უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენის კვალდაკვალ ცნობილი გახდა, რომ რამდენი მისაღები ადგილი იქნება გამოყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, კვლევის შედეგების გათვალისწინებით გადაწყდება. უფრო ზუსტად კი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების შესაბამის რაოდენობას, საბაზრო პრინციპებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაადგენენ. გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა მიიღებს.
ამ ფონზე, საინტერესოა გავიგოთ, რას აჩვენებს თუნდაც გასული სასწავლო წლის ოფიციალური მონაცემები და რომელი პროგრამები დაამთავრა ყველაზე მეტმა სტუდენტმა. თუკი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ დავეყრდნობით, 2024 წელს, ყველაზე მეტი კურსდამთავრებული სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესსა და სამართალს ჰყავდა.
საქსტატის ცნობით, სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი გასულ წელს, ქალ სტუდენტთა 50%-მა და ვაჟ სტუდენტთა 38%-მა დაამთავრა.
მეორე ადგილს იკავებდა ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, რომლის კურსდამთავრებულიც ქალ სტუდენტთა 19%, ხოლო ვაჟ სტუდენტთა 22% იყო.
სხვა პროგრამების მიხედვით კი მონაცემები ასეთია:
- მეცნიერება – ქალი – 9%, ვაჟი – 12%;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – ქალი – 9%, ვაჟი – 3%;
- საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – ქალი – 2%, ვაჟი -11%;
- სხვა – ქალი – 11%, ვაჟი – 14%.
ამავე თემაზე:
„სახელმწიფოს მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო დაკვეთაზე“




