თურქეთის ქალაქ ანტალიაში ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ნიკოლოზ დავლიანიძემ და ზურაბ ტყემალაძემ ტურნირის ნახევარფინალში თურქ ჩოგბურთელებს სძლიეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ლატვიელ თანატოლებთან დამარცხდნენ და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
მარიამ დალაქიშვილმა და ანა შანიძემ ნახევარფინალში ბელორუსი თანატოლები დაამარცხეს, ფინალში კი მაკედონიელებთან დამარცხდნენ. ერთეულთა თანრიგში ანა შანიძე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
მეორე ტური გოგონებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ვაჟებმა კი წარმატებას ერთეულთა და წყვილთა თანრიგში მიაღწიეს და 21 მარტს, ერთეულთა თანრიგში ქართული ფინალი შედგა. ლატვიელი და ისლანდიელი თანატოლების დამარცხების შემდეგ, ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ დავლიანიძე და ზურაბ ტყემალაძე დაუპირისპირდნენ.
დაძაბული, 2 საათიანი ბრძოლის შედეგად ნიკოლოზ დავლიანიძემ სამ სეტში დაამარცხა მოწინააღმდეგე ზურა ტყემალაძე და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სამივე გამარჯვებულმა სპორტსმენმა ადგილი მოიპოვა ევროპის გაერთიანებულ გუნდში. წყვილთა თანრიგში, ფინალში ნიკოლოზ დავლიანიძემ და ზურაბ ტყემალაძემ მოლდოველი სპორტსმენები ორ სეტში დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ჩოგბურთის ფედერაციის პრესსამსახური