ქუთაისში 2 600 სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა

განათლება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 600 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. მათ შორის 2535-ს – სწავლის საფასურის ვერ დაფარვის გამო.

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, კონსტანტინე სირბილაძის განცახდებით, გასულ წლებთან შედარებით, სტატუსი გაცილებით მეტ სტუდენტს შეუჩერდა.

თანხის დაფარვის შემთხვევაში, მათ საშუალება აქვთ, რექტორის ბრძანებით, ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი.

ბოლო რამდენიმე წლის მარტის თვის მონაცემები სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა შემდეგნაირად გამოიყურება:

2010-2011 წლებში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი 1153 სტუდენტს შეუჩერდა, აკადემიურში კი 77 სტუდენტი გავიდა, ჯამში 1230 სტუდენტი.

2012-3013 წლებში ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი 2362 სტუდენტმა დაკარგა,  აკადემიურში კი 90 სტუდენტი გავიდა, ჯამში 2452.

2014 წლის მარტის მდგომარეობით წერეთლის უნივერსიტეტში არის 2535 ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტი, აკადემიურში 65 სტუდენტი გავიდა, ჯამში – 2600 სტუდენტი.

სტატუსის შეჩერების გამო სტუდენტებს სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით  შეექმნათ პრობლემა. ვინაიდან სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, თანხის ვერ დაფარავის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოუწევთ წასვლა.

წყარო: http://psnews.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები