16 წლის ასაკიდან ახალგაზრდებისთვის, პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ მიღება დაიწყო – დეტალები

სტუდZona

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და დღეიდან, 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია კი ვებგვერდზე – dasakmdi.ge განხორციელდება.

წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, კერძო სექტორიც დაემატა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მიმდინარე წლიდან არსებითი ცვლილებები შევიდა, მათ შორის, პროგრამის გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში დაეხმარება.

გარდა ამისა, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო – ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა, ამ მიმართულებით კი დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა: დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროგრამას 15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს და დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი აქვს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები