სხვადასხვა უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიის სახით 625 ლარს მიიღებენ – ახმეტის საკრებულოს დადგენილება

STUDINFO.GE EDU-ზე

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები (როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის) ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალურ სტიპენდიას მიიღებენ. ამას გულისხმობს ახმეტის საკრებულოს 8 იანვრის დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, სტიპენდიის ოდენობა თითოეული წარჩინებული სტუდენტისთვის, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სემესტრში 625 ლარი იქნება. მისი გაცემა კი სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების შესაბამისად მოხდება.

სტიპენდიის გაცემის პირობები

სტიპენდია გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. არის საქართველოს მოქალაქე;
  2. განცხადების წარდგენის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია და მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტში;
  3. არის ჩამოთვლილი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან რომელიმეს სტუდენტი – ეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. განცხადების წარდგენის მომენტისთვის აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი (გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სხვა საფუძვლით არა აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი);
  5. შესაბამისი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში საბოლოო შეფასება აქვს (A) ფრიადი – 91-100 ქულა.

სტიპენდიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა, შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • პირადი საბანკო რეკვიზიტები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
  • მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ (მოთხოვნის შემთხვევაში).

სტიპენდია ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიცემა. გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მერი იღებს. აღსანიშნავია, რომ წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემა 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საბოლოო შეფასების შედეგების შესაბამისად დაიწყება.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – დადგენილება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები