იყო თუ არა გასაიდუმლოებული პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან?!

განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  უჩვეულო არაფერია, უმაღლესი პირის შეხვედრა ახალგაზრდებთან მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. უცნაური მხოლოდ ისაა, რომ სტუდენტების უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მისი მსვლელობის პერიოდში იგებდა. საქართველოს პირველ უნივერსიტეტში დაახლოებით 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და ყველა მათგანის შეხვედრაზე დასწრება წარმოუდგენელია, ასე ფიქრობს თსუ-ის რექტორი ლადო პაპავაც და ეს უნივერსიტეტის სივრცეში მართლაც შეუძლებელია. თუმცა, ამ წუთამდე ბუნდოვანია, რა პრინციპით შეარჩიეს იქ დამსწრე სტუდენტები.

ამ საკითხთან დაკავშირებით სტუდენტებსა და ადმინისტრაციას განსხვავებული მოსაზრება აქვთ. პრინციპები, რომლითაც სტუდენტები შეარჩიეს, შემდეგი იყო: მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიურობა საუნივერსიტეტო სივრცეში. თუმცა, არჩეულ სტუდენტებთან წინა საღამოს გადარეკვა და შეტყობინება იმისა, რომ სწორედ ისინი დაესწრებიან შეხვედრას, სულ თუ არაფერი, უსამართლობაა იმ სტუდენტების მიმართ, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ შეხვედრის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია, საკუთარ საიტზე განათავსოს ინფორმაცია და  თავის ყველა სტუდენტს მისცეს საშუალება, გახდეს ღონისძიების მონაწილე. ეს აქამდე ასეც ხდებოდა. რა მოხდა დღეს?! რატომ დასჭირდა პრემიერის სამსახურს ან თსუ-ის ადმინისტრაციას შეხვედრის ნაწილობრივი გასაიდუმლოება, უცნობია.

ოთო კობახიძე ერთ-ერთი იმ სტუდენტთგანია, ვინც პრემიერთან შეხვედრის მიღმა დარჩა. ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ, დილით, უნივერისტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიგო და გაკვირვებული დარჩა.

მოვლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საზოგადეობას საბჭოთა კომუნიზმის ეპოქაში ყოფნა შეახსენა.

„ღარიბაშვილის ნახევრად გასაიდუმლოებული ვიზიტი და საგულდაგულოდ მოგროვებული სტუდენტები.  ჩვენს სამშობლოში ჯერ კიდევ საბჭოთა კომუნიზმია, ამხანაგებო“, – წერს ოთო კობახიძე.

1543447_10201982116209839_349289114_n

არ ვიცი, საბჭოთა კომუნიზმში დავბრუდნით თუ წინა ხელისუფლების დროს გათამაშებული წინასწარი კითხვების ეფექტი დაბრუნდა, მაგრამ სინათლე მხოლოდ ერთგან მოჩანს, ინფორმაცია პირველი პირის ვიზიტის შესახებ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უნდა სცოდნოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი იმ მექანიზმის შემუშავება, რომლითაც სტუდენტები სამართლიანი აირჩეოდა.

საკითხში უფრო მეტად გასარკვევად, კომენტარი ოთო კობახიძეს ვთხოვეთ.

– ვიცით, რომ შენ არ ყოფილხარ პრემიერთან შეხვედრაზე, ბევრმა სტუდენტმა ვერ შეიტყო ვიზიტის შესახებ. იქნებ შეაფასო, რატომ მოხდა ასე „გასაიდუმლოება“ და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, შენი აზრით?

– ზოგადად, როდესაც ასეთი მაღალი დონის ვიზიტები არის ხოლმე უნივერსიტეტში, აუცილებელიცაა, რომ ინფორმაცია იყოს საჯარო. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ამას იგებდეს სტუდენტების ძალიან მცირე ნაწილი და ვინც დაინტერესებულია მსგავსი შეხვედრებით, მათთვის ინფორმაცია არ უნდა იყოს მიუწვდომელი. მე თვითონაც მაინტერესებს მსგავსი ღონისძიებები და ძალიან მარტივად მიმიწვდება ხოლმე ხელი, თუ არის, ვთქვათ, უნივერსიტეტის გვერდზე ან ბაზებზე განთავსებული – როგორც აქამდე ყოფილა ხოლმე და დღეს ჩემთვის ეს იყო, ასე ვთქვათ, სიურპრიზი, იმიტომ რომ უნივერსიტეტის ბაღში შემოსვლისას შემთხვევით გავიგე, რომ პრემიერ მინისტრი სტუმრობდა უნივერსიტეტს. აუცილებელია, რომ ასეთი ვიზიტები წინასწარ იყოს ცნობილი. სტუდენტი ლოიალობისა და ნასწავლის მიხედვით არ უნდა იყოს მიწვეული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის გაჩნდება ეჭვი, ძალიან ლოგიკური ეჭვი – ანუ ვიღაცას არ უნდა, მოისმინოს კრიტიკული შეკითხვები. ძალიან მოხარული ვარ, რომ გავიგე, რომ რამდენიმე მწვავე შეკითხვა დასმულა შეხვედრაზე, თუმცა უკეთესი იქნებოდა, იმ ადამიანებსაც შესძლებოდათ შეკითხვების დასმა, რომლებმაც ეს ინფორმაცია ვერ მიიღეს. ასეთი სტუდენტების რიცხვი იყო ძალიან დიდი, პრაქტიკულად ჩემ გარშემო ადამიანების, სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ შეხვედრის შესახებ არ სცოდნია.

ამბობენ, ინფორმაცია ცალხმირივი არ უნდა იყოსო, ამიტომ, თსუ-ის პრ სამსახურს მივმართე. ტელეფონის ყურმილთან დაბნეულობას თავი დავანებოთ, 3 მათგანთან, როგორც ჩანს, თანამდებობრივი კიბის უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ პირებთან, ცალ-ცალკე მომიხდა საუბარი და ბოლოს, როგორც გაირკვა, კიბის ბოლო საფეხურის წარმომადგენელთან, პრ-ის სამსახურის უფროსთან მოვხვდი.

–       მოგესალმებით, ჩვენ ვართ სტუდენტური ჟურნალიდან – studinfo.ge, თქვენი კომენტარი გვინდა დღევანდელ შეხვედრაზე.

–       სტუდენტური ჟურნალიდან ვართო… (ყურმილს აწვდის სხვა ადამიანს)

–   გამარჯობა, დღეს თქვენს უნივერსიტეტში პრემიერ მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. როგორც ვიცით, ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვესაუბრეთ სტუდენტებს, არ განთავსებულა თქვენს საიტზე არანაირი პრესრელიზი, სტუდენტები არ იყვნენ ინფორმირებულები. ხომ ვერ გვეტყვით, ეს რატომ მოხდა?

–   ყველა სტუდენტი იყო ინფორმირებული, მხოლოდ რეგისტრაციით იყო შეზღუდული. 2 ათასი სტუდენტი ვერ დაესწრება, ამიტომ იყვნენ ყველაზე წარჩინებული სტუდენტები.

–      როგორ მოხდა ინფორმირება? წარჩინებულ სტუდენტებს მისწერეს თუ…? 

–      ერთი წუთით… (ყურმილს აწვდის სხვა ადამიანს) … დიახ, ვინ ბრძანდებით, უკაცრავად?

–     სტუდენტური ჟურნალიდან ვართ, გვაინტერესებს, როგორ მოხდა სტუდენტების ინფორმირება, ან მოხდა თუ არა საერთოდ. ჩვენ ვესაუბრეთ წარჩინებულ სტუდენტებს თავიანთ ფაკულტეტებზე და არ მისვლიათ არც sms.tsu.ge-ზე წერილი, არ ყოფილა ინფორმაცია გავრცელებული არც tsu.edu.ge-ზე… როგორ შეირჩა სტუდენტები?

–       ვინაიდან თქვენ, ალბათ, იცით, რომ იქ სივრცე შეზღუდულია, 2 ათასი სტუდენტი ვერ მოთავსდებოდა, ფაკულტეტებს ვთხოვეთ, რომ წარჩინებული სტუდენტების სია მოეწოდებინათ, ოღონდ ამ შემთხვევაში იყო შეზღუდული რაოდენობა. შეიძლება თსუ-ს ჰყავს ათასობით წარჩინებული სტუდენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში სივრციდან გამომდინარე, ვთქვათ, პირველ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებდა, მათი გვარები გადმოგვცეს.

–       შევნიშნეთ თვითმმართველობის წევრები შეხვედრაზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წარჩინებული სტუდენტის სტატუსს და ეს როგორ მოხდა, თვითმმართველობის წევრები რადგან იყვნენ, იმიტომ დაესწრნენ შეხვედრას?

–       ამ შემთხვევაში პიარს და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს არ გაუკეთებია ორგანიზება. ჩვენ ამ შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებზე, ვთქვათ, ღონისძიების სწორად წარმართვაზე ვზრუნავდით, მაგრამ თვითონ სტუდენტების მოწვევაზე მივიღეთ ინფორმაცია უშუალოდ ფაკულტეტებისგან.

–       თქვენ თუ იცით, ვის ევალებოდა თსუ-ს სამსახურში ამ ინფორმაციის გავრცელება?

–       არა, ინფორმაცია ასე წინასწარ არ გავრცელებულა…

დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ სტუდენტების დასწრების საკითხი არ ყოფილა მნიშვნელოვანი, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საკმაოდ დატვირთული და პრობლემატურ საკითხებზე ორიენტირებული იყო. მას საკმაოდ მწვავე კითხვებზეც მოუხდა პასუხის გაცემა. იყო პროვოკაციული გამოსვლებიც. ერთ-ერთმა სტუდენტმა აშკარად მიანიშნა, რომ ფილოსოფოსი, ვერ იქნება კარგი ექიმი, ძნელი არაა, ამ ფილოსოფოსში ჩვენი პრეზიდენტი ამოვიცნოთ. მისი თქმით, სამარცხვინოა, როცა ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრია და შინაგან საქმეთა მინისტრი იურისტი არაა.

სტუდენტმა და ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიამ, პრემიერ მინისტრს ორ მნიშვნელოვან საკითხზე – საყდრისზე და ხუდონჰესის პრობლმეტიკაზე დაუსვა კითხვები, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისგან ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო.

სალომე, მოგესალმებით, მოვისმინეთ შენი დასმული შეკითხვები პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე. გვაინტერესებს შენი შეფასება, რამდენად ამომწურავად გაგცათ პასუხი და ხარ თუ არა კმაყოფილი?

–    თვითონ შეხვედრა კარგი იყო, თუმცა, პირადად მე, ვერ მივიღე ის პასუხები, რასაც ველოდი. ინიციატივები ძალიან კარგი იყო, თუნდაც სტუდენტური საცხოვრებელი, უცხოეთში სწავლა – ეს ძალიან კარგია, თუ გაკეთდება და არ დარჩება ცარიელ სიტყვებად. რაც შეეხება ჩემს ორ კითხვას: პირველი იყო საყდრისის პრობლემაზე, მაგრამ არც ამაზე მიპასუხა ამომწურავად პრემიერმა და არც ხუდონის საკითხზე. ყველა შემთხვევაში ახსენებდა ინვესტორს და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ინვესტორის სახელით გველაპარაკება. ჩემი აზრია, რომ ინვესტორი ძალიან კარგია, ძალიან კარგია ეკონომიკური განვითარება, მაგრამ ამოსავალი უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობა. პრემიერი, რომელიც გვესაუბრება მდგრადი განვითარების ენით, არ უნდა დაავიწყდეს ის, რომ ინვესტორს აქვს პასუხისმგებლობა – ის მანიპულირებს მუშებით, აბინძურებს გარემოს და ძეგლებს აზიანებს. ეს კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაპროტესტებთ, შევეწინააღმდეგებით ასეთ დამოკიდებულებას.

რაც შეეხება ხუდონის თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე, როგორც ხელოვნებათმცოდნემ, გამოვთქვი მოსაზრება, რომ გიგანტური ჰესი გამოიწვევდა პრობლემას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით. მან მიპასუხა, რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია და არაფერი პრობლემა არ იქნებაო, მაგრამ რამდენიმე მეცნიერი წლების განმავლობაში ამ თემას იკვლევს და საზოგადოებაში, მე მგონი, კითხვებიც კი აღარ არის, არის თუ არა პრობლემა ხუდონი – პრობლემა, რომელიც გაანადგურებს მთელ რეგიონს. კულტურაში არა მხოლოდ მატერიალური კულტურა იგულისხმება, ხაიშში არის არქეოლოგიური ზონები, არის ეკლესია, ამავე დროს პრობლემა შეექმნება იქვე მყოფ სხვა თემებსაც, ამიტომ ცოტა არამატერიალურ კულტურაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამაში იგულისხმება სვანური დიალექტი, რომელიც იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაშია შესული, როგორც გადაშენების გზაზე მყოფი ენა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ახალი ხაიში, ეს ის ადგილია, სადაც უკვე გადმოასახლეს სვანები – ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. ამ ადამიანებს სვანური დაავიწყდათ, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც არამატერიალური, ისე მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. სვანეთი არის ერთ-ერთი კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი.

–       ჩვენ ვესაუბრეთ სტუდენტებს და მათ არ მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ტარდებოდა თსუ-ში შეხვედრა პრემიერ მინისტრთან…

–     მე გუშინ გავიგე, რომ იყო შეხვედრა. ძალიან მიხარია, რომ იქ მომიწია მისვლა, მაგრამ გული მწყდება, რომ ასეთი შერჩევითი გზით მოხვდნენ იქ სტუდენტები. მე წარჩინებითაც ვსწავლობ და აქტიურიც ვარ, მაგრამ შეიძლება სტუდენტი არ იყოს ფრიადოსანი, მაგრამ ჰქონდეს საზოგადოებრივი პოზიცია და ის, რომ ასეთი ცალმხრივი შერჩევა იყო და ვინც თვითონ სურდათ, მხოლოდ ისინი შეარჩიეს, ძალიან ცუდია.

–       შენს შემთხვევაში როგორ მოხდა, დაგირეკეს, sms.tsu.ge-ზე მიიღე წერილი, თუ რა ფორმით?

–      მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიქნებოდი იქ, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალეობა რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. უსამართლობაა, რომ ადამიანს სურვილი ჰქონოდა და ვერ მოახერხა იქ მოხვედრა.

–       ჩვენ ვესაუბრეთ პიარის სამსახურს და გვითხრეს, რომ წარჩინებული სტუდენტები დაიშვებოდნენ მხოლოდ შეხვედრაზე.

–       დიახ, ეს ძალიან არასწორი მიდგომაა, ხომ შეიძლება მე არ ვიყო წარჩინებული, მაგრამ მქონდეს ჩემი პოზიცია და კითხვები. ჩემი აზრით, ეს არასწორია. მე გული დამწყდა, რომ სხვა ბევრი აქტიური სტუდენტი იქ არ იყო.

კმაყოფილი და უკმაყოფილო სტუდენტები, პასუხგაუცემელი კითხვები, ახალი ინციატივები განათლების საკითხებში, ახალი დაპირებები და ჯერ ისევ სიტყვები, შეხვედრა, როგორც კარგი პროცესის დასაწყისი. ეს ის შუალედური საკითხებია, რომლებიც სტუდენტებს შეხვედრის შედეგად აღებეჭდათ.

სტატია მოამზადა გიორგი ურუშაძემ
Studinfo.Ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები