭადრებს უკან კორპუსებია. ჭადრებიც და სახლებიც ეზოს ჩრდილავენ, მაგრამ ამჯერად ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. როცა ჩემ მეზობელ ბებოს მისვლის მიზეზი გავუმხილე  შეიცხადა, ქვაბი გამოსარეცხიაო. ტრადიციულად ვარწმუნებდი ნუ შეწუხდებით–მეთქი, მაგრამ სიცხემ ამ ხნის ქალს დაავიწყა ქართული წეს–ჩვეულებები (ჩრდილმა არ იმოქმედა) და რეცხვა დაიწყო. ვიფიქრე არაუშავს მოვიცდი, ცივი, სველი ქვაბი ეხლა მისწრებაა–მეთქი. ასეც აღმოჩნდა: სახლამდე შედარებით გრილად ვიარე. დედას გადავეცი ქვაბი და ისევ ჩემი ოთახისკენ გავეშურე.

ფარდები კარგა ხნის ჩამოფარებულია, ფანჯრები გაღებული. საერთოდ, სახლში ყველაფერი ღიაა, რისი გაღებაც შეიძლება, კარადებიც კი – იქნება ჰაერის რაღაც ნაწილი იქ მაინც დარჩენილიყო. ასე ვიხარშებოდით მე ჩემს ოთახში და ქლიავი ჩემი ოთახის გვერდით, სამზარეულოში. ოხშივარს შერწყმული   დედაჩემი კი არაადამიანურ აგრეგატულ მდგომარეობაში იყო.

ჩამეძინა და ქვაბის პატრონი დამესიზმრა თავის სუფთა ოთახში. როგორც ქალაქის პენსიონერს შეეფერება ტელევიზორს უყურებდა. მე ზურგს და შესქელებული სხეულის სავარძელში დაუტეველ ნაწილებს ვხედავდი, სავარძლის ქვემოდან ჩუსტებს. ჩემი შესვლა ალბათ ვერ გაიგო. სამაგიეროდ, დივანიდან დაჟინებით მიყურებდა მოსკოვის ოლიმპიადის დათუნია. დავიძაბე. გავხედე ოლია ბებოს. ნაბადი ეხურა (ალბათ ასე მოხარშა ჩემმა გონებამ მისი გვარი, მენაბდე). დავუძახე და ხმა რომ არ გამცა ვიფიქრე ძინავს–მეთქი. მხარზე დავადე ხელი. ნაბადი თბილი იყო. შევწუხდი დამატებითი ტემპერატურით და ამ ქალის მდგომარეობით ესეთ ამინდში გათბობა რომ დასჭირდა. ამ დროს ფეხზე რაღაცამ მომქაჩა და წავიქეცი. ორმაგად დავიძაბე. ვიცოდი, რომ  ოლია ბებოს ცხოველი არ ჰყავდა. მაშინ ვის უნდა ექნა ეს? უცბადვე მივხვდი: მოსკოვის ოლიმპიადის დათუნია იცავდა პატრონს. ბებოს ჩემ დავარდნაზეც არ გამოღვიძებია. გამაღიზიანა რომ არ მეხმარებოდა. შევაგინე და გამეღვიძა იმდენად მეუხერხულა ამ წესიერი ქალისთვის გინება. ასეთი სიზმრისგან უარესად დამცხა. ერთი პლუსი მაინც დამხვდა: დედამ პავიდლოს ხარშვა დაამთავრა, ქვაბი გარეცხა და  მე ისევ ცივ მეტალს ჩავეხუტე.

 ოლია ბებოს ოთახში ფრთხილად შევედი (ვინ იცის რა წინათგრძნობამ შემაწუხა ძილის დროს?!). მოხუცის ზურგი შემეჩეხა და სიზმრის დაძაბულობა გამისამმაგდა. ვაითუ ყველაფერი თავიდან იწყება? ლამის სტუმრებს შევეკითხე აქ რა ხდება–მეთქი, მაგრამ უნაბდობამ და წყნარმა დათვმა სწრაფადვე დამამშვიდა. წავიწიე წინ: ოლიას მინდა გადავცე ქვაბი. მაგრამ სტუმრები! აქტიური სტუმრები.

–        ბებო, შვილი გყავთ?

–        კი, მყავს.

–        მერე ის არ გეხმარებათ?

–        არ მუშაობს… პაუზის მერე დაამატა: ეს ჩემი ბინაა. ჩემთან გამოგიძახეთ მე.

–        კაი, კაი. შემდეგი – გოგონამ ფურცელი გადაშალა– გაზზე რამდენს იხდით წელიწადში?

–        მმმმ…

–        ოც ლარზე მეტს?

–        ….

–        სამზარეულო საით გაქვთ?

–        სამზარეულო?!

–        ვნახოთ რამდენია დაწერილი.

–        წამობრძანდით.

ოლია ბებო ადგა და გოგოებს კარებზე მიუთითა. ადგომისას მე დამინახა ქვაბით ხელში.

–        შენ… ა, ჩამომიტანე?

–        კი. მადლობა. ქვაბი გავუწოდე.

–        ერთი წუთით, საქმე მაქვს და გამოგართმევ.

ცოტა ხანში გასასვლელიდან მომესმა ხმა. სტუმრები წავიდნენ. ბებო ოთახში შემოვიდა და გამომართვა ქვაბი. სანამ დააბინავებდა მე ფანჯრიდან გადავიხედე. მაინტერესებდა ვინ იყვნენ ეს გოგოები. ისინი სადარბაზოდან გამოვიდნენ და ქუჩა გადაჭრეს (ისე გადადიოდნენ თითქოს მანქანები თვითონ იყვნენ). მერე მოპირდაპირე სახლის ეზოში შევიდნენ და თვალს მიეფარნენ.

–        ოლია ბებო, ვინ იყვნენ ესენი?

–        სოციალური დახმარებიდან.

–         და რა უნდოდათ?

–        რა ვიცი, შვილო, აგერ გრიშას საფლავი მაქვს გასაკეთებელი და არ უნდა დამეხმარონ?!

ვიცოდი რა მოყვებოდა გრიშა ბაბუას ხსენებას, თან მოუპირკეთებელი საფლავი დამამძიმებელი გარემოება იყო, ამიტომ მოვემზადე და რამდენიმე წამში ოლია ბებო აქვითინდა:

–        წელზე მეტი გავიდა და არის ისე, ცარიელი ბეტონი. ყველას ძვირფასი ქვებით აქვთ გაკეთებული და მარტო გრიშას საფლავს არ ეტყობა პატრონი თუ ყავს. არ ეკუთვნის?! მთელი ცხოვრება პატიოსნად იცხოვრა. ერთი კაპიკი არ მოუპარავს არასდროს. რა, არ შეეძლო?! მისმა თანამშრომლებმა ცეხის ხარჯზე სახლები მოიწყვეს და გრიშას კიდე სახლში ერთი ტოტი არ მოუტანია. ერთი ხიჭვი არ გამოყოლია. ასე როგორ უნდა დავტოვო ეს პატიოსანი კაცი? ყველას ეხმარებოდა. ვინმეს თუ რამე დასჭირდებოდა პირდაპირ აქ აკითხავდნენ. გრიშა ის გამიკეთე, გრიშა ეს გამიკეთე და ესეც დაყვებოდა ყველას წყნარად. იმას შვილი მოუწყო, ამას ცოლი შეურიგა, თვითონ კიდე დარჩა ესე უპატივცემულოოოდდდ.

აქ გააგრძელა ფრაზა. ცოტა ხანს ჩუმად იტირა და ბოლოს ნაღველს ამოაყოლა: ეეეეჰჰჰ… სახელოდან ცხვირსახოცი გამოაძვრინა.

–         რა ვიცი, რა ვიცი… არავინ გვპატრონობს ამ ქვეყანაზე. ვინ დაუშვებდა ესეთ რამეს ომის ვეტერანზე, ვინ? სულ აღარაფერი აინტერესებთ, სულ არრა!

ცრემლები უკვე წყნარად მიყვებოდა ნაოჭებს.  სატირალი ფიქრში გადავიდა. მე პასუხი ჩემთვისაც არ მქონდა, ოლია ბებოს კი ის არ სჭირდებოდა. ისევე ჩუმად გავედი ოთახიდან, როგორც ქვითინს ვუსმენდი. მას ყურადღება არ მოუქცევია – გონება აზრებს ჰქონდათ დაკავებული.

* * *

ნათელი დღეა. მზეს ჟინჟლი ჩრდილავს. შეხსნილ კარიდან ბერავს თბილსუნნელება. სანთლები რიალებს…

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მსწრაფლშემშმენელო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო… გევედრები მიეცი ჩემ ოჯახს კარგი შემოსავალი [სახლში მისვლა გსიამოვნებს], რომ ვიცხოვროთ კარგად [ხელს შლი], არა გადამეტებულად [არა ღრეობას]. რომ არ გვიქმნიდეს პრობლემას ფული [მშვიდი ვართ]. რომ შემეძლოს გაჭირვებულების დახმარება [გრიშას– რუხი გრანიტი, პრიალა, მწყობრად, ლამაზად] და ავაშენებ ეკლესიას, დავეხმარები გაჭირვებულებს.

ჰოჲ, ყოვლადსაგალობელო დედაო, ღვთისმშობელო მარიამ, რომელმან წმიდისა ხატისა შენისა, მსწრაფლშემსმენელად წოდებაი ინებე შეიწირე კნინი ესე ლოცვაჲ ჩვენი… მიეცი ჩემ ოჯახს ათი ათასი ლარი შემოსავალი. და პირობას ვდებ ყოველ წელს მოვილოცავ ოჯახთან ერთად შვიდ ეკლესიას [კარგია ალავერდი, შუამთა, გრემი], ავაშენებ ეკლესიას და დავეხმარები გაჭირვებულებს. [საკმარისია?] გევედრები ღვთისმშობელო.

გიხაროდენ, ყოვლადსახიერო მსწრაფლშემსმენელო, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო… მიეცი ჩემ ოჯახს კარგი შემოსავალი. დაახლოებით ათი ათასი ლარი [თვეში]. თვეში. და პირობას ვდებ შვიდ ეკლესიას მოვილოცავ ყოველ წელს ოჯახთან ერთად. დავეხმარები გაჭირვებულებს, გადმოვურიცხავ ეკლესიას ათას [ორს]. ორი ათას ლარს თვეში. გევედრები ღვთისმშობელო.

[`მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული~]

 რიგით მეორე: წმ. ნიკოლოზ გევედრები. რიგით მესამე: წმ. ვიტალი გევედრები. რიგით  მეოთხე, მეხუთე, მეექვსე… შვიდი! დღეა ისევ ჩრდილიანი. თავი დაღლილი. ფიქრი ქაოსი: ფეხების ტკივილს არ აქვს მნიშვნელობა. შედეგია მისაღწევი.

[`მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..~]

გევედრები… გევედრები… გევედრები… სამია დღე: მეტრო–ავტობუსი. სუნი. იქნება შველა. მხარის გარტყმა. ვუძლებ ყველაფერს. ჩეჩქვა. ნერვის მორჩები შრიალებს. ზედ გადავლა. ავიტან! საათები უჭმელი. მომასწრებად კროსი: მცხელა ამ სიცხეში. სადაა ფული? სადაა ფული!

ოფლს ქაოსი გამოყვა. დარჩა შიგნითა ცრემლი.

`მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..~

და მიდის დღეები ფურთხით სულში.

ნაფიქრალი არაა საკმარი…

* * *

–        დგები?

–        ჰა?

–        დგები საწოლიდან, თუ რას შვები?

–        რა, რას ვშვები?

–        აბა რას ხვანცალებდი?

–        ოოო… გადავტრიალდი. დამაძინე რა.

–        ნიკა გირეკავს. რა ვუთხრა?

–        რა დროს დარეკვაა.

–        ჰა ეხლა, მითხარი. მეჩქარება.

–        ავდგები.

ყურმილი:

–        ჰო.

–        ეხლა გაიღვიძე? – ხმაზე მიცნო.

–        დედაჩემმა გამაღვიძა.

–        ეგ არაუშავს. რას შვები, როგორ ხარ?

–        რავი, საზიზღრად.

–        რატო?

–        დაღლილი ვარ ძალიან. დასვენება მინდა.

–        რამეს აკეთებ?

–        არა.

–        წადი მერე სოფელში.

–        ვერა. პავიდლოზე დავხარჯეთ ოჯახის ფულის ნარჩენები.

–        სხვა რას შვები?

–        არაფერს.

–        მდააა… კაი, დაგირეკავ მერე კიდე.

–        კაი.

მეორე ყურმილი:

–        ამოდი ჩემთან ერთი–ორი დღით.

–        მერე ფული რო არ მაქვს?!

–        დაგხვდები აქ მე. ამო და დავათვალიეროთ ერთად. მეც არ მინახავს არაფერი.

დილაადრიან გავედი დიდუბის სადგურში, მოვძებნე ყაზბეგის მარშუტკა და მძღოლის გვერდზე დავჯექი. ადგილები ივსებოდა. ვიღაც მომიჯდა. შევათვალიერე. შუახნის კაცი: ტანსაცმლის ტონი უგულისყურო–ბოჰემური. წვერი: ჭაღარაშერეული შავი, ბერძნული კულული. სახე: უკმარისობის გრძნობა. ჯდომა: თავდაუჯერებელი ამაყი.

გავედით.

 ვტკეპნი ნაცნობ ვიზუალებს, ათასჯერ გავლილს. ლამის მეძინება. გადავუხვიეთ. ძილს ვაკავებ ინტერესით: იმატებს მთები, იმატებს მზე–მემგონი ანანური მელოდება: გალავნის ძირას დაკიდებული მდინარის კიდე თიხიანი. რამდენი ვზილე?! არა ჭუჭყი, არა სარეცხი, არა დარდი გამოყურების. ღირს ამად: საძერწია, განშვება. ეს იცი  ბავშვმა. ბავშვი ახლოს ხარ უცნობთან: ამოვარდნა გაგრძნობინებს მთლად არ დაუშორებიხარ  ადამიანს იქიდან.

გზიდან გამოჩნდა თბილი ქვები. ახლა მთებიდან დგება დღე: მზე ატანს თაღში. წყალიც ბევრია და წყნარი:

დაზმუის ავტო ბეტონის ზოლებს ანანურს გვერდით.
ვზივარ ხორშაკით დაღებულ “ბასში” და მაქვს სურვილი:
გავყო ფანჯრიდან ესთეტცერბერის მრავალი თავი,
ყოველ ენიდან რომ ამოვიშრო ლამაზწყურვილი.

ჩემ გვერდით ლაპარაკი დაიწყო:

–        ადრე აქაურობას ვხატავდი.

შევყევი:

–        ხოო? მხატვარი ხართ? (საინტერესოა)

–        შენხელა რო ვიყავი აკადემიაში ვსწავლობდი და ძმაკაცები, ვხატავდით–არ ვხატავდით, ყველანი აქ მოვდიოდით. გავჩერდებოდით ანანურთან, გავშლიდით სუფრას, წავიქეიფებდით, ერთიორს გადავკრავდით და გავაგრძელებდით გზას.

–        ვახ, ვახ. კაი გემოვნება გქონია, ა?! იხჰიხჰიიი… ჩაიხვითხვითა მძღოლმა.

–        აბა, რა დრო იყო?! გართობაზე, ქეიფზე, დროსტარებაზე ვიყავით გადასულები. არა, ვმუშაობდით კიდეც. ყველაფერს ვასწრებდით. ხოო… ეხლა ელექტრონიკა უნდა ვუკეთო ვიღაც მილიანრებს.

–        სად, ეგ?

–        ეგერ, თქვენთან რაღაც სასტუმრო რო შენდება.

–        ჩემთან, სად? რა მეტყობა იქაურისა? ხისთავიანი ვარ თუ რა? ა? ისევ ხვითხვითი. მერე უღხჰჰ… გადაყო თავი ფანჯარაში და გზას შეატოვა ნახველი. ამან რაღაც არხი გაუხსნა გონებაში:

–        სად მუშაობდი, ძმაო? იკითხა დინჯად მოსვენებულმა.

–        მორის ბეჟანიშვილის სახელოსნოში.

–        ვაჰჰჰ… კაი კაცო?!

–        პროექტირებაზე.

–        მერე შენ და, კაი გამოცდილება გექნება. ეგ ისეთი კაცი იყო!.. არკალა ტუჩები. მაგის არაა კულტურის ბაღში რო დგას თამაზ მოურავის მონუმენტი?

–        კი, მაგისია. მარა ვის რად უნდა ეხლა შენი მორის ბეჟანიშვილი და იმის პროექტორი?!

–        ვაა, გაგიგია?!

–        მოსკოვშიც კი დგას ჩვენი დაპროექტებული ქანდაკება.

–        ჰოჸ… მოსკოვში მიდის კიდე მუშაობა. აი, ზურა წერეთელი ხო იქაა. უნდა ჩახვიდე იმასთან. შენისთანა კაცს სულ დოლარებში მოგცემენ ხელფასს.

–        ეჰჰჰ… ჩემ გვერდით ხელი ჩაიქნია.

მომავალი??? მაგრამ ყოველი მომავლის ბოლო მიწაა… სადაა პასუხი?

გზა გაგრძელდა. გზა ამაღლდა. ავტოთი უღელტეხილის თავისკენ ვიძვრით. ვუყურებ ხევს: როგორც ზღვაში ჩაყირავებული გემი ფოტოზე. ნამდვილი: სტიქიების ჩარჩოში ჩაუჯენელი  შეხება, არადა უყურებ დავიწროებულს და გონებაში ნამდვილი გელანდება. რა არის ამ ხევის ნამდვილი?!

მოივლის ევრიკა: თავი მეტ პასუხისგებას მთხოვს: აირჩევ? გადახვალ წინ. აქამდე ნასურვები იქცევა დაურღვეველ კანონად. კოდექსი მეტად მკაცრი, თუმცა არანაკლებ სასურველი: ჩემ ცხოვრებაში ჩემგან იწყება ყოველი.

ცოტა ხანში მოედანზე შევედით.

მოკითხვა. გამოკითხვა. გაცნობა.

–        მეც რო ვიმუშავო შეიძლება?

–        ვააა, ყოჩაღ ბიჭი! ერთი წუთი, მენეჯერს ვკითხავ.

დღე სამუშაო. დაღლილი. ვზივარ ჰაერზე მოსვენებული. თანდათან ჩემში ვიღვრები: ვრცელ სიჩუმეში, ლურჯონა ბინდზე ძაღლი ყეფს დამწვარ შეშის სურნელზე. გონი ისვენებს. ცხოვრობს ფესვები.

ზაფხულის ბოლოსკენ გრიშას საფლავი რუხი გრანიტით გაიწყო…

 * * *

 –        ვაა, აფიციანტ! რავა ხარ?

–        კარგად. შენ როგორ ხარ?

–        ვარ რა. რას შვები? რამე საქმე გაქვს?

–        არა. ვისვენებ.

–        ჩამო პადვალში.

–        კაი, წამო.

 –        მოდით, მშობლების სადღეგრძელო დავლიოთ. [მშობელი] იმ ადამიანების, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ ჩვენზე მთელი ცხოვრება. [მშობლისგან ხარ ადამიანი. მშობელისგან გადიხარ თაობებზე: დაბადებულზე, შენ სწორზე და მომავალზე.] არ იშურებენ ენერგიას, მონდომებას, თავის ყველაფერს გვერდზე გადადებენ ჩვენ რომ გავიხაროთ. [არ იცი რაა მართალი. იცი ადამიანი ხარ და უნდა იცხოვრო: ცხოვრების მიზანი თვითონ ცხოვრებაა.] დაგილოცავთ მშობლებს ვისაც ცოცხალი გყავთ და ვისაც გარდაცვლილი გყავთ ღმერთმა აცხონოს მათი სულები გრიშა ბიძიას თამადობით. [ვერ ურიგდები მშობელს: ვერ ურიგდები ცხოვრებას.]

–        აბა, ეხლა ერთი ლექსი გვითხარი, ფილოლოგო.

–   [რომელი?] ერთი წუთი, მოვიფიქრებ. [რაღა?] ხო… [აქ უსათუოდ საჭიროა გამოყოფა]                                              ვდგები. მივმართავ თვალებში:

„წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;

ნელად მოოოღღელ’ავს…“

[შევწყდი… სათქმელია გამოსაყოფი!]

–        ჯობია საქმეზე გადავალ პირდაპირ:

„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები