„ტიტანთა ბრძოლა“

სპორტი

23 აპრილს მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა ქალაქი მადრიდი, სადაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში,  „სანტიაგო ბერნაბეოზე“ ტურნირის რეკორდსმენი მადრიდის რეალი და გათამაშების მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის ბაიერნს უპირისპირდებოდნენ.

პირველი წუთებიდან შეხვედრამ დაზვერვითი ხასიათი მიიღო, მალევე სტუმრებმა ბურთი მიისაკუთრეს და ცდილობდნენ სწრაფი გოლის გატანას, თუმცა კარლო ანჩელოტის მიერ აღმართული დაცვით ბასტიონებს ვერაფერს უხერხებდნენ. მე-10 წუთისთვის კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს გერმანელებმა, საინტერესო სტატისტიკაც დაფიქსირდა – მე-12 წუთისთვის მადრიდელებს სამარცხვინო 6 ზუსტი გადაცემა მოუგროვდათ, სტუმრებს კი 63.

ბურთისა და მოედნის ცენტრის მოპოვების მიუხედავად, ბავარიელები ხიფათს ვერ ქმნიდნენ, მასპინძლებმა კი თავიანთი პირველი შანსი გამოიყენეს – საფირმო კონტრშეტევით გახსნენ ანგარიში, რონალდომ საუცხოო პასით ბურთი საჯარიმოში შეაყოლა კოენტრაოს, რომელმაც გამჭოლი გადაცემით იპოვა ბენზემა და ფრანგმაც, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, მე-19 წუთი, 1:0.

10171863_869989189682185_4358254845006171395_n

გოლიდან 2 წუთიც არ იყო გასული რონალდომ კიდევ ერთი ეპიზოდი შექმნა, თუმცა მისი თავური ნოიერისთვის სახიფათო არ გამოდგა. პირველი ნახევარი არ იყო არც მომენტებით სავსე და არც უხეში, ჰოვარდ ვებს ბევრი საქმე არ ჰქონია, 45 წუთის შემდეგ ყვითელი ბარათიც არ გამოუყენებია.

შესვენებაზე გასვლის სასტვენამდე დი მარიას შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მეორე ნახევრის სტარტზე რონალდომ კიდევ ერთხელ დაარტყა ნოიერის კარში, გერმანელმა ამჯერადაც დამაჯერებელი იყო, ანგარიში უცვლელი დარჩა. მეორე ნახევრის სურათი არ შეცვლილა საწყის წუთებზე, რეალი აქტიურად თამაშობდა პრესინგს, მაგრამ მალევე „რეკორდმაისტერმა“ ბურთი დაიბრუნა, თუმცა მომენტები კასილასის კართან არ ჩანდა. გუარდიოლამ რაფინიას ნაცვლად მარტინესი გამოიყვანა, საჰაერო ორთაბრძოლებში უპირატესობის მისაღებად. 70-ე წუთზე იძულებითი ცვლილება განახორციელა ანჩელომ – ტრავმირებული პეპეს ნაცვლად ახალგაზრდა ვარანი გამოვიდა, გუარდიოლამ გიოცე და მიულერიც გამოუშვა რიბერისა და შვაინშტაიგერის მაგივრად, ხოლო  სათამაშო ტონუსის ნაკლებობის მქონე რონალდოს ნაცვლად გარეტ ბეილი შემოვიდა. 81-ე წუთზე მიულერის სახიფათო დარტყმა მცველმა აისხლიტა, მაგრამ მხოლოდ კუთხურს დასჯერდნენ სტუმრები, რაც დრო გადიოდა მით რთულდებოდა ბავარიელთათვის რაიმე ღირებულის შექმნა, რეალიც სახიფათოდ გადადიოდა შეტევაზე, ბოლო წუთებზე რთული მომენტი შეიქმნა მსაჯისთვის, მაგრამ ვებმა არ გარისკა და შეხვედრის მიწურულს არ დანიშნა პენალტი მადრიდელთა კარში.

საბოლოოდ, შეხვედრა რეალის გამარჯვებით დასრულდა (1:0), გუარდიოლას პირველი მარცხი ბერნაბეუზე, რეალის წინ გადადგმული ნაბიჯი ლისაბონისკენ, ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა უკვე გერმანიაში „ალიანზ არენაზე“.  ეს ჩემპიონთა ლიგაა, ეს მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალია, შანსები კვლავ 50:50-ზეა. „ტიტანთა ბრძოლა“, როგორც ამ შეხვედრას უწოდეს, უკეთესი 90 წუთის, ან ვინ იცის, შესაძლოა, მეტის იმედს გვიტოვებს.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები